ნინო წილოსანი: გორში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება ჰქონდა, ეს ვფიქრობ, რომ მყისიერად ნახა საზოგადოებამ – ექვსი პირია დაკავებული

“გორში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება და პასუხი ჰქონდა, ეს ვფიქრობ, რომ მყისიერად ნახა საზოგადოებამ – სრული აბსურდი და წარმოუდგენელი სიგიჟეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცით ცდილობს საკუთარ ხელისუფლებას ან საკუთარ მმართველობასთან გაავლოს პარალელი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ცდილობს, თავისი დანაშაულებრივი შავი ლაქა სხვას დააბრალოს.

„გორში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს როგორი რეაგირება და პასუხი ჰქონდა, ეს ვფიქრობ, რომ მყისიერად ნახა საზოგადოებამ. იმავე დღეს დაიწყო პროკურატურამ გამოძიება, მეორე დღეს კი ექვსი პირია დაკავებული. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სწორად აღწერს, რომ გადაცდომა იქნება თუ ნებისმიერი პირის მხრიდან ჩადენილი გარკვეული სამართლებრივი დანაშაული, შესაბამისად იქნება პასუხგაცემული. თუმცა, რა თქმა უნდა, სრული აბსურდი და წარმოუდგენელი სიგიჟეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცით ცდილობს საკუთარ ხელისუფლებას ან საკუთარ მმართველობასთან გაავლოს პარალელი. ეს იყო მოძალადე რეჟიმი, რომლის მმართველობის დროს სადღაც 150-მდე ადამიანი ჰყავდათ ქუჩაში მოკლული და თავისი დანაშაულებრივი ხელისუფლების პერიოდში კიდევ გაცილებით მეტი ნაცემი და დასახიჩრებული. წარმოუდგენელი ფაქტები ვიცით მათ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. მათ მუდმივად აქვთ მცდელობა, რომ თავისი დანაშაულებრივი, შავი ლაქა სხვას დააბრალონ ან მიაწერონ, თუმცა ეს არის დანაშაულები, რომელიც არავისთან არ შეიძლება რომ პარალელი გაავლოს. ეს იყო ძალადობრივი რეჟიმი, რომლის მაგვარი სახელმწიფოს არც ახსოვს და ალბათ არც ეყოლება.

სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არის სამართლებრივი და შესაბამისად ექვსი პირია დაკავებული. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად დაინახა, როგორი მკაცრი დამოკიდებულება გვაქვს ასეთი ფაქტების მიმართ. ასეთი ფაქტები შეიძლება ყველა ქვეყანაში მოხდეს. დანიასთან მიმართებით პრობლემა იყო ის, რომ ჩვენგან განსხვავებით არავინ არ დაგმო ეს ფაქტი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები