4 მარტიდან 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება

4 მარტიდან 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყდება. ამის შესახებ დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

პრემიერის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, 4 მარტიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეწყდება.

როგორც ცნობილია, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა საქართველოს ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე – რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

ამ გადაწყვეტილების კერძო სკოლებზე, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებზე სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებებმა პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები