ირაკლი მელაშვილი: ეკონომიკური წნეხი, რომელიც რუსეთში სექტემბრის ბოლომდე უფრო გაძლიერდება, ახლა მთავარ დარტყმას აყენებს ქვეყანას­

“ეკონომიკური წნეხი, რომელიც რუსეთში სექტემბრის ბოლომდე უფრო გაძლიერდება, ახლა მთავარ დარტყმას აყენებს ქვეყანას­”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რუს ელიტას კარგად ესმის, რომ ატომური იარაღის გამოყენება მათვე გაანა­დგურებს.

“გაზეთ “ეკონომისტში” რუსი ოლიგარქის, მელნიჩენკოს, ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს რუსების შიშს, რომ სახელმწიფო არ დაიშალოს. ნავთობგადამუშავების 40%-მდე გაჩერებულია. ფასების დაცემასთან ერთად, დაზიანებული პორტების გამო ექსპორტიც შეუძლებელია, ქვეყნის ცენტრალური ნაწილი კი საწვავის ქარხნების გარეშეა დარჩენილი. ურალს იქით არსებული სიმძლავრეების ლოჯისტიკა ძვირია და შუა რუსეთის მოსამარაგებლად არ კმარა. ამას ემატება სოფლის მეურნეობის შეფერხება, რაც შიმშილის საფრთხეს ქმნის. ამ ფონზე პუტინი დასავლეთს ისევ შანტაჟით პასუხობს, რაც მეტს დაგვბომბავთ, მით უფრო ხისტი იქნება ჩვენი პოლიტიკაო. თუმცა ნატოს ბოლო სამიტმა აჩვენა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ძლიერდება – მარტო ევროპელები წელს და გაისად 70-70 მილიარდზე ლაპარაკობენ. უკრაინამ მიიღო უპრეცედენტო უფლება, ლიცენზიით აწარმოოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და “პატრიოტები”. აშშ-ის ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ პარტნიორები უკრაინის გამარჯვებასა და მის გარეშე ევროპული უსაფრთხოების შეუძლებლობაში საბოლოოდ დარწმუნდნენ.

რუსეთის მთელი სამხრეთი რეგიონი მოშიშვლებულია. ფრონტიდან 125 კმ-ის რადი­უსში იბომბება ყველა სამხედრო-ლოჯისტიკური გზა, რის გამოც კრემლი ჯარების გადასროლას ვერ ახერხებს. ომის დაწყებიდან მეხუთე წლისთავზე ეს რუსეთისთვის ყველაზე წარუმატებელი პერიოდია…

რუს ელიტას კარგად ესმის, რომ ატომური იარაღის გამოყენება მათვე გაანა­დგურებს. მელნიჩენკოს წერილი სწორედ იმ გავლენიანი წრის პოზიციას გამოხატავს, ვისაც სისტემის გარდაუვალი კრახის გამო ომის გაგრძელება არ სურს. ისინი დასავლეთ­თან ვაჭრობენ, რათა თავიდან აიცილონ სამი მთავარი შიში: რუსეთის დაშლა, დაჩოქება ან კოლონიად გადაქცევა.

ელიტა მეგობრობას არ ითხოვს, თუმცა სურს დასავლეთი მათ სუვერენიტეტსა და ინტერესებს შეეგუოს. ყირიმს პირდაპირ არ თმობენ, მაგრამ ვაჭრობენ. ასე იკვეთება ორი განსხვავებული ხაზი – პუტინი და ელიტა. ამ უკანასკნელისთვის ომი მხოლოდ სახელმწიფო შეკვეთებით გამდიდრების წყაროა, ფრონტზე კი ჩვეულებრივი ხალხი კვდება – მაღალჩინოსანთა შვილებიდან იქ არავინაა. ატომური დარტყმით მილიარდერები და პუტინის გარემოცვა ყველაფერს დაკარგავენ, ამიტომ, ვიდრე ეს მოხდება, უმალ თავად პუტინს გაისტუმრებენ.

პუტინის განცხადებები ირაციონალური და რეალობას აცდენილია. ნატოს სამი­ტის წინ ბუნკერიდან ტყუილად გამოაცხადა ყველასთვის უცნობი კონსტანტინოვკის აღება. მისი თქმით, თითქოს წინ მიდიან, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როცა კოსმოსიდან ყველაფერი ხელისგულივით ჩანს, ეს სასაცილოდაც არ ჰყოფნით. ზელენსკიმაც კი დასცინა პრესკონფერენციაზე – ტრამპის კითხვაზე, წავა თუ არა მოსკოვში, უპასუხა, იქ საშიშია, უკრაინული დრონები დაფრინავენო.

ეკონომიკური წნეხი, რომელიც რუსეთში სექტემბრის ბოლომდე უფრო გაძლიერდება, ახლა მთავარ დარტყმას აყენებს ქვეყანას­. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები თუ ჩავარდა, რუსეთში შიმშილის პრობლემა დადგება. ჩემი აზრით, რუს ელიტას მალე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

ახალი მობილიზაცია მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ პოზიციებზე მეტი რუსი ჯარისკაცი გამოჩნდება, რაც უკრაინული დრონების რაოდენობას გააორმაგებს, ეს რესურსი კი ტექნოლოგიურად მოწინავე უკრაინას აქვს. რუსი ზეტ-ანალიტიკოსებიც კი აღიარებენ, რომ უკრაინამ ტაქტიკა შეცვალა – ფეხით, მსუბუქად გადაადგი­ლდებიან, საჭირო ეკიპირებას კი წინა ხაზ­ზე მძიმე კოპტერებით იღებენ. დრონებით კონტროლირებად გარემოში ასეთი სწრაფი და მობილური მანევრი გადამწყვეტია. უკრაინელები ამაში ბევრად ჯობნიან რუსებს, რომელთაც მსგავსი მძიმე დრონები არ აღმოაჩნდათ. ეს უპირატესობა აბათილებს კრემლის ჭარბ ცოცხალ ძალას. რუსეთს ჯარის ნაკლებობა კი არა, ტექნოლოგიური ჩამორჩენა ახრჩობს. აღარ არის 1941 წელი, როცა ჟუკოვის პრინციპი – “ქალები ახლებს გააჩენენ” – მუშაობდა. რუსებმა ათჯერადი უპირატესობითაც კი ვერ გაარღვიეს ხაზი, რადგან წინ ტექნოლოგიური ბარიერი დახვდათ. უკრაინელებმა რობოტიზებული საშუალებებით, უჯარისკაცოდ და მსხვერპლის გარეშე, 16 000 ლოკალური ოპერაცია ჩაატარეს, რუსებმა კი არცერთი.

ამ ეტაპზე რუსეთის “უპირობო მარცხზე” არავინ ლაპარაკობს. უკრაინას ახლა ტაქტიკური ამოცანა აქვს – მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას არსებულ პოზიციებზე. ისინი ჭკვიანები არიან და კარგად ესმით ძალთა თანაფარდობა. თავდაცვა ერთია, მაგრამ შეტევას ცოცხალ ძალაში სამი ერთზე უპირატესობა სჭირდება, უკრაინას კი ჯარისკაცების დიდი დეფიციტი აქვს. თუმცა მათ ეს სიმცირე სწორედ ტექნოლოგიური უპირატესობით დააბალანსეს, რამაც რუსების წინსვლა შეაჩერა. ახლა საუბარია იმაზე, რომ საომარი მოქმედებები შეჩერდეს იმ პოზიციებზე, სადაც დგანან, ოღონდ ეს რუსეთისთვის სიკვდილია – ფაქტობრივად, ვერ აღწევს ვერც ერთ მიზანს, რომელიც 2022 წელს დაისახა – დონბასი არ არის გათავისუფლებული, ხოლო ის რეგიონები, რომლებიც საკუთარ შემადგენლობაში ფორმალურად შეიყვანა, იქნება ეს ზაპოროჟიე თუ ხერსონი, კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. ამასთან, პუტინს არავინ ჰპირდება, რომ საომარი მოქმედებების გაჩერება რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ნიშნავს. ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფულ დღეშია, აფეთქებული ქარხნების აღდგენას კი მილიარდები სჭირდება, რაც რუსეთს უბრალოდ აღარ გააჩნია.

რუსეთში არჩევნების აღარავის სჯერა – ოპოზიცია ციხეშია, ხოლო მორჩილი “იაბლოკოსიც” კი იმდენად ეშინიათ, რომ რეგიონული ორგანიზაციების 70% გაუუქმეს. ელიტის საფრთხეებიც სულ უფრო იზრდება. დაბომბილი ინფრასტრუქტურის 90% სწორედ იმ ოლიგარქების საკუთრებაა, რომლებზეც რეჟიმი დგას. ახალი სანქციები მათ პირდაპირ აკოტრებს…

ამ ფონზე საინტერესოა ჩინეთის როლი – უკრაინული ბრიგადები ღიად იბრძვიან ჩინური იარაღით, მაგალითად, გაეროს მიერ მკაცრად კონტროლირებადი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, რაზეც პეკინს ხმა არ ამოუღია. ეს ამსხვრევს კრემლის ილუზიას დასავლეთის წინააღმდეგ ჩინეთთან ერთობლივ ალიანსზე. ცოტა ხნის წინ გაჟონილი ფარული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღის გამოცდას სთავაზობს სამხედრო ტექნოლოგიების სანაცვლოდ – ტექნიკას მაინც ვერ აწარმოებთ, ქარხნებს გიფეთქებენ და ჩვენ გამოვუშვებთო. პეკინი, ფაქტობრივად, ძარცვავს რუსეთს და მის ჯარისკაცებს საცდელ ვირთხებად იყენებს, იარაღის რეალური მიწოდება კი არ ხდება. პირიქით, ჩინეთს ომის გაგრძელება აწყობს, რადგან დემპინგურ ფასად ყიდულობს რუსულ ნავთობსა და ხეტყეს, სანაცვლოდ კი ორივე მხარეზე დიდი რაოდენობით ყიდის დრონებისა და სამხედრო ტექნიკისთვის საჭირო ჩიპებსა და ელექტრონიკას.

დღეს ელიტის გადარჩენისა და მილიარდების ხსნის ერთადერთი ფორმულაა – “პუტინი არა”. ისინი ხედავენ კრემლის მარცხს და უფრთხიან ჰიტლერისეულ სცენარს, როცა განადგურების პირას მყოფი ლიდერი მზად არის საკუთარი იდეების კრახის გამო მთელი ქვეყანა თან გაიყოლოს. რუსეთში ყველაზე მეტად დაშლის ეშინიათ. დემოკრატიის მიუღებლობაც იმ ისტორიული გამოცდილებიდან მოდის, რომ რეფორმებს ყოველთვის კოლაფსი მოსდევდა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეგიონებს ეკონომიკურად ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ – საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვლადივოსტოკიდან მოსკოვამდე გზაც კი არ არსებობდა, 2010 წელს გაყვანილი ტრასა კი დღესაც უვარგისია. კალინინგრადი ევროპისკენ იხედება, ხოლო ციმბირი და შორეული აღმოსავლეთი, საიდანაც ცენტრი მთელ რესურსებს ქაჩავს, ბუნებრივად უკავშირდებიან იაპონიას, ჩინეთსა და სამხრეთ კორეას. ცენტრის დასუსტება მყისიერად გააცოცხლებს 90-იანი წლების “რუსულენოვან სეპარატიზმს”. ადგილობრივი ელიტა პირდაპირ სვამს კითხვას: “რატომ უნდა გვკარნახობდეს მოსკოვი, როგორ ვიცხოვროთ?” შორეულ აღმოსავლეთში, ფურგალის დაჭერისა და მოსკოვიდან გუბერნატორის დასმის შემდეგ, ათიათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. პროტესტი ჩაახშვეს, მაგრამ მოსკოვისადმი ბოღმა არსად გამქრალა. მოსკოვი დამპყრობლად იქცა საკუთარ ქვეყანაში. კრემლის მორჩილი ოლიგარქები კი ფულს სწორედ ამ განაპირა მხარეებში აკეთებენ და საფრთხეებს კარგად აცნობიერებენ. მელნიჩენკო ინტერვიუში ხაზს უსვამს, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის, რაც რუსეთის ტერიტორიის 70%-ია, მოცილებით დარჩება ცენტრალური ნაწილი, სადაც მოსახლეობის 90% ცხოვრობს, მაგრამ თავად არაფერს აწარმოებს. ეს დაშლა პირველ რიგში დასავლეთისთვის იქნება კატასტროფა – ევროპული რუსეთი დარჩება უფულოდ, უპერსპექტივო ქარხნებითა და სოციალური კოლაფსით, ოღონდ ბირთვული არსენალით ხელში. ამ საფრთხის დანახვებას ცდილობენ დასავლეთისთვის, რათა აგრძნობინონ, ნამეტანს ნუ იზამთო…

მელნიჩენკოს წერილში პირდაპირ ჩანს, რომ რუსულ ელიტებს ტრანსფორმაცია მოუწევთ. საუბარია ახალ დემოკრატიზაციის პროცესზე, რომლის ძალებიც თავად ელიტიდან უნდა გამოიძებნოს. ეს არის სიგნალი დასავლეთისთვის. რუსეთში ხომ დარწმუნებული არიან, რომ საბჭოთა კავშირი დასავლეთმა დაშალა, სინამდვილეში კი თავისით დაიშალა. ახლა ამ წერილებითა და რიტორიკით დასავლეთს მოუწოდებენ, იგივე არ ქნათ, რაც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა, ხელი არ შეუწყოთ რუსეთის დაშლას, რადგან ჩვენ აქ ახალი პერესტროიკა გვაქვს დასაწყებიო. სწორედ ეს არის მათი მთავარი გზავნილი – ქვეყანაში უნდა დაიწყოს ტრანსფორმაცია, პროცესში უნდა ჩაერთონ სამოქალაქო საზოგადოება და ეკონომიკური ელიტა, და უნდა ჩამოყალიბდეს გარკვეული საჯარო დემოკრატია. რუსეთს სხვა გზა, უბრალოდ, აღარა აქვს”,- განაცხადა მელაშვილმა.
შედგენა
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები