“გორში მომხდარში დაზარალებულს აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები”,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციებისა და კვლევების შემდეგ პაციენტი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა.
„პაციენტს ჩაუტარდა კონსულტაციები სხვადასხვა მიმართულების ექიმი-სპეციალისტების მიერ, მათ შორის, ექიმი-ქირურგის, ტრავმატოლოგისა და ნევროლოგის. მას აღენიშნებოდა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, რაც ასახულია კონსულტაციებში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. ექიმი-სპეციალისტების მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ მისი სტაციონარის პირობებში მკურნალობა. ამიტომ შესაბამისი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე პაციენტი გაეწერა ამბულატორიულ მკურნალობაზე. დაზიანებები, რაც მას აღენიშნებოდა, არ შეესაბამებოდა კრიტერიუმებს სტაციონარში მკურნალობისთვის”, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.