“რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დე ფაქტო მნიშვნელოვნად დასუსტებულია, თუმცა დე იურე ჯერ კიდევ ცდილობს გავლენის შენარჩუნებას, მათ შორის საქართველოში. თუმცა რეგიონში მისი რეალური ბერკეტები მკვეთრად შესუსტებულია”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, რეგიონი შეიძლება ახალი გეოპოლიტიკური გადაწყობის წინაშე დადგეს.
“დღეს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავშირებით სოლიდარულად მოქმედებენ. სომხეთიდან რუსეთი ჩინურ-ამერიკული კომბინაციით გააძევეს და ამაში ჩინეთის როლი ამერიკისაზე ნაკლები არ ყოფილა. იგივე ვითარებაა ბელარუსშიც, ის რუსეთის სატელიტობიდან დამოუკიდებელ ქვეყნად ყალიბდება – ზელენსკიმ ლუკაშენკოს ულტიმატუმი რომ გამოცხადა, სინამდვილეში ეს ამერიკის ულტიმატუმი უფრო იყო. სარაკეტო შეტევები კოსმოსური უზრუნველყოფის გარეშე ვერ მოხდება, თანაც საუბარი მხოლოდ ანძებზე არ ყოფილა, ულტიმატუმში “ისკანდერების” პოზიციების დაბომბვის მუქარაც შედიოდა. ფაქტობრივად, ეს ლუკაშენკოსთვის ძალიან სერიოზულ სამხედრო-პოლიტიკურ დამცირებას ნიშნავდა. ამასთან, არ გეგონოთ, რომ ლუკაშენკო ამ თამაშისთვის წინასწარ მომზადებული არ იყო. ეს იყო საჯაროდ ორგანიზებული კომბინაცია ბელარუსში რუსული სამხედრო-პოლიტიკური პლაცდარმის დემონტაჟისთვის და ამ პროცესში თავად ლუკაშენკოც მონაწილეობდა – ცხადია, გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული დელეგაციები ლუკაშენკოსთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ, მან ისინი ცივი უარით გაისტუმრა. ბელარუსში უკრაინის საზღვრის გასწვრივ შექმნილია უზარმაზარი ინფრასტრუქტურა – ასობით ანძა, რომლებიც რუსებმა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე განათავსეს რუსული დრონებისა და რაკეტების ნავიგაციის კორექტირებისთვის. ამ ინფრასტრუქტურის გამორთვა ავტომატურად ნიშნავს იმ სარაკეტო შესაძლებლობების პარალიზებასაც, რომლებითაც რუსეთი ბელარუსის პლაცდარმიდან ევროპაზე თავდასხმით იმუქრებოდა. ეს რუსეთისთვის ძალიან სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური მარცხი და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი მორიგი დამცირებაა. ამ ამბავს წინ უძღოდა ჩინეთის სამხედრო-პოლიტიკური დელეგაციის არაერთი ვიზიტი ბელარუსში ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში. შესაბამისად, საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ჩინელებიც მონაწილეობდნენ ამ საკითხში. ფაქტობრივად, იმავე პროცესს ვხედავთ, რაც სომხეთში განვითარდა. შეიძლება ითქვას, ბელარუსში ლუკაშენკოს “ფაშინიზაცია” მიმდინარეობს.
რუსეთს მართლაც ძალიან მძიმე ზამთარი ელის, შეიძლება გათბობა-ენერგეტიკული კომპლექსის სრულფასოვანი ფუნქციონირების გარეშე მოუწიოს გამოზამთრებამ. ამას შესაძლოა მძიმე სოციალურ-დემოგრაფიული შედეგებიც მოჰყვეს, მით უფრო, რომ სინოპტიკოსების პროგნოზით, ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში ეს ყველაზე მკაცრი ზამთარი იქნება. ამ ფონზე ცხინვალის ანექსიის თემის გააქტიურება, ჩემი აზრით, პროპაგანდისტულ მიზანს ემსახურება. ეს უფრო პოლიტიკური სიგნალია, რომელიც ამერიკისკენ არის მიმართული. კრემლს აინტერესებს ვაშინგტონის რეაქცია და თუ გავითვალისწინებთ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვის შეცვლილ რიტორიკას და მის განცხადებას, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. მთავრობის ცვლილება რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესაძლო შესვლას არ უკავშირდება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვმა ვაშინგტონისგან სასურველი სიგნალი ვერ მიიღო. შესაბამისად, ცხინვალის დაჩქარებულ ანექსიას ამ ეტაპზე გამოვრიცხავ.
ჩემი შეფასებით, ბელარუსის შემდეგ კავკასიაშიც რუსეთისთვის არასახარბიელო პროცესები გაგრძელდება. ცხინვალის თემის გააქტიურება შესაძლოა გზავნილი იყოს ჩრდილოეთ კავკასიისთვის, კერძოდ, დაღესტნისა და ჩეჩნეთის იმ ძალებისთვის, რომლებიც თურქეთსა და საუდის არაბეთთან არიან დაკავშირებული. მოსკოვი ცდილობს აჩვენოს, რომ რეგიონში პროცესებს კვლავ აკონტროლებს და დეზინტეგრაციულ ნაბიჯებს არ დაუშვებს. რუსეთის დასუსტება სამხრეთ კავკასიაშიც გარდაუვალია და სრულიად ახალ რეალობას ქმნის. დამატებითი გამოწვევა იქნება კასპიის რეგიონიც, სადაც თურქეთი სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას გეგმავს. აზერბაიჯანში თურქეთის სამხედრო ყოფნა უკვე რეალობაა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც თურქი სამხედროების, ისე ავიაციის მონაწილეობა. თუ სომხეთში რუსეთის გავლენის შემცირება გაგრძელდება, სამხრეთ კავკასიაში ორი მთავარი გავლენის ცენტრი ჩამოყალიბდება – ამერიკა და თურქეთი.
ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის ფარული ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გაგრძელება სერიოზულ რისკებს შექმნის. თუ ქვეყანა ამერიკასთან თანამშრომლობას არ აირჩევს, შესაძლოა თურქეთის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს. იმედი, რომ საქართველო ამ ტრანსფორმაციებს ნეიტრალიტეტით გადაურჩება, ილუზიაა. დღეს მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მთავარი არქიტექტორი ამერიკაა. რეგიონული კონფიგურაციების დამოუკიდებლად შექმნა არც ევროპის ძალებს შეუძლიათ და ხშირ შემთხვევაში არც ჩინეთს. ამის მაგალითია ტაივანი, მიუხედავად პეკინის ეკონომიკურ-პოლიტიკური ძალისა, ამერიკასთან შეთანხმების გარეშე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ტრამპის გზასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ამერიკა-ჩინეთს შორის შეთანხმება მიღწეულია. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თურქულ სატრანსპორტო და ფორვარდინგ-კომპანიებს ჩინეთმა ტენდერებში მონაწილეობაზე უარი უთხრა, რაც ანკარისთვის სერიოზული სიგნალია. ფაქტობრივად, გადაზიდვების გადანაწილების დონეზეც კი შეთანხმებულ სქემაზე ვსაუბრობთ, რაც მიუთითებს, რომ მსხვილი ბლოკები შეთანხმებულია. ამ ეტაპზე დისკუსიის მთავარი დარჩენილი თემა რუსეთის მომავალი როლია.
რუსეთი სამხრეთ კავკასიაში დე ფაქტო მნიშვნელოვნად დასუსტებულია, თუმცა დე იურე ჯერ კიდევ ცდილობს გავლენის შენარჩუნებას, მათ შორის საქართველოში. თუმცა რეგიონში მისი რეალური ბერკეტები მკვეთრად შესუსტებულია და ეს თემაც უფრო პოლიტიკურ რიტორიკად არის დარჩენილი, ვიდრე რეალურ გავლენად. სწორედ ამიტომ ხდება ამ თემის აქტიური გამოყენება. შესაბამისად, რეგიონი შეიძლება დადგეს ახალი გეოპოლიტიკური გადაწყობის წინაშე, სადაც რუსეთზე ფარული აქცენტების გაგრძელებამაც კი რისკები წარმოშვას.
თუ ამერიკას არ სურს თურქეთის გავლენის გაფართოება სომხეთში, იგივე ლოგიკა ვრცელდება საქართველოზეც, რადგან გეოპოლიტიკურად ისინი ერთიან სუბიექტებად განიხილებიან. საუბარია იმაზე, რომ თურქეთს არ მიეცეს შესაძლებლობა შექმნას უწყვეტი სატრანზიტო კორიდორი აზერბაიჯანიდან ცენტრალური აზიის თურქულ სახელმწიფოებამდე. თუ ანკარას უარს ეუბნებიან სატრანსპორტო კომუნიკაციებზე, ეს ნიშნავს უარს უფრო ფართო სტრატეგიულ პროექტზეც, რომელიც თურქეთის გრძელვადიან ხედვასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, თუ ეს მიდგომა მოქმედებს სომხეთში, ის ლოგიკურად ვრცელდება საქართველოზეც, რადგან საქართველოს გამოყენებით იმავე კორიდორის ფორმირება ტექნიკურად მარტივად შეიძლება. როგორც ჩანს, ამერიკელებს ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებები გადავადებული აქვთ. პროცესი, სავარაუდოდ, საბოლოო შეთანხმების ფაზაში მხოლოდ მაშინ გადავა, როცა რეგიონში რუსეთის გავლენა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. შესაბამისად, ეს გარდამავალი ეტაპი უახლოეს პერიოდში, დაახლოებით სექტემბრისთვის, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება”,- განაცხადა მირიანაშვილმა.