აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანული გემებისთვის გადაადგილების შეზღუდვების აღდგენას გეგმავს.
განცხადება თეირანის დაჟინებულ მოთხოვნას მოჰყვა, რომ ირანმა უნდა გააკონტროლოს სრუტე და მისი გამოყენებისთვის საფასური დააწესოს. ტრამპმა საპასუხოდ სრუტით გადაზიდული ყველა ტვირთის ღირებულების 20%-ის ოდენობის კომპენსატორული გადასახადის დაწესება შესთავაზა.
„ამ მომენტიდან შეერთებული შტატები ცნობილი იქნება, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“. სამართლიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოს ამ უაღრესად არასტაბილურ რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარად დაწესდება ყველა ტრანსპორტირებული საქონლის ღირებულების 20%-ის ოდენობის კომპენსაცია“, – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
ამერიკელი ლიდერის თქმით, ამ ზომების განსახორციელებლად მზადება დაუყოვნებლივ დაიწყება. მან ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია დარჩება „ირანით თუ მის გარეშე“, თუმცა შეერთებული შტატები კვლავ აპირებს შეზღუდოს ირანთან დაკავშირებული გემების გავლა.