ნანა კაკაბაძე: გამოვედით ნეიტრალიტეტის ინიციატივით და მოვთხოვეთ „ქართულ ოცნებას“, მკაფიო მესიჯები ევროკავშირთან მიმართებაში – იმ ორგანიზაციებში გაწევრიანებისკენ მისწრაფება, სადაც შენს ქვეყანას სუვერენიტეტს ულახავენ, თავის მოტყუებაა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
კაკაბაძე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოთქმულ შეფასებებს ეხმიანება.
„„ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უცოდინარობა – ძალა“ (ჯორჯ ორუელი).
დღევანდელი საქართველოს მიმართ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან გამოთქმული შეფასებები ჯორჯ ორუელის უკვდავ თხზულება „1984“-ს გვახსენებს, რომელსაც შეესიტყვება ქართულ რეალობაში კარგად ცნობილი ლიტერატურული პერსონაჟის არქიფო სეთურის მოწოდება თავისი მოახლისადმი: „უკუღმა ასინეთა, უკუღმა!“ გავიხსენოთ საქართველოსადმი ამ სტრუქტურების თუ კონკრეტული ევროპარლამენტარების დამოკიდებულება:
1. ამერიკული „ფარას“ მსგავსი კანონის მიღება ევროპული ქვეყნებისთვისაც კარგი და საჭიროა, მაგრამ „ფარას“ ზუსტი ანალოგის კანონის მიღება საქართველოსთვის დამღუპველია, რადგან თქვენთან ეს კანონი რუსულიაო;
2. რუსეთთან ომი საქართველოსთვის კარგი და სასარგებლოა, დასავლეთისთვის – ცუდი და საშიშიაო;
3. სააკაშვილის რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო, ოცნების მმართველობა – სისხლიანიაო;
4. მიშას დროს თქვენი მშვიდობიანი მასშტაბური პროტესტები, სადაც ფოთოლი არ ჩამოვარდნილა, რადიკალიზმი იყო, მიშისტების დღევანდელი აქციები კი, სადაც სამთავრობო შენობები, პოლიციელები, კერძო თუ სახელმწიფო ქონებები იწვოდა და ნადგურდებოდა – მშვიდობიანი პროტესტიაო;
5. არჩეული ხელისუფლება არალეგიტიმურია, ხოლო ამომრჩეველთა უმრავლესობის მხრიდან 10 ჯერ დაწუნებული ოპოზიცია ლეგიტიმურიო;
6. ვადაგასული პრეზიდენტი ლეგიტიმურია, ხოლო პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი – არალეგიტიმურიო.
7. დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, სადაც ვერც ოპოზიციამ და მათმა წარმომადგენლებმა, ვერც საერთაშორისო დამკვირვებლებმა ვერ წარმოადგინეს მასობრივი გაყალბების ვერც ერთი ნიმუში, მაინც გაყალბებულია, რადგან ევრო-მონებმა ვერ გაიმარჯვეს და ვერ მოვიდნენ ხელისუფლებაში.
8. ევროკავშირი არავის აძალებს ლგბტ თემთან დაკავშირებით მათ მიერ აღიარებული კანონმდებლობის მიღებასო და ამავე დროს იღებს 2026-2030 წლების სამოქმედო გეგმას, რომლითაც ნებისმიერი არასრულწლოვანიც უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ ჩაიტაროს სქესის შეცვლის ოპერაცია მშობლების დაუკითხავად და ამ კანონის მიღება ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ყველა ქვეყნისთვის სავალდებულო იქნებაო.
9. ევროპაში (მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში) რადიკალური პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება და გაუქმება დემოკრატიაა, ხოლო საქართველოში იგივე ქმედება – დიქტატურაო.
10. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების შედეგად გამოქვეყნებული რეიტინგებით კანონის უზენაესობის ინდექსით, კორუფციის აღქმის ინდექსი, ადამიანური განვითარების ინდექსით, ეფექტიანი მმართველობის ინდექსით, ადამიანის თავისუფლების დონის ინდექსით საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას და მოლდოვა-უკრაინას ბევრად უსწრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ეკონომიკური ზრდის ტემპზე (საქართველო -9.4%, მოლდოვა – 1,5%, უკრაინა 2,5%), მაგრამ ევროკავშირი გვიცხადებს, უკრაინა და მოლდოვა საქართველოს ყველა პარამეტრით უსწრებსო.
ამიტომ და მხოლოდ ამიტომ გამოვედით ნეიტრალიტეტის ინიციატივით და მოვთხოვეთ „ქართულ ოცნებას“, მკაფიო მესიჯები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში, რადგან იმ ორგანიზაციებში გაწევრიანებისკენ მისწრაფება, სადაც შენს ქვეყანას სუვერენიტეტს ულახავენ, არაობიექტურად აფასებენ, სადაც არც გელიან, მხოლოდ თავის მოტყუება და მოქალაქეების ილუზიების ტყვეობაში დატოვებაა“, – წერს ნანა კაკაბაძე.