გიორგი ვოლსკი – გორში მომხდარ ფაქტზე: ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია
“რასაკვირველია, სისტემური დანაშაული არ არის. სისტემური დანაშაულია, რომ გამოვა ხელისუფალი ტრიბუნასთან და იტყვის – არავითარი მოწყალება და არავითარი ტყვიის დაზოგვა, ყველა უნდა დაიხოცოს, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება. ასეთი პერიოდი გვახსოვს”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ
გორში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელიც დიდი ხანია შენდება.
„ხისტი ძალა შეიძლება გამოიყენეს პოლიციელმა, როცა სახელმწიფოს საფრთხე ემუქრებოდა, მაგრამ ადამიანის გვერდზე გაყვანა და მისი ცემა, რასაკვირველია, შეუფერებელია იმ სისტემისთვის, რომელსაც ვაშენებთ უკვე დიდი ხანია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.