ისრაელმა გაერო-ს გენერალური მდივნის ოფისთან თანამშრომლობა შეწყვიტა
ისრაელმა განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ოფისთან თანამშრომლობას წყვეტს.
გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის შესახებ გაეროს ანგარიშში ისრაელის სტრუქტურების ჩართვას უკავშირდება, სადაც ისინი „ჰამასის“ ჯგუფთან ერთად იყვნენ მოხსენიებული.
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, დენი დანონმა განაცხადა, რომ ისრაელის მისია გუტერეშის ოფისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს მისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში.
მან გაეროს გადაწყვეტილებას „მორალური სკანდალი“ უწოდა და განაცხადა, რომ გენერალურმა მდივანმა „ისრაელი „ჰამასთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად გაათანაბრა“.
ისრაელის მხარის თქმით, გადაწყვეტილება გაეროს წარმომადგენლებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგი იყო, რომლის დროსაც ისრაელმა ბრალდებებზე საპასუხოდ დოკუმენტები და განმარტებები წარადგინა. თუმცა, ამ მცდელობების მიუხედავად, ისრაელის სუბიექტების სიაში შეყვანა უცვლელი დარჩა.
ისრაელი აცხადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯია, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ ნდობას ძირს უთხრის.
საპასუხოდ, თელ-ავივმა გენერალური მდივნის ოფისთან კონტაქტის სრული შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
პარალელურად, ხაზგასმულია, რომ გაეროს სია კონფლიქტურ სიტუაციებში სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევებს ეხება და შეიარაღებული კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს, მათ შორის „ჰამასს“ მოიცავს.