ირაკლი ქადაგიშვილი – გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება
ეს მძიმე ფაქტი [პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.
მისი თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.
„საზოგადოების მხრიდან ასეთ მოვლენას ყოველთვის მოსდევს მწვავე რეაქცია, ეს ბუნებრივიც არის და გასაგებიც, ასეც უნდა იყოს. მაგრამ არის მეორე მხარეც, როცა ხდება პოლიტიკური სპეკულირება. ახლა ამას ჩვენ ვხედავთ ნათლად, პოლიციელებზე თავდასხმები ხშირ შემთხვევაში ხდება იმიტომ, რომ მოხდეს პოლიციის იმიჯის შებღალვა, სისტემის დასუსტება და ჩამოშლა. ეს ხდებოდა მიტინგების პერიოდშიც და ახლაც ეს მძიმე ფაქტი ოპოზიციის მხრიდან გამოყენებულია, რომ სისტემურად მიაყენონ პოლიციის სახელს ზიანი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში მაშინდელი ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა პოლიციელთა მიერ დაშვებული შეცდომების დამალვას.
„თუ შევადარებთ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაშინ პირიქით იყო საქმე. ხელისუფლება ყველა ჯერზე ცდილობდა, რომ პოლიციელების მიერ დაშვებული შეცდომები მიეჩქმალა, გამოძიება გაეჭიანურებინა ან საერთოდ არ ჩაეტარებინა. ფაქტი იყო, კადრიც იყო, მაგრამ ხელისუფლება ცდილობდა მოეხდინა პირდაპირ ფალსიფიცირება. ბუტა რობაქიძის საქმე არის ამის ნათელი მაგალითი, როდესაც პირიქით მიიტანეს იარაღი, დაყარეს, ფილმი გადაიღეს, აი, ეს არის სისტემური დანაშაული. იმ შემთხვევაში როდესაც ფაქტი ცნობილი ხდება და ამ ფაქტზე მყისიერი სამართლებრივი რეაგირება ხდება ეს ნიშნავს, რომ სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები არის დასაგმობი, რომ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გორში, პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პირი დააკავა.