თინა ხიდაშელი: ასეთი უმწეო “ნაცები” მე არ მახსოვს
“მომავალ არჩევნებზე ბევრად უკეთესი იქნებოდა 3-4 დიდი პოლიტიკური ძალა, რომელიც მესამე და პირველი “ძალობისთვის” იბრძოლებდა”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
რაც შეეხება ოპოზიციას – ხიდაშელის თქმით, მას “ასეთი უმწეო “ნაცები” არ ახსოვს.
“პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა ფრთით არის წარმოდგენილი. სხვათა შორის, 12 ივნისს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არშეხვედრის მიზეზი ძალიან უსუსური იყო: მე არ მახსოვს ასეთი უმწეო “ნაცები”. გაუგებარია იმ ოპოზიციური ძალის ლოგიკა, რომელსაც უმწვავესი დებატები აქვს ხელისუფლებასთან, ეუბნება, პრორუსული ხარო და მისთვის პარლამენტში კითხვების დასმის შესაძლებლობა არ გამოიყენოს. ღარიბაშვილმა წინასწარ თქვა, რომ კითხვებს არ უპასუხებდა – აბა, რას იტყოდა?! “ნაციონალების” ბუნება რომ ვიცი, ამის გამო მათი გაჩუმება წარმოუდგენელია და ეს არგუმენტი ძალიან სასაცილოა. რაც შეეხება პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს – მე მათაც ორად გავყოფდი: ისინი, ვინც უკვე ჩამოყალიბებულნი არიან პოლიტიკურ პარტიებად და ვინც, სავარაუდოდ, არჩევნების დროს შეუერთდებიან ვინმეს… ვფიქრობ, პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალები უნდა დაფიქრდნენ, ბრძოლას, რომელშიც ჩართვა პირველად გადაწყვიტეს, ხომ არ იწყებენ ასეთი განაცხადით, მე ჩემი ხალხი და ჩემი ძალა მყავს, საბოლოოდ რა მოხდება, არ მაინტერესებსო. ასეთი მიდგომით ისინი იმ პოლიტიკურ ძალებს წაართმევენ ხმებს, რომელთაც ცვლილების რეალური შესაძლებლობა აქვთ.
რაც შეეხება არჩევნებს – მომავალ არჩევნებზე ბევრად უკეთესი იქნებოდა 3-4 დიდი პოლიტიკური ძალა, რომელიც მესამე და პირველი “ძალობისთვის” იბრძოლებდა. არ ვგულისხმობ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”, ასევე, მის განშტოებებს. ის პირველი ძალა იქნებოდა იმ პირთა ერთობა, რომლისთვისაც დღევანდელი და გუშინდელი ხელისუფლება თანაბრად მიუღებელია. დღეს არჩევანი სწორედ ასე დგას – ახალი კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შესვლის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალებისგან ძალიან საინტერესო მთავრობასა და მმართველობის სისტემას მივიღებთ. ახლა კი მათ მხოლოდ იმის შანსი აქვთ, ამ ბრძოლაში ერთმანეთი დაჩეხონ და, საბოლოოდ, გზა ისევ ამ ხელისუფლებას გაუხსნან.
“ლელოს” დღემდე იმედით ვუყურებ და ვხედავ კიდეც მისი წარმატების შესაძლებლობას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანებს შემოიკრებენ, რომელთაც სურთ, მოქმედი და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აღარ დატოვონ… “ლელო” დატოვა ლაშა ბაქრაძემ, მე არ ვემხრობი პირველივე შემთხვევაზე ბრძოლის ველიდან გაქცევას – თუ არ შეუძლია სხვადასხვა სახის ზეწოლის გაძლება, პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის. თუმცა ლაშა ამ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ფიგურად დარჩება. მისი პერსონა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ის არასდროს არცერთ პოლიტიკურ პარტიაში ყოფილა”, – აცხადებს ხიდაშელი.