რა ტემპერატურას ვერ უძლებს ადამიანის ორგანიზმი — მეცნიერული კვლევა ცხადყოფს, რომ ზღვარი ბევრად დაბალია, ვიდრე გვეგონა
ადამიანისთვის დიდი ხნის განმავლობაში უსაფრთხოდ მიჩნეულ 35-გრადუსიან სიცხეს ჯანმრთელი ადამიანებიც კი ვერ უძლებენ — ასეთია პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგი, რომელმაც შეამოწმა, რამდენად კარგად არის ჩვენი სხეული ადაპტირებული ხანგრძლივ სიცხესთან.
2026 წლის ზაფხულმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს საკითხი მხოლოდ თეორიული არაა. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა (WMO) და Copernicus-ის კლიმატის ცვლილების სამსახურის (C3S) მონაცემებით, 2026 წლის ივნისი დასავლეთ ევროპისთვის ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი გახდა, ხოლო გლობალურად — მეორე ყველაზე ცხელი. მაისის ბოლოდან ევროპაში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ძლიერი სიცხის ტალღა გავრცელდა: საფრანგეთში 24 ივნისს დაფიქსირდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე (საშუალო ტემპერატურამ 30°C შეადგინა, ხოლო პულუოს დაბაში მაჩვენებელმა 43.8°C-ს მიაღწია); ნიდერლანდებმა 26 ივნისს დაადგინა ახალი ეროვნული რეკორდი — 39.4°C; ესპანეთში, ბილბაოში დაფიქსირდა 42.7°C, ხოლო დანიაში ახალმა რეკორდმა 37°C-ს მიაღწია. სიცხემ სერიოზული ზარალი მოუტანა ჯანმრთელობასაც, სხვადასხვა ქვეყანაში დაიღუპნენ ადამიანები.
პარალელურად, ივლისის დასაწყისში აშშ-ის 200 მილიონზე მეტი მოქალაქე „სიცხის გუმბათის” ქვეშ აღმოჩნდა — მაღალმა ტენიანობამ ღამის ტემპერატურაც კი დაბლა არ ჩამოუშვა, რაც ორგანიზმისთვის დასვენების საშუალებას არ იძლევა.
გლობალური დათბობის ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: „რა ტემპერატურაზე შეწყვეტენ ჩვენი „სხეულის გაგრილების სისტემები“ არსებულ სიცხესთან გამკლავებას?“

ამ კითხვას მეცნიერება პირველად 2010 წელს შეეხო, როდესაც კლიმატოლოგებმა, სტივენ შერვუდმა (ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი, ავსტრალია) და მეთიუ ჰუბერმა (პერდიუს უნივერსიტეტი, აშშ) — ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებულ სტატიაში თეორიულად გამოთვალეს მაქსიმალური ტემპერატურა, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანი შედარებით დიდხანს გაუძლებდა. მათი დასკვნით, ადამიანისთვის უსაფრთხო ტემპერატურის ზღვარი „სველი თერმომეტრის მიხედვით” (ანუ ოფლის აორთქლებით სხეულის გაგრილების გათვალისწინებით) არ უნდა აღემატებოდეს 35 გრადუსს (დღეს არსებულ კლიმატში ეს მაჩვენებელი არსად აღემატება 31 გრადუსს.)
ავტორების მთავარი არგუმენტი იყო, რომ ხშირად არასწორად ვვარაუდობთ, თითქოს, ადამიანებს ნებისმიერ დათბობასთან ადაპტირება შეუძლიათ — რეალურად, სითბური სტრესი ამ ადაპტაციას მყარ ზედა ზღვარს უწესებს.
ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს ჩვენი სხეულის უნარზე, შეინარჩუნოს კომფორტული ტემპერატურა სიცხეში — რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნელა აორთქლდება ოფლი და მით უფრო ცუდია გაგრილების პროცესი.
2022 წელს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა (პროექტი PSU H.E.A.T. — Human Environmental Age Thresholds) გადაწყვიტეს, ეს 2010 წლის თეორიული გამოთვლა პრაქტიკაში შეემოწმებინათ. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 24 ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი მოხალისე.
მონაწილეებმა გადაყლაპეს კაფსულა-თერმომეტრი, რომელიც მუდმივად აკონტროლებდა მათი სხეულის შიდა ტემპერატურას, შემდეგ კი, ისინი მოათავსეს დალუქულ, კონტროლირებად კამერაში. ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის ნელ-ნელა აწევით, მეცნიერები აკვირდებოდნენ, როდის იწყებდა მონაწილეთა შიდა ტემპერატურა მუდმივ ზრდას — რა იყო წერტილი, რომელსაც „გარემოს კრიტიკული ზღვარი” ეწოდება.
„როდესაც ეს ზღვარი გადაილახება, შიდა ტემპერატურა იწყებს განუწყვეტლივ მატებას და ჯანმრთელობის პრობლემების რისკი, ხანგრძლივი სითბოს ზემოქმედებით, მნიშვნელოვნად იზრდება“, — განმარტავენ ავტორები.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Applied Physiology, აჩვენებს, რომ მაღალი ტენიანობის პირობებში (36-40°C, 50-90% ტენიანობა) ახალგაზრდა და ჯანმრთელი ორგანიზმის უკონტროლო გადახურება იწყება უკვე „სველი თერმომეტრის” საშუალო ტემპერატურით, დაახლოებით, 30.5-31 გრადუს ცელსიუსზე, რაც თეორიულ 35 გრადუსზე მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია. მშრალ და ცხელ პირობებში ზღვარი კიდევ უფრო დაბალი აღმოჩნდა — 25-28 გრადუსამდე — რადგან სველ პირობებთან შედარებით, მშრალ სიცხეში კანი უფრო სწრაფად თბება.

მას შემდეგ, რაც პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, იმავე კვლევითმა ჯგუფმა კვლევა გააგრძელა და შეამოწმა, როგორ იცვლება ეს ზღვარი ასაკთან ერთად. 2024-2025 წლებში გამოქვეყნებულმა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ სურათი კიდევ უფრო შემაშფოთებელია, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ:
- ახალგაზრდა, ჯანმრთელ ზრდასრულებში ფიზიოლოგიური ზღვარი მერყეობს დაახლოებით 26-31°C-ს შორის (სველი თერმომეტრით);
- უფროსი ასაკის ადამიანებში ეს ზღვარი კიდევ უფრო დაბალია — 23-28°C.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სიცხის ტალღების დროს გარდაცვალების უდიდესი წილი სწორედ ხანდაზმულ მოსახლეობაზე მოდის, ხოლო მოსახლეობის დაბერების ტენდენციის გამო, ეს რისკჯგუფი მომავალში მხოლოდ გაიზრდება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ექსტრემალური ამინდის პერიოდები — როგორც ცივი, ისე ცხელი — მნიშვნელოვნად გახშირდა მთელ მსოფლიოში. ექსპერტების აზრით, სანამ პლანეტა გააგრძელებს დათბობას — ძირითადად, წიაღისეული საწვავის წვისა და სათბურის გაზების ემისიის გამო — კლიმატური კატასტროფები უფრო ხშირად მოხდება და უფრო დიდხანს გაგრძელდება.
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ერთი უნივერსალური „ზღვარი” ყველა კლიმატური პირობისთვის არ არსებობს — ის დამოკიდებულია არა მხოლოდ ტემპერატურასა და ტენიანობაზე, არამედ ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ აქტივობაზეც. სწორედ ამიტომ, მათი თქმით, ასეთი მონაცემები მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემებისთვის — რათა შესაძლებელი გახდეს სიცხის ტალღების წინასწარ დაგეგმვა, მოწყვლადი მოსახლეობის პრიორიტეტულად მოვლა და გაფრთხილების სისტემების შემუშავება კონკრეტული ტემპერატურა-ტენიანობის ზღვრების მიხედვით.