რამაზ საყვარელიძე: დღევანდელი ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობა ეფექტიანად მოქმედებს, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა, მაგრამ არა – ნახტომისებურად

“დღევანდელი ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობა ეფექტიანად მოქმედებს, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა, მაგრამ არა –  ნახტომისებურად. სხვა სახელმწიფოებს რომ შევადაროთ, ეს რიცხვი საკმაოდ დაბალია და, იმავდროულად, დღითი დღე იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვიც, შედეგები მრავლისმეტყველია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

პოლიტოლოგმა ინტერვიუში მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

“ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესები ბევრ ეჭვს აჩენს. ინტერნეტსივრცე აჭრელებულია მძიმე კითხვებით, მაგალითად, ეს ვითარება ბუნებრივად შეიქმნა თუ ხელოვნურად მისცეს ბიძგი, ვინ სარგებლობს და ვინ ითბობს ხელს ამ მძიმე პროცესებით და ა.შ. იმედია, როდესაც პანდემია დასრულდება, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. რაც შეეხება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოუმზადებლობას – რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის გამოცდილება იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ ევროპის დიდი ნაწილიც და ამერიკის შეერთებული შტატებიც ნამდვილად მოუმზადებლად შეხვდნენ ამ დიდ პრობლემას. თუ საქართველომ მოახერხა და ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეანელა, რაც იმედია, ასევე გაგრძელდება და ჩვენს სამედიცინო სისტემას გაუსაძლისი ტვირთი არ დააწვა, აუხსნელია, რატომ ვერ შეძლეს ეს ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყნებმა?! არსებობს მოსაზრება, რომ დრო იყო ცოტა და ვირუსი იმაზე სწრაფად გავრცელდა, ვიდრე მასზე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენც ხომ ასეთი მწირი ინფორმაციის პირობებში გვიწევდა მუშაობა? აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ თითოეულ ქვეყანაში უფრო სუბიექტური მიზეზებია ვითარების განმაპირობებელი, ვიდრე ობიექტური, ანუ თვითონ ქვეყნები შეხვდნენ პრობლემას ნებიერად, შეიძლება ითქვას, დაუდევრადაც. დიდი გულისტკივილით ვამბობ, რომ ამის მაგალითად იქცა იტალია, სადაც, შეიძლება ითქვას, ევროპაში ყველაზე უდარდელი ხალხი ცხოვრობს. შედეგად, მათ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიიღეს. მათთვის უჩვეულო უდარდელობა გამოამჟღავნეს ბრიტანელებმაც და აგერ, პრემიერი ჰყავთ კორონავირუსით დაინფიცირებული. უდარდელობის ნიშნები ჩანდა დონალდ ტრამპის პირველ განცხადებებშიც და ვხედავთ, რომ ამერიკა პანდემიის ეპიცენტრი ხდება. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვითარებას ეს ზესახელმწიფო მალე გაართმევს თავს. მოკლედ, ვფიქრობ, ეს უდარდელი და ზერელე დამოკიდებულება შეიქნა უმთავრესი მიზეზი იმისა, რაც მსოფლიოში ხდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ თვითონ კორონავირუსის ინფექცია იოლი პრობლემაა, მაგრამ ჩინეთის მაგალითი, ის, რომ ამ ქვეყნის მიდგომამ ვირუსი სწრაფად დაამარცხა, იძლევა იმედს, რომ სხვა სახელმწიფოებიც შედეგიანად და სწრაფად გაუმკლავდებიან მას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები უფრო ძლიერად უნდა დახვედროდნენ მომხდარს, რადგან დაახლოებით 2015 წლიდან მოყოლებული, სამეცნიერო წრეებში სულ ისმოდა ლაპარაკი და ვარაუდები, რომ გლობალური კატაკლიზმების გამო, მსოფლიოს შეიძლებოდა ახალი დაავადებით გამოწვეული ეპიდემიის საფრთხე დამუქრებოდა. დღესდღეობით პანდემიის პიკია, თუმცა, ვფიქრობ, სახელმწიფოებმა უკვე უნდა დაიჭირონ თადარიგი პოსტკრიზისული ვითარებისთვის, რომელიც არანაკლებ მძიმე იქნება. პანდემიის გადავლის შემდეგ ყველა ქვეყანა, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად გაუმკლავდება შექმნილ კრიზისს, მაინც დამარცხებული იქნება, რადგან ეკონომიკური დანაკარგი ყველასთვის უდიდესია, შედეგად, სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდებიან. თანამედროვე ევროპის მთავარი პრინციპი სწორედ ღია საზღვრებია, მაგრამ, ვფიქრობ, კორონავირუსმა შეიძლება დააფიქროს ევროპის ქვეყნები იმაზე, არის კი თუნდაც ძალიან კარგი პრინციპების გატარებისას რადიკალიზმი სწორი სტრატეგია ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის? თანამედროვე ევროპულ ცივილიზაციაში შეიძლება სხვა ანალოგიური ტიპის თემებიც გადაიხედოს. გარდა ამისა, დიდი დარტყმა იწვნია ევროპულმა და განსაკუთრებით ამერიკულმა ბიზნესმა იმით, რომ უამრავი საწარმო გატანილი ჰქონდათ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ძირითადად, ჩინეთში, სადაც შექმნილი ვითარების გამო ყველა გაჩერდა და რიგ შემთხვევებში ჩინეთის ხელისუფლებამ კაპიკებად ჩაიგდო ხელში. მოსალოდნელია ასევე გაძლიერდეს პოზიცია, რომელიც ამ ვითარებამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ტრამპს, რომ ყველა ქვეყანამ უკან დაიბრუნოს თავისი საწარმოები. ამგვარი დამოკიდებულების გაჩენა კი, სავარაუდოდ, გააძლიერებს მემარჯვენე პოლიტიკურ განწყობებს მსოფლიოში”,- განაცხადა პოლიტოლოგმა.

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მუშაობას რაც შეეხება, საყვარელიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს.
“ჯერჯერობით, სახელმწიფო ეფექტიანად მუშაობს, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნაბიჯმა დააგვიანა. ვნახეთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მალევე მისი უფრო მკაცრი რეგულაციებით ამოქმედება გახდა საჭირო მარნეულსა და ბოლნისში – ანუ საგანგებო მდგომარეობის დროულად გამოცხადებამ თავიდან აგვაცილა საკანონმდებლო პროცედურებში დროის დაკარგვა და ხელისუფლებამ უცებ შეძლო კარანტინის გამოცხადება. დღევანდელი ვითარება ცხადყოფს, რომ მთავრობა ეფექტიანად მოქმედებს. დაინფიცირებულთა რიცხვმა მოიმატა, მაგრამ არა ნახტომისებურად. სხვა სახელმწიფოებს რომ შევადაროთ, ეს რიცხვი საკმაოდ დაბალია და, იმავდროულად, დღითი დღე იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვიც. შედეგები ისეთი მრავლისმეტყველია, ჩემი შეფასება არც არის საჭირო. რაც შეეხება იმას, თუ საბოლოოდ რამდენად დადებითი შედეგი გვექნება, ჯერჯერობით სამედიცინო თვალსაზრისით ამის თქმა რთულია, პიკი, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, წინ არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ მიღებული ზომები და რეგულაციები ნაყოფს გამოიღებს. უკვე ვთქვით, რომ კორონავირუსთან დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერავინ იქნება, მაგრამ იქნებიან, ალბათ, ნაკლებად და მეტად დაზარალებული ქვეყნები. იმედია, ჩვენ ნაკლებად დაზარალებულთა შორის ვიქნებით. მთავრობამ ამ ბრძოლაში წინ დააყენა პროფესიონალები, რომლებიც, თავის მხრივ, ამბობენ, რომ უმნიშვნელოვანესი იყო მთავრობისა და მისი მეთაურის, გიორგი გახარიას გაბედული ნაბიჯები – ანუ პროფესიონალების რეკომენდაციები სწრაფად და ეფექტიანად გაითვალისწინეს. მოკლედ, ამ ბრძოლაში ქართული წარმატების ფორმულა ასეთია: პროფესიონალიზმს დამატებული გაბედულება. ვფიქრობ, თუ ამ ანალიზის საფუძველზე გაკეთდება დასკვნა, რომ მომავალშიც, სხვადასხვა სირთულეების დროსაც, ქვეყანამ ამ პრინციპით იმოქმედოს, ცუდი არ იქნება”,- განაცხადა საყვარელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები