ბრიუსელმა თავად შეიყვანა ჩიხში საკუთარი თავი. თუ მართლა სურს ბრიუსელს, რომ იხილოს საქართველო ევროკავშირში, უნდა გამონახოს გზა, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი არ ესაუბრება საქართველოს ხელისუფლებას და დიალოგის გარეშე ჩიხიდან გამოსავალი არ არსებობს.
„რთულია ამოიცნო დღეს, რა შეიძლება იყოს მიზანი ბრიუსელის ასეთი დამოკიდებულებისა საქართველოს ხელისუფლებასთან. არჩევნები შედგა, ქართველმა ხალხმა აირჩია ეს ხელისუფლება და არჩევანი გაკეთებულია. ბრიუსელმა თავად შეიყვანა ჩიხში საკუთარი თავი თავისივე გადაწყვეტილებებით მაშინ, როდესაც თქვა, რომ კანონის მიღების გამო, კანონი მიიღო პარლამენტმა საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამის გამო მე ქვეყანასთან ვწყვეტ ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ამის შემობრუნება უკან მარტივი არ არის, ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში რომ შეიყვან საკუთარ თავს.
რას ნიშნავს კანონი გააუქმე? მე გიმტკიცებ შენ, რომ ეს სჭირდება ჩემი ქვეყნის ინტერესებს, უსაფრთხოებას. გახსოვთ ალბათ თქვენც პრემიერ-მინისტრის არაერთი შეთავაზება – მობრძანდით, ვისაუბროთ და მე თქვენ აგიხსნით, რატომ სჭირდება ეს კანონი ჩემს ქვეყანას. თუმცა ეს არავინ გააკეთა, არავის მოუსმენია და პირდაპირ გადაწყვეტილება იყო, რომ მოდი მე თქვენ არ დაგელაპარაკებით. ახლა ამის შეცვლა არ არის მარტივი და არ არის მარტივი, გამოსავალი მოძებნონ. მოდი ასე ვთქვათ, ბრიუსელის შეყვანილია ეს პროცესი ერთგვარად ჩიხში და მე მოველი, რომ ისევ მათ უნდა გააკეთონ გარკვეული ნაბიჯები იმისთვის, რომ ეს პროცესი გამოვიყვანოთ ჩიხიდან.
კიდევ ერთი რამ არის აქ საყურადღებო, ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ხმამაღალი განცხადებები, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგანან და ქართველი ხალხის მისწრაფებებს უჭერენ მხარს. დავარქვათ ამ განცხადებასაც ტყუილი. იმიტომ, რომ მითხრას ვინმემ ერთი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გაიარა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ბრიუსელის ხელისუფლებასთან დიალოგის გარეშე. შენ თუ ხელისუფლებას არ დაელაპარაკები, როგორ შეიძლება მოახვედრო ქვეყანა ევროკავშირში, როცა მე მიმტკიცებ, რომ ამ ხალხის ევროპულ მისწრაფებებს უჭერ მხარს. ასე რომ ასეთი მანიპულაციური განცხადებები ალბათ უნდა დასრულდეს და რაღაცნაირად უნდა ვიპოვოთ გზა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ, პარტნიორულ ურთიერთობებს, როდესაც საერთო ინტერესებით ვივლით. ჩვენ არ გვითქვამს უარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ჩვენ არ გვითქვამს უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და თუ მართლა სურს ბრიუსელს, რომ იხილოს საქართველო ევროკავშირში, ბუნებრივია გზა უნდა გამონახოს, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.