ნათია ჯანაშიას ქონება 60 მილიონ ლარს აჭარბებს – აფბამ საქართველოს უმდიდრესი ქალის აქტივები შეაფასა
„ნათია ჯანაშია დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონება და აქტივებიც 60 მილიონ ლარს აჭარბებს“, – ამის შესახებ „აფბას“ აუდიტორული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.
აფბას აუდიტორული სამსახურის ანალიტიკოსებმა ნათია ჯანაშიას აქტივები საჯარო წყაროებზე დაყრდნობით დაითვალეს და დაადგინეს, რომ მისი ქონება და აქტივები 60 მილიონ ლარს აჭარბებს.
„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ნათია ჯანაშიას აქტივები, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რომელიც საჯაროა და შევეცადეთ დაგვედგინა, თუ რა მოცულობის ქონებას ფლობს დღეს ჯანაშია.
პირველ რიგში, გავითვალისწინეთ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული 29.3 მილიონი ლარი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს გაკეთებული.
წილის ღირებულების დადგენისთვის ასევე გამოვიყენეთ მონაცემები, რომელიც სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზეა განთავსებული და მოიცავს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პროფილს და ანგარიშგებას წლების მიხედვით, 2018-დან 2024 წლის ჩათვლით. ამ ეტაპზე აკადემიის 2025 წლის ფინანსური მონაცემები ანგარიშგების პორტალზე არ არის განთავსებული, რის გამოც ნათია ჯანაშიას აქტივების დათვლაში ამ მაჩვენებლების ჩართვა ვერ მოხერხდა. თუმცა, მონაცემების ატვირთვისთანავე, საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით.
აკადემიის ფინანსური მაჩვენებლები და მოგებაც საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველასთვის. 2016 წელს მიღებული საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისაა და აუდიტის შესახებ“, განსაზღვრულია საწარმოთა კატეგორიები. „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ აქტივებისა და შემოსავლების მიხედვით იმ საწარმოთა კატეგორიაშია მოხვედრილი, რომელთაც კანონით ევალებათ ყოველწლიურად საჯაროდ გამოაქვეყნონ ფინანსური მაჩვენებლები. აკადემიის შემოსავლები სტაბილურად მზარდია და შესაბამისად მოგებაც, აუდიტორული კომპანიის შეფასებით, სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა.
გარდა ამის მონაცემებისა, ნათია ჯანაშიას ქონების დათვლისთვის გამოყენებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის ფინანსური ნაწილიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა და გასაჯაროვდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ღირებულების შეფასების მეთოდოლოგია და მონაცემები.
აქტივების დათვლაში გარკვეულწილად გათვალისწინებულია ნათია ჯანაშიას უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აფბას მიერ მონიტორინგის პერიოდში ნათია ჯანაშიას განცხადებებში და მის საკუთრებაში არსებულ გამოცემებშია ნახსენები. კონკრეტულად, ამ ჩამონათვალში მოხვდა ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, ძვირადღირებული, ლაქშერი კლასის ავტომანქანები, იახტები (კატარღები) და იარაღები. თუმცა, ჩამონათვალის არაერთგვაროვნების გამო, გარკვეული ნაწილი, რომელიც თავდაპირველად ასახული იყო ქონებაში, ვერ მოხვდა საბოლოო სიაში.
აფბა ახორციელებს ამ მიმართულებით მონიტორინგსაც და ცვლილებების შემთხვევაში, მოახდენს ნათია ჯანაშიას ქონებრივი მაჩვენებლების კორექტირებას.
ჩვენს ხელთ არსებული დაზუსტებული მონაცემებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნათია ჯანაშია დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია და მისი ქონება 60 მილიონ ლარს აჭარბებს“, – ნათქვამია აფბას აუდიტორული სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.