სანდრო თვალჭრელიძე: ჯერჯერობით, რასაც ვუყურებთ, ამ ხელისუფლებამ კრიზისის მართვის კარგი უნარები გამოავლინა
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითო ქვეყანა გახდა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კრიზისის მართვის კარგი უნარები გამოავლინა.
“გიორგი გახარიამ გეგმის პრეზენტაცია გამართა, ჩვენ არ გვინახავს თავად გეგმა, რომელიც, იმედია, არსებობს მრავალათეულ ფურცელზე. შესაბამისად, მხოლოდ პრეზენტაციის მიხედვით ღრმა ანალიზი და კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმა შეუძლებელია. მხოლოდ ის შემიძლია, ჩემი შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. თავიდანვე გეტყვით, რომ ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, თითქოს ეს არის მხოლოდ სოციალური მიმართულების პროექტი და მასში ეკონომიკური სტიმულირების ნიშნები არ ჩანს. მიაქცევდით ყურადღებას, გარდა სოციალური, ანუ ადამიანის დახმარებაზე ორიენტირებული ჩამონათვალისა, იქ არის ძალიან ბევრი ინიციატივა, რომლებიც აკუმულირებული თანხების სოფლის მეურნეობასა და სტარტაპების დაფინანსებაზე დახარჯვას ითვალისწინებს, რაც ასევე გულისხმობს წარმოების დაფინანსებასა და ადგილობრივი კომპანიების ხელშეწყობას.
ვფიქრობ, თუ გათვლები სწორად არის გაკეთებული და თუ მენეჯმენტიც შესაბამისი იქნება, აუცილებლად შეიქმნება გარემო ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად. ეკონომიკისა და ბიზნესის სტიმულირებაზე უფრო მეტად ორიენტირებული, ვფიქრობ, პოსტკრიზისული გეგმა იქნება, რაზეც ასევე ილაპარაკა გახარიამ. უკვე 26 წელია ლამის ვყვირი და არავინ მიგდებს ყურს, რომ შეუძლებელია ქვეყანა არსებობდეს მხოლოდ იმპორტის იმედად. საყოფაცხოვრებო, სამრეწველო პროდუქციის, სულ მცირე, 60% მაინც ქვეყანაში უნდა იქმნებოდეს. კორონავირუსულმა პანდემიამ ჩვენს ქვეყანას და, საზოგადოდ, მთელ დანარჩენ მსოფლიოს, აჩვენა, რომ იმპორტზე გასატანი საქონელი მცირდება, ყველა ქვეყანა თავის მარაგებს უფრთხილდება და დადგა დრო, როდესაც ყველა სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს საკუთარი წარმოების განვითარებაზე. სასაცილოა, რომ საქართველოში, სადაც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის თიხა გვაქვს, არ არსებობს კერამიკული წარმოება, ჯამ-ჭურჭელიც კი იმპორტირებული გვაქვს. არ შეიძლება არ იწარმოებოდეს კაფელი ქვეყანაში, სადაც ასეთი ნედლეული არსებობს. ახლა მაინც უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა გააკეთა. ამ ქვეყანაში 1993 წელს ვიყავი და ბევრი არაფერი ჰქონდათ, საქართველოდან გაჰქონდათ უამრავი პროდუქტი, ახლა კი ყველაფერი თურქეთიდან შემოგვაქვს. ხარისხიანია თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, თურქეთში ადგილობრივი წარმოება მუშაობს. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც. დღეს შექმნილმა ვითარებამ გვიჩვენა ისიც, რომ მხოლოდ ტურიზმითაც ვერ იცხოვრებს ქვეყანა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რაც წარმოგვიდგინეს, არ ტოვებს მხოლოდ სოციალური პაკეტის შთაბეჭდილებას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მასშტაბურია სოციალური მიმართულება იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ღარიბი სახელმწიფო. უკვე ითქვა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, სახელმწიფო 1.200 ლარს გადაუხდის 6 თვის განმავლობაში, ანუ 200 ლარს თვეში. ცოტაა 200 ლარი? – რა თქმა უნდა, ცოტაა, მე ამ ოდენობის პენსია მაქვს, სიამოვნებით არ ვიმუშავებდი, შესაძლებელი რომ იყოს პენსიით ცხოვრება, მაგრამ სულ არაფერს სჯობია. ჩემი აზრით, რაც შეუძლია სახელმწიფოს, ცდილობს გააკეთოს. ვნახოთ, რა გამოვა საბოლოოდ… ოპოზიციის საქმეა კრიტიკა. დამერწმუნეთ, ეგენიც რომ იყვნენ ხელისუფლებაში, მეტს ვერაფერს შეძლებდნენ. თუ გახსოვთ, ნათელაშვილი ითხოვდა, ყველას, ვინც სამუშაო დაკარგა, 1000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცითო, უფრო მეტს აძლევენ. მერე გადააკეთა, თვეში ვამბობდიო, არადა, ანგარიში იცის? მაგდენის გაცემა 6 თვის განმავლობაში, სულ ცოტა, 350 000 ბენეფიციარისთვის რამდენია, დათვალა? შეიძლება მეც ბევრი რამ მოვითხოვო, მაგრამ შეუძლებელს ვერავინ შემისრულებს.
აქვე ვიტყვი, რომ მხოლოდ თანხების გამოყოფა არ არის საკმარისი. ამ ყველაფერს კარგი მენეჯმენტი უნდა. იქნება გადაცდომები? რა თქმა უნდა, იქნება. ვიღაც-ვიღაცები შეეცდებიან ამ თანხებში ცუდად აფათურონ ხელი – ესეც იქნება, მაგრამ მთავარია, შესაბამისი ორგანოები იყვნენ ფხიზლად და მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც ამ კრიზისში ხელის მოთბობას შეეცდება. ისევე, როგორც კორუფციის ბრალდებით დაისაჯა არაერთი ჩინოსანი ამ ხელისუფლებამ. მოკლედ, ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება გეგმის სწორად, დეტალურად გაწერასა და მის სწორ მენეჯმენტზე. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ჩემი და ბევრის გასაკვირად, ამ ხელისუფლებამ კრიზისის მართვის კარგი უნარები გამოავლინა. რეგიონებშიც კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ კარგად მუშაობენ. რაც მთავარია, მონდომება ჩანს და აშკარად არ არის მოჩვენებითი მათი მოქმედებები.
დახმარებისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი – თავიდანვე ცხადი იყო, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს არ მიატოვებდნენ, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ეს არის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ვითარდება; მეორე – საქართველოში კორუფციის დონე საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალია; მესამე და უმნიშვნელოვანესი – ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებული ქმედითი ღონისძიებები. მეტიც, საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითო ქვეყანა გახდა. როგორც უნდა იყვირონ ჩვენი ხელისუფლებისა და სამედიცინო სისტემის კრიტიკოსებმა, მათ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელება ეფექტიანად შეაკავეს. ნუ დაგავიწყდებათ ასევე, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყანა, ბევრი მიზეზის გამო, მისი ერთადერთი დასაყრდენია ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს რეგიონში. მოკლედ, ყველაფერს აქვს თავისი ფასი. აუცილებლად უნდა ვახსენო საერთაშორისო სამხედრო მისიებში საქართველოს მონაწილეობაც, რასაც ასევე არ ივიწყებენ ჩვენი პარტნიორები. რაც შეეხება რეგულაციებს – ჩემი აზრითაც, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ ცოტა გადაამეტა, მაგრამ მისი სიფრთხილე აიხსნება იმითაც, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა მნიშვნელოვან პერიოდს – სააღდგომო დღესასწაულს, რომელიც ტრადიციულად დიდ მისვლა-მოსვლასა და მჭიდრო ურთიერთობებს გულისხმობს. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ავტომანქანებით მიმოსვლის აკრძალვა, რაც, ალბათ, კიდევ ერთი კვირით იმიტომ გააგრძელეს, რომ ხალხის სასაფლაოებზე გასვლისგან მაქსიმალურად დაეზღვიათ თავი. არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს კომპანია “ჯიბე”. ბოლო დღეებია, რაც მისი არსებობის შესახებ გავიგე, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი დაზუსტებით – როდესაც ერთი კომპანიაა ნებისმიერ ბაზარზე წარმოდგენილი, ეს ყოველთვის ცუდია. ბუნებრივად ტოვებს მონოპოლისტის შთაბეჭდილებას და აჩენს კითხვებს. მით უფრო, ფაქტია, საქმესაც ვერ ართმევს თავს, თორემ არ მოხდებოდა ის, რაც მარნეულში მოხდა. მარტო აქციას არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ აქციის მეორე დღესაც, როდესაც ჩავიდნენ პროდუქტის წამოსაღებად, რაც ისევ ხალხმრავლობის მიზეზი გახდა, რადგან ეს ორგანიზებულად არ გააკეთეს. ამაში ბრალი მიუძღვის ადგილობრივ ხელისუფლებასაც. ვფიქრობ, სხვა სადისტრიბუციო კომპანიებსაც უნდა მისცენ რეგიონებიდან პროდუქტის ჩამოტანის უფლება. ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებასაც სტრესულ ვითარებაში მუშაობა უწევს. კრიზისში ცხოვრებასა და მოქმედებას ყველა მიუჩვეველი ვართ, შესაბამისად, შეცდომებსაც ვუშვებთ. მთავარია, შეცდომა დროულად გამოსწორდეს, თუ არ გამოსწორდა და ისევ ერთი კომპანია დარჩა ამ ბაზარზე, მაშინ უკვე სერიოზულად უნდა მოვითხოვოთ კითხვებზე პასუხები”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე – “ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა წარედგინა ვიცე-პრემიერად საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. ამ საკითხს ოფიციალური თბილისი ძალიან მწვავედ გამოეხმაურა”, – ექსპერტი პასუხობს, რომ კიდევ უფრო მწვავე და მკაცრი განცხადებების გაკეთებაც შესაძლებელი იყო.
“კიდევ უფრო მწვავე და მკაცრი განცხადებების გაკეთებაც შეიძლებოდა. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოა საქართველო და უნდა დასრულდეს ეს ლაფის შესხმა. არ მესმის, საქართველოს ერთი ყოფილი მოქალაქე უკრაინას ერთადერთი სტრატეგიული მეგობრის დაკარგვად უღირს? საერთაშორისო სარბიელს გადახედონ – ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომელიც მუდმივად მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ. თუ ჰგონიათ უკრაინაში, რომ გახარია ვერ გაბედავს იმას, რაც ვერ გაბედეს მისმა წინამორბედებმა, როცა ოდესის გუბერნატორად დაინიშნა სააკაშვილი, ძალიან ცდებიან. თავის დროზე საქართველოდან დიდი ფული გადიოდა ლობისტებისთვის. ვეჭვობ, ახლაც იმ ფულის წყალობით ლობირებს ზოგიერთი ძალა სააკაშვილს და უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ. თუ სააკაშვილი მართლაც დანიშნეს, ვფიქრობ, ასეთი სილის გაწვნა ჩვენმა სახელმწიფომ აღარ უნდა მოითმინოს. ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ თუ მართლა დანიშნავს სააკაშვილს, იგივე ელის, რაც დაემართა პოროშენკოს – სააკაშვილი სულ რაღაც 6 თვეში პოროშენკოს მტრად იქცა.
მალე ზელენსკიც იძულებული გახდება სააკაშვილი სამსახურიდან გაუშვას. მეტიც, შეიძლება ქვეყნიდან მისი გაძევებაც დასჭირდეს”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.