გიორგი ბარამიძე: მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში პუტინის დავალებით გადაიყვანეს

ეს ყველაფერი ხდება პუტინის დავალებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პუტინის მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი დააშინოს და გაანადგუროს.

„რამდენიმე საათის წინ, საქართველოში მძვინვარე მოღალატეთა, კრიმინალთა რუსულმა რეჟიმმა და ბანდამ გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილი გადმოიყვანოს სამკურნალო დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში. ეს ხდება ყველაფერი პუტინის დავალებით, რადგანაც პუტინის მიზანი და პუტინის გეგმის მთავარი ხაზი არის ბრძოლა დამოუკიდებელ, თანამედროვე სახელმწიფოსთან, რომლის მშენებლობის სიმბოლო არის პრეზიდენტი სააკაშვილი. ამ რეჟიმის, პუტინის მიზანია, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, „ნაციონალური მოძრაობა“ დააშინოს და გაანადგუროს. ვერაფერს ამას, ეს მოღალატეთა ბანდა პუტინის გეგმის შესაბამისად ვერ მიაღწევს. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მისი თანამებრძოლები, ვინც აქ, სიმბოლურად მოვედით რუსთავის ციხესთან და ასობით ათასი იმ იდეის მხარდამჭერი, რა იდეაზეც დგას „ნაციონალური მოძრაობა“. რასაც ჰქვია თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, დემოკრატიული, ერთიანი სახელმწიფო, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, გამთლიანებული სახელმწიფო – აი, ამ იდეების ერთგული ადამიანები გავაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია – თავისუფლება პუტინის პირად ტყვესა და მძევალს მიხეილ სააკაშვილს.

ჩვენი გეგმაა სიმტკიცე, ბრძოლა მშვიდობიანი. ამ რეჟიმთან დაპირისპირება ყველა კონსტიტუციური მშვიდობიანი მეთოდით“, – განაცხადა ბარამიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები