“კაცობრიობისთვის მოვლენილ განსაცდელს, ღვთის შეწევნით დავძლევთ” – ოჭანეს მონასტრის დედაოები

ადამიანები, რომლებმაც თავი უფალს მიუძღვნეს, მუდმივ ლოცვასა და შრომაში არიან და ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, თითოეული ჩვენგანისთვის ყოველდღიურად, გულმხურვალედ ლოცულობენ, დედაოები არიან. 
“რეგიონული კვირა” ოჭანეს დედათა მონასტერზე გიამბობთ, სადაც სულ ოთხი მორჩილი, ხუთი მონაზონი და ერთი იღუმენია მოღვაწეობს. დედაოები დღეს 04:00 საათზე ცისკრის ლოცვით იწყებენ.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში შემავალი, ოჭანეს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი, რომელიც არსებობის მეცხრე წელს ითვლის, სპეციალურად „რეგიონული კვირისთვის“ გაიღო. იგი ქალაქ ჯვარში, ზუგდიდიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს.

მორჩილების, ტიპიკონისა და სხვადასხვა საქმის გარდა, მონაზონ-მორჩილები აქ ქარგვას, კერვას, და ქარგვით ხატწერას მისდევენ.

როგორც მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დინარი გვიყვება, საქარგავი მანქანა პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გამარჯვების შემდეგ შეიძინეს, ფართის სიმწირნს გამო ახლა მისაღები ოთახი საქარგავი ოთახის ფუნქციასაც ასრულებს.

ქარგვით ხატწერას, ძირითადად დედა სვინკლიტიკია ასრულებს. ახლა ქრისტეს ხატს ქარგავს როგორც თავად გვიყვება ქარგვით ხატწერას უდიდესი ყურადღება, შრომა და დრო სჭირდება. დედა სვინკლიტიკია ტაძარში 16 წლის ასაკში, ფაქტობრივად სკოლის მერხიდან მოხვდა.  წარმოშობით ოკუპირებული აფხაზეთიდანაა, სოხუმი ბუნდოვნად ახსოვს, თუმცა მისი უდიდესი სურვილი კვლავ უცვლელია – ილორის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცოს.

ყველაზე მხცოვანი წევრი, მორჩილი ეთერი, დედათა მონასტერში 2014 წელს მივიდა. ახლა 75 წლისაა, როგორც თავად ამბობს მონასტერში  მისვლა ცოტა დააგვიანდა, მაგრამ აქვე ღიმილით დასძენს – „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“. მონასტერში მისვლის შემდეგ, ხუცურად კითხვაც ისწავლა.

დედაოებმა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით და მეუფე გერასიმეს კურთხევით, მრევლისთვის, ასეულობით პირბადე და სადეზინფექციო ხსნარი დაამზადეს. როგორც დედები ამბობენ, კორონავირუსი ეს კაცობრიობისთვის მოვლენილი განსაცდელია, რომელსაც მრევლი და კაცობრიობა ღვთის შეწევნით დაძლევს.

სამონასტრო კომპლექსში არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მშენებლობა, ადგილობრივი ბიზნესმენის ლევან მატუას სახელს უკავშირდება, რომლის ძალისხმევით ერთ დროს ხრიოკად ქცეულ ადგილას, დღეს ულამაზესი წალკოტია გაშენებული. იგი 2016 წელს გარდაიცვალა და მონასტრის ეზოშია დაკრძალული.

სოფიო კაკაჩია

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები