თეა წულუკიანი: ჩვენ ოპონენტების გაქრობა კი არ გვინდა, სასიცოცხლოდ და წყალივით გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ოპონენტი, მაგრამ ის, ვინც აწამებდა, აუპატიურებდა, ართმევდა, ვერ იქნება პოლიტიკური ველის დამაბინძურებელი

ჩვენ ოპონენტების გაქრობა კი არ გვინდა, სასიცოცხლოდ და წყალივით გვჭირდება რაც შეიძლება მეტი ოპონენტი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ხალხი საჭიროა და მივესალმები, რომ შემოვიდნენ პარლამენტში. ხანდახან გამოცდილება აკლიათ, შეიძლება გაგეღიმოს, პირადად მე ხანდახან მეღიმება რაღაცებზე. ძალიან მნიშვნელოვანია მათი პარლამენტში ყოფნა. ჩვენ ასევე გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი პარტია ჩამოყალიბდეს. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა გაგვაგონონ თავიანთი ხმა პარლამენტში, საკრებულოებში. ეს უმნიშვნელოვანესია იმიტომ, რომ მგონი ამ ეთერში და კიდევ სხვა ეთერებში ათეულობით მაქვს ერთი და იგივე ნათქვამი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იქნება მუდმივად ხელისუფლებაში. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური კანონზომიერებაა. ამიტომ, უნდა არსებობდეს შემცვლელი.

პარლამენტში როდესაც არის, ვთქვათ ორი ოპოზიციური ჯგუფი, ეს არის „ხალხის ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“, ზოგიერთ ჩასაფრებულ ადამიანს ჰგონია, რომ ისინი მუდმივად ტაშს გვიკრავენ ყველაფერზე. ეს ნამდვილად ასე არ არის, არის ხოლმე ისეთი შიდა ჭიდილი და განხილვები, რომ ყოფილა მათი აზრის არაერთხელ გათვალისწინება. ზოგი პარტია ასეთ ფორმას ირჩევს, ზოგი პარტია ირჩევს სხვა ფორმას, მაგრამ მთავარია, რომ არსებობდეს განსხვავებული აზრი. ოპონენტს რომ ვეძახით, ეს საჭიროა იმიტომ, რომ რაც არ უნდა მე ან ჩემნაირებს, ჩვენი გუნდის წევრებს განსხვავებული აზრი გვქონდეს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. გვაქვს პარტიული დისციპლინა, სხვანაირად პარტია არ არსებობს და განსხვავებული აზრისთვის არის ოპოზიცია. მან უნდა თქვას ის, რაც არის სათქმელი.

შესაბამისად, ჩვენ წყალივით გვჭირდება განსხვავებული აზრი, მაგრამ ის, ვინც აწამებდა, აუპატიურებდა, ართმევდა, ახალაიების, მეგის ქარდავას, ზურა ადეიშვილის, სხვათა და სხვათა ხელით და მიშა სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ასევე ერთ-ერთ სქემაში ძალიან აქტიურად იყო ბიზნესის რეკეტში ჩართული „თიბისი ბანკი“, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ეს ხალხი ვერ იქნება პოლიტიკური ველის დამაბინძურებელი იმიტომ, რომ ისინი უშლიან ხელს იმას, რომ აღმოცენდეს რეალური, მწვავე, გნებავთ მკვახე, გნებავთ აგრესიული, მაგრამ ჯანსაღი ოპოზიცია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები