მერცის გარემოცვა მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ჭორებს უარყოფს
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან დაახლოებულმა პირებმა მისი ადრეული შემცვლელის შესახებ ჭორებს „აბსურდული სპეკულაცია“ უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის მეთაურთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს ჭორები „წაქეზების საშიშ ტენდენციაზე“ და „კონსტიტუციისა და პოლიტიკური რეალობის გასაოცარ იგნორირებაზე“ მიუთითებს.
უფრო მეტიც, კანცლერთან დაახლოებული პირები თვლიან, რომ ასეთი ჭორები ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ს ხელს უწყობს და პოლიტიკურ ცენტრს შიდა პოლიტიკური და გლობალური კრიზისების ფონზე ავტორიტეტს ართმევს.
მანამდე, Bild-მა და Stern-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) მერცის შესაძლო შემცვლელს მისი ვადის ამოწურვამდე განიხილავდა.
კანცლერის თანამდებობის კანდიდატებს შორის მედიამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი ჰენდრიკ ვიუსტი, ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზოდერი და CDU/CSU-ს საპარლამენტო ჯგუფის ლიდერი იენს შპანი დაასახელა.