რუსთავის საკრებულოში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების შესახებ იმსჯელეს

რუსთავის საკრებულოში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა ეკოლოგიური კუთხით ქალაქში არსებული გამოწვევები, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსთან ერთად განიხილა.

„რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ბოლო წლებში გაწეული სამუშაოს შედეგები და სახეზე გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო მიზანი უკვე მიღწეულია. ჩვენი მიზანი, რუსთავის ეკოლოგიაზე ზრუნვაა და არა საწარმოების დაჯარიმება. რუსთავის საკრებულო, მერია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ერთობლივ ღონისძიებებს, არსებული გამოწვევების დაძლევამდე აქტიურად გავაგრძელებთ”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა რეხვიაშვილმა.

საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, შეხვედრას რუსთავის ვიცე-მერი კახა გურული და მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ევტიხ ხაჩიძე დაესწრნენ.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად რუსთავის ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია. ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს ახორციელებს რუსთავის მერია. ქალაქში შექმნილია ახალი რეკრეაციული სივრცეები და საგზაო ინფრასტრუქტურა, განხორციელებულია ენერგოეფექტური პროექტები და რუსთავს ეკოლოგიურად სუფთა მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურება. დაწყებულია ჭალის ტყის აღდგენა. პოზიტიური ცვლილებები სახეზეა, როგორც სამრეწველო ემისიების, ისე ჰაერში მტვრის ნაწილაკების წარმოქმნის კუთხითაც.

რუსთავის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, იმ პრობლემებზეც იმსჯელეს, რაც პოზიტიური დინამიკის მიუხედავად ქალაქისთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება და ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები დასახეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები