“გამორიცხულია, პროცესები სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, სამაგიეროდ, ხალხს მორალურად აჩანაგებენ”

მწერალი და მთარგმნელი ალექსანდრე ელერდაშვილი ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ეხმაურება. მისი შეფასებით, გამორიცხულია, პროცესები სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, თუმცა ხალხს მორალურად აჩანაგებენ.

“ოტია იოსელიანის ცნობილი ფრაზისა არ იყოს, თუ შენი ქვეყანა უბედურია, თავი ბედნიერად როგორ უნდა იგრძნო. რაც ირგვლივ ხდება, ქაოსია. სახელმწიფო უნდა წარმართავდეს პროცესებს, რათა ანარქიამდე არ მივიდეს საქმე. ამაზე, ალბათ, ქართული ხასიათიც მოქმედებს. მეორე მომენტი ის არის, რომ ახალგაზრდები არ არიან დასაქმებული. 20-21 წლის ახალგაზრდები პარლამენტთან პლაკატებით დგანან და მოითხოვენ იმას, რაც ზრდასრულმა, არჩევნებით მოსულმა, ჭკვიანმა ადამიანებმა კაბინეტებში უნდა გადაწყვიტონ.

ვინ წარმოიდგენდა, რომ 30 წელი ქუჩაში დგომა მოგვიწევდა? ახლა ქუჩაში დგანან იმ მოქალაქეების შვილიშვილები, ვინც 1988 წლის ნოემბერში პირველად გამოვიდა ქუჩაში. მაგრამ მოგეხსენებათ, ამას რაც მოჰყვა 1989 წლის აპრილში. ამ მოვლენებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ გავთავისუფლდით, დიდი წვლილი შეიტანა სსრკ-ის დანგრევაშიც. მაშინ დაინახა საზოგადოებამ, რომ ბრძოლას აზრი აქვს, თუნდაც დიდი სისხლის ფასად. დღეს მოუმზადებელმა და უნიჭო ადამიანებმა ჩაიგდეს ხელთ პოსტები. არსებობს ასეთი გამოთქმა ჭკვიანი ადამიანი ბევრს რომ წაიკითხავს, ნაკითხი ჭკვიანი იქნება,სულელი წაიკითხავს და, ნაკითხი სულელიო. სულელი არ დაჭკვიანდება. ქვეყანას უნდა მართავდნენ ჭკვიანი და განათლებული ადამიანები და არა უუნარონი. მხოლოდ განათლება არ აძლევს ადამიანს უნარს, სიკეთე აკეთოს. სულ ერთი და იგივე ადამიანები არიან პოსტებზე. არ შეიძლება 20-30 წელი ერთი და იგივე სახეები იყვნენ პოლიტიკაში. დავსვამ რიტორიკულ კითხვას: 30 წლის განმავლობაში ამ პარტიებმა რა სიკეთე მოუტანეს ქვეყანას? სიკეთე კი არა, მავნებლობის მეტი არაფერი მოუტანიათ. რაც 90-იანი წლების საქართველოში მოხდა, იგივე არ განმეორდება მარტივი მიზეზის გამო მაშინ რუსეთი გამსახურდიასთან დაპირისპირებულ ძალებს იარაღით ამარაგებდა. დღეს ვინ მოამარაგებს ამ ძალებს, რომ შევიდნენ პარლამენტში? გამორიცხულია, პროცესები სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, სამაგიეროდ, ხალხს მორალურად აჩანაგებენ. იმედი უნდა გვქონდეს, რომ გამოჩნდება ძალა, რომელიც ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას.

დღეს ამ ძალას ვერსად ვხედავ. ერთი და იგივე, მეორე ძალიდან გამოქცეულები იბრალებენ, ჩვენ ვართ მესამე ძალაო. მოგეხსენებათ, არჩევნებში გამარჯვებისთვის მათ სახსრები სჭირდებათ. ალბათ, ახლაც “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს. პოლიტიკოსებს ყველანაირი პრივილეგია უნდა მოეხსნათ. პარადოქსია, როცა სკამებს კარგავენ, უკეთესობის შეგრძნებას კიდევ დიდხანს ინარჩუნებენ და იმას ვერ გრძნობენ, რომ ის უკეთესობა სკამმა მოუტანა და არა მისმა ქმედებამ. მიდიან და ამომრჩევლები პასუხსაც არ ვთხოვთ, არ გვაქვს ამის უფლება. ახლა “ნაციონალები” გვარწმუნებენ, ოღონდ ამირჩიეთ და ისეთი აღარ ვიქნები, როგორიც ვიყავიო. სამწუხაროა, როცა სხვა მოცემულობა არ გვაქვს, გარდა ცუდსა და უარესს შორის არჩევანისა”,- განაცხადა ელერდაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები