პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივები – „ტურიზმის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” სხდომაზე პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტები, მათი აღრიცხვისა და მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. ასევე, ცვლილებებით მოწესრიგდება რისკის შემცველ მომსახურებებთან დაკავშირებული საკითხები და ტერმინოლოგია.

ამასთან, კანონპროექტით ხელახლა განისაზღვრა კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საჯარიმო ნორმები, რაც სამართლიანობის, პროპორციულობის და ეფექტიანობის პრინციპებს ეფუძნება.

აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული გიდის და რისკის შემცველი მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება.

„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. საკანონმდებლო ცვლილებები ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, მომსახურების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის ზრდას”, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები