მედია: რუსეთი სომხეთთან გაზის შეთანხმების შეჩერებას განიხილავს

რუსეთი სომხეთისთვის გაზის, ნავთობპროდუქტებისა და ბრილიანტების მიწოდების შესახებ შეთანხმების შეჩერების ან გაუქმების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, სერგეი ცივილევის მიერ სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით იუწყება.

„იმ შემთხვევაში, თუ ერევანი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს გააგრძელებს, რუსეთმა შესაძლოა, შეაჩეროს ან ცალმხრივად მოახდინოს რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და დაუმუშავებელი ბრილიანტების მიწოდების შესახებ 2013 წლის დეკემბერში ხელმოწერილი შეთანხმება“, – წერს გაზეთი წერილის ციტირებით.

„სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთქმედების გაღრმავებისკენ მიმართული მიმდინარე პრაქტიკული ნაბიჯები და სომხეთის მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებული მისწრაფება საფრთხეს უქმნის რუსეთ-სომხეთის სავაჭრო, ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის ფუნდამენტურად მაღალი დონის შენარჩუნებასა და განვითარებას, რომლის ერთ-ერთი საფუძველი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებია“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც გამოცემა ციტირებს.

2013 წლის შეთანხმების თანახმად, რუსეთმა სამუდამოდ გააუქმა სომხეთისთვის ნავთობპროდუქტების, გაზისა და ბრილიანტების ექსპორტის გადასახადები. მოსკოვი ერევანს ნავთობპროდუქტებითა და გაზით ამარაგებს შიდა მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობით, რაც განისაზღვრება საორიენტაციო ბალანსებით, ხოლო მესამე ქვეყნებში რეექსპორტი აკრძალულია.

„გაზპრომ არმენია“ ქვეყნის შიდა ბაზარს გაზით ამარაგებს და მისი 100%-იანი წილი რუსულ „გაზპრომს“ ეკუთვნის.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, გრძელვადიანი კონტრაქტი სომხეთისთვის 2.5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ფასი ათას კუბურ მეტრზე 177.5 აშშ დოლარია, მაშინ როცა საბაზრო ფასი 600 აშშ დოლარს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები