ზვიად შალამბერიძე – გორში მომხდარ ფაქტზე: მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა
“მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გორში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
შალამბერიძე დარწმუნებულია, რომ მომავალში, თუ რომელიმე პოლიციელს ექნება მცდელობა, უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე.
„შს სამინისტროს აბსოლუტური უმრავლესობა ემსახურება თავის ქვეყანას და თავის ღირსებას და იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სიმშვიდეს. თუმცა, როგორც ნახეთ, არ ვართ დაზღვეული ერთეული გადაცდომებისგან, რასაც თვალ-ყური ვადევნეთ გუშინ. აქ მთავარია, რომ სახელმწიფომ მოახდინოს დროული რეაგირება, აღკვეთოს მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, როგორც იცით, 6 ადამიანია უკვე დაკავებული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
დარწმუნებული ვარ, მომავალში თუ ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ მსგავსი ნაბიჯი გადადგას და თავის უფლებამოსილებას გადაამეტოს, სახელმწიფო იქნება თავის სიმაღლეზე, ისევე, როგორც დღევანდელ დღეს“, – აღნიშნა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს – პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.