ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
“ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ უბანში მდებარე ისტორიული ენოთეკის სრულფასოვანი შესწავლა მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„XIX საუკუნის მიწურულს დიდი მამულიშვილისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით აშენებული საუფლისწულო უწყების ეს ისტორიული ღვინის სარდაფი ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია, რომელიც საუკუნეზე მეტია საიმედოდ ინახავს ჩვენს უნიკალურ საგანძურს. ეს არის ქართული მეღვინეობის ცოცხალი მატიანე. აქ დაცული 20 000-ზე მეტი საკოლექციო ბოთლიდან თითოეული საკუთარ ისტორიას ინახავს. მათ შორისაა ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების უნიკალური ნიმუშები და XIX საუკუნის 90-იანი წლების ევროპული წესით დაყენებული პირველი საფირმო ღვინოები. აქვეა მუხრანბატონის ლეგენდარული შამპანურიც, რომელმაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გამოფენებზე უმაღლესი აღიარება დაიმსახურა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანძურის გლობალურ მასშტაბს განსაკუთრებით უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ ქართული შედევრების გვერდით აქ დაცულია მსოფლიო ლიდერების პირადი პრემიალური მარაგები და საიუბილეო კოლექციები.
„ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც საგანძურის გადარჩენასა და შენარჩუნებაში მიიღო მონაწილეობა და იმედი გამოთქვა, რომ ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლის შედეგად მიღწეული ახალი აღმოჩენები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სტატუსს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს.
საუკუნოვანი ენოთეკის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და შატო დიკემის პრეზიდენტი პიერ ლურტონი. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.