მირიან მირიანაშვილი: ირანის გარშემო ვითარების გამწვავების ფონზე საქართველო ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება

“ირანის გარშემო ვითარების გამწვავების ფონზე საქართველო ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საერთაშორისო პოლიტიკაში ქვეყნის წონა დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ამერიკისთვის”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მნიშვნელობა იზრდება, იზრდება მის მიმართ ინტერესი ევროპიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა მოთამაშეებისგანაც, ამიტომ ნებისმიერი ვითარება, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის, ქვეყნისთვის სტრატეგიულ შესაძლებლობას ქმნის.

“მართალია, ირანმა და ამერიკამ თითქმის ყველა სადავო საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ დარჩა ერთი ფუნდამენტური საკითხი – ირანის ბირთვული პროგრამა და განსაკუთრებით გამდიდრებული ურანი. ირანი ითხოვს, მისი გამდიდრებული ურანის მარაგი, რომელიც, სხვადასხვა შეფასებით, ნახევარ ტონამდეა, ჩინეთის ან რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანონ და იქ საერთაშორისო კომისიის მეთვალყურეობით ათწლიანი ვადით შეინახონ. ამერიკა ამაზე აღარ თანხმდება, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სწორედ ვაშინგტონი საუბრობდა ათწლიან მორატორიუმზე. სავარაუდოდ, ტრამპს გაუჩნდა განცდა, რომ ირანის ბოლომდე გატეხა შეუძლია და მაქსიმალურ ზეწოლას აგრძელებს. ირანის ხელისუფლებისთვის ასეთი დათმობა შიდაპოლიტიკურად კაპიტულაციის ტოლფასი იქნება. ამან შესაძლოა თავად რეჟიმის სტაბილურობასაც შეუქმნას საფრთხე. ამიტომ თეირანი ამ ნაბიჯზე ვერ მიდის და სწორედ ამან გახადა ესკალაციის განახლება თითქმის გარდაუვალი.

ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი წინა პირობა არ არსებობს. ორივე მხარის სტრატეგიული გათვლა მცდარი აღმოჩნდა: ირანი ფიქრობდა, რომ კონფლიქტი ნავთობის ფასს ბარელზე 180-200 დოლარამდე გაზრდიდა და მსოფლიო ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებდა, რაც ვაშინგტონზე უზარმაზარ ზეწოლას მოახდენდა, მაგრამ ფასები 90-100 დოლარის ფარგლებში დარჩა. მეორე მხრივ, ტრამპს ჰქონდა მოლოდინი, რომ ძლიერი სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლით ირანის რეჟიმი სწრაფად ჩამოიშლებოდა – ესეც არ მოხდა. შედეგად, ორივე მხარე უკვე ახალ რეალობაში აღმოჩნდა. ის წინა პირობები, რომლებიც ფართომასშტაბიანი ომისკენ უბიძგებდა პროცესებს, დღეს აღარ არსებობს. თუ ირანში ხელისუფლება შეიცვლებოდა და ამერიკისთვის მისაღები რეჟიმი მოვიდოდა, ბირთვული პროგრამის საკითხიც ავტომატურად მოიხსნებოდა. თუმცა ეს სცენარი ჩაიშალა. ამ ვითარებაში, ფართომასშტაბიან ომში გადასვლისთვის არც ერთ მხარეს არა აქვს საკმარისი მოტივაცია. ამიტომ, გაგრძელდება ე.წ. ქირურგიული დარტყმების ტაქტიკა. ერთხანს იქნება პერიოდული შეტევები და დროებითი დაზავებები.
თუ ტრამპი დაასკვნის, რომ ეს კონფლიქტი მისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდება და პრობლემა გრძელვადიან პოლიტიკურ ტვირთად ექცევა, რაც მის პოზიციებს დააზიანებს როგორც კონგრესში, ისე სენატში შეიძლება ჩათვალოს, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს და ირანში უფრო ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე გადავიდეს. მაშინ არა მხოლოდ ესკალაციას, არამედ გაცილებით მძიმე და მასშტაბურ ესკალაციას მივიღებთ. საქართველოსთვის ეს, ერთი მხრივ, საფრთხეც იქნება და, მეორე მხრივ, შესაძლებლობაც. ირანის გარშემო ვითარების გამწვავების ფონზე საქართველო ამერიკისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება. საერთაშორისო პოლიტიკაში ქვეყნის წონა დიდწილად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ამერიკისთვის. თუ საქართველოს მნიშვნელობა იზრდება, იზრდება მის მიმართ ინტერესი ევროპიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა მოთამაშეებისგანაც. ამიტომ ნებისმიერი ვითარება, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის, ჩვენთვის სტრატეგიულ შესაძლებლობას ქმნის.

თუ ირანის გამო კრიზისი გაგრძელდება, სომხეთის გავლით დაგეგმილი ზოგიერთი პროექტი შესაძლოა პრობლემური გახდეს და ამან საქართველოს მნიშვნელობა უფრო გაზარდოს. მაგალითად, ზანგეზურის დერეფნის საკითხი პირდაპირ ირანის საზღვართან გადის, რაც ლოჯისტიკის და უსაფრთხოების მხრივ დიდ კითხვებს აჩენს. ასეთ პირობებში საქართველომ შესაძლოა დამატებითი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ბონუსები მიიღოს. თუმცა ვაშინგტონისა და თბილისის ურთიერთობის ხარისხი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის დინამიკაზეც. ამ თვალსაზრისით რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდი დგება. რუსეთს რამდენიმე თვე აქვს, რომ საბოლოოდ უპასუხოს კითხვას, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ დასვა – საბოლოოდ ვის უმცროს პარტნიორად, ანუ სატელიტად, ხედავს საკუთარ თავს: ჩინეთის თუ ამერიკის?

დღეს რუსეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთზე, ხოლო ამერიკა მას სთავაზობს ამ დამოკიდებულების შემცირებას და საკუთარი გავლენის სფეროში გადმოსვლას. თუ რუსეთი ამ შეთავაზებაზე თანახმაა, გადაწყვეტილება ახლა უნდა მიიღოს. ნოემბრის არჩევნების შემდეგ, თუ ტრამპი შიდაპოლიტიკური ფაქტორების გამო დასუსტდება, მას რუსეთთან ახალი და მასშტაბური დაახლოების პოლიტიკის დაწყება გაცილებით გაუჭირდება. ამიტომ, ვფიქრობ, რუსეთს რამდენიმე თვე დარჩა საბოლოო არჩევანის გასაკეთებლად. ამ კონტექსტში გადაწყდება საქართველოს მომავალიც. რუსეთს დრო გაჰყავს. ის ჩინეთს საბოლოოდ ვერ მოსწყდება. შესაბამისად საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები ამერიკასთან, რომელიც ორ-სამ თვეში გამოიკვეთება, შეიძლება სერიოზული ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდეს. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს ამერიკიდან მნიშვნელოვანი წინადადებების განხილვამ მოუწიოს – ამერიკელები ამიერკავკასიაში ჯარის შემოყვანას აპირებენ. ჩემი ინფორმაციით, “ტრამპის გზის” ფარგლებში კერძო სამხედრო სტრუქტურის განთავსებას გეგმავენ. საუბარია მასშტაბურ ძალაზე, დაახლოებით 8-12 ათას კაცზე. ეს კონტინგენტი, ერთი მხრივ, ირანის ჩრდილოეთ საზღვრის მიმართულებით იქნება განლაგებული, მეორე მხრივ, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სომხეთში უნდა განთავსდეს. ფაქტობრივად, ეს პენტაგონის არაოფიციალური, ე.წ. ფარული სამხედრო რესურსია. ზელენსკის სომხეთში ვიზიტიც სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. კიევს სურს ამერიკელების დაქირავებულ ამ ძალებში უკრაინელების წილი რაც შეიძლება დიდი იყოს. ამიერკავკასიაში უკრაინული სამხედრო რესურსის გამოყენება ევროპაში სურთ. ახლა წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ასეთი მასშტაბის სამხედრო ინფრასტრუქტურის რეგიონში შექმნა. საუბარია, მინიმუმ, რამდენიმე სამხედრო ბაზის განთავსებაზე. ამასთან, რთულად წარმოსადგენია, რომ ამერიკამ რეგიონში ძლიერი სამხედრო წარმომადგენლობა შექმნას და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელობა უგულებელყოს.

სამხედრო ლოჯისტიკის თვალსაზრისით, სომხეთისთვის უახლოესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანზიტო მიმართულება სწორედ საქართველოა. შესაბამისად, საქართველოს ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო შესაძლებლობები ამ კონტინგენტის უზრუნველყოფისთვის სერიოზულ საყრდენ ფუნქციას შეასრულებს. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე თვეში ეს სურათი უფრო მკაფიო გახდება. როდესაც საქართველოში ისმის კითხვა, რატომ არ გვაწვდის ამერიკა კონკრეტულ პირობებს და რას გულისხმობს ურთიერთობის გადატვირთვა, ჩემი პასუხი მარტივია: ვაშინგტონს მხოლოდ ფორმალური ან ტექნიკური ხასიათის წინადადებების გაკეთება რომ სურდეს, აქამდეც გააკეთებდა. საუბარია უფრო მასშტაბურ და სტრატეგიულ პაკეტზე, რომლის წარდგენისთვისაც შესაბამის მომენტს ელოდებიან. საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტშიც”, – განაცხადა მირიან მირიანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები