ვახტანგ კაპანაძე: მძიმე ვითარება უნდა იყოს პუტინის კარზე და ყირიმის დაკარგვა იქნება დამატებითი ლურსმანი მის კუბოზე

“მძიმე ვითარება უნდა იყოს პუტინის კარზე და ყირიმის დაკარგვა იქნება დამატებითი ლურსმანი მის კუბოზე”,- ამის შესახებ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, თუ ყირიმი დაკარგა, რუსეთი, ფაქტობრივად, შავ ზღვას დაკარგავს.

“რუსეთი აგრძელებს პასუხს გამწარებული ადამიანის პოზიციიდან. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, აღიქვამს თუ არა პუტინი ვითარებას პირად შეურაცხყოფად და რამდენად უსუსტდება შესაძლებლობები. კიევზე ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი და მძიმე დარტყმა იყო, თუმცა არა ყველაზე ძლიერი. უკრაინა ამას ელოდა, იცოდა, რომ რუსეთი ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტოების მარაგს აგროვებდა. ეს კომბინირებული დარტყმა იყო და რუსეთმა ყველა ტიპის საშუალება გამოიყენა. მოსახლეობა ნაკლებად არის დაცული, სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებს უკრაინა უფრო მეტი მონდომებით იცავს გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ უკრაინის შესაძლებლობები ყველაფერს ვერ გასწვდება. რუსეთი ამით სარგებლობს და ეს არის მათი პასუხი იმ ვითარებაზე, რაც ჩამოყალიბდა როგორც ფრონტის ხაზზე, ისე რუსეთის რეალობაში, როდესაც ავტოგასამართი სადგურები საწვავის გარეშე აღმოჩნდა. ყირიმში საწვავი მხოლოდ სამხედროებისთვისაა, ხოლო რუსეთის კონტინენტურ ნაწილზე ავტოგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგები დგას.

რუსეთის ძალიან ბევრი რეგიონი ჩაბნელებულია, შუქი არ არის ან გრაფიკით მიეწოდებათ. უკრაინელები ურტყამენ სტრატეგიულ ობიექტებს, ძირითადად, ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს ტიუმენში, დასავლეთ ციმბირში, ბაშკორტოსტანში, თათრეთში და ა.შ. რუსეთის დარტყმები კიევზე ბოღმის ამოსანთხევია და მიზნად აქვს მოსახლეობის გამწარება და ამას უკვე სისტემური ხასიათი აქვს. ამ ომმა სახე იცვალა. უკრაინელები სისტემურად უდგებიან თავიანთ მიზანს – ისახავენ ამოცანას, მაგალითად, რუსეთის რომელიმე სამრეწველო ან სამხედრო-სამრეწველო სტრატეგიული სფეროს, ვთქვათ, ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის მწყობრიდან გამოყვანას, ან ყირიმის ბლოკირებას. ამის შემდეგ ეძებენ საშუალებებსა და გზებს მიზნის მისაღწევად. ამგვარი სისტემური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, იზრდება დარტყმების სიზუსტეც.

ჯერჯერობით, დიპლომატია გვერდზეა გადადებული, ვინაიდან ორივე მხარე ცდილობს, ტრამპის ტერმინები რომ ვიხმაროთ, კოზირები დააგროვოს. დასავლეთმა უკვე გამოყო თანხები. დიდი ბრიტანეთი აპირებს უკრაინისთვის 300 მილიონის ფარგლებში შეიძინოს ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, როგორც კონტაქტური, ისე რადიოლოკაციური. გერმანია 400 მილიონს გამოყოფს, რათა უკრაინისთვის შეიძინოს “პეტრიოტის” რაკეტები. უკრაინაში დღე-დღეზე ელოდებიან FP-7 და FP-9 ბალისტიკურ რაკეტებს. FP-7 200-დან 300 კილომეტრზე, FP-9 კი 800-დან 1200 კილომეტრამდე იმოქმედებს. წარმოიდგინეთ, ამ ბალისტიკურ რაკეტას 800 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა შეუძლია. საინტერესოა, რომ ამ FP-7-ის ერთ-ერთი მოდიფიკაცია იქნება “პეტრიოტის” ანალოგი, ანუ იქნება “ხმელეთი-მიწა-ჰაერის” სისტემის რაკეტა, რომელიც გამოყენებული იქნება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის. მოსალოდნელია, რომ უკრაინელების საჰაერო ძალები თვითმფრინავებითაც შეივსოს, როგორც F-16-ებით, ასევე “გრიპენებით”, რომელთა მიღებაც დაწყებულია.

ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს და ისევე, როგორც რუსეთი ვერ ფარავს მთელ ტერიტორიას ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, ასევე უკრაინასაც უჭირს. ასე რომ, ეს მასირებული დარტყმები იმის პარალელურად ხდება, როცა რუსეთი წარმატებას ვერ აღწევს ფრონტის ხაზზე. პუტინმა უკვე გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე დაიგეგმა დონბასის სრულად გაკონტროლება და ეს თარიღი უკვე მეთხუთმეტედ შეიცვალა. ამერიკული სტრატეგიული კვლევების ცენტრის მონაცემებით, რუსეთი თვეში 32-33 000-ს მებრძოლს კარგავს, ამავე დროს თვეში 27 000 კონტრაქტს აფორმებს. ეს არ ნიშნავს, რომ მას ჯარი აღარ დარჩა, იმ 32-33 ათას დანაკარგში ითვლება არა მხოლოდ მოკლული, არამედ დაჭრილიც, რომელიც ისევ ბრუნდება ფრონტის ხაზზე. რუსეთს 30%-ით აქვს შემცირებული კონტრაქტების რაოდენობა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ძალიან დიდი ანაზღაურება ეძლევათ. ამერიკელების მონაცემებით, ფრონტის ხაზზე ახლა 725 000 რუსი სამხედრო იქნება. ზოგადად, რუსებს 1,4 მილიონი სამხედრო ჰყავს დაკარგული (მასში იგულისხმება მოკლული, დაჭრილი, დაკარგული და ა.შ.) და აქედან მოკლული, როგორც ამერიკელები თვლიან, 450 000 კაცია. დღესდღეობით დანაკარგებში რუსების უკრაინელებთან შეფარდება სადღაც ერთი რვასთანაა. ეს მაშინ, როდესაც ომის დასაწყისში იყო ერთი სამთან.

ამის მიზეზია დაქვეითებული სულისკვეთება და დისციპლინა, მოტივაცია, საბრძოლო მორალი. ასევე, საბრძოლო მომზადების დონე, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსები ცდილობენ რაც შეიძლება მალე შეავსონ დანაკარგები. ამას დაემატა ისიც, რომ დაჭრილებთან შედარებით გაზრდილია მოკლულების რაოდენობა. ის, რომ ბოლო პერიოდში იმდენი დანაკარგი აღარ აქვთ რუსებს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ შეტევებში მონაწილეთა რაოდენობაა შემცირებული. პუტინს არ უნდა აწყობდეს საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, ვინაიდან ეს მთლიანად მოშლის იმ სისტემას, რაც რუსეთშია. ისტორიულად, სოციალურად დამძიმებულ ვითარებას ძალიან დიდი არეულობა მოჰყვება ხოლმე და არა მგონია, პუტინს ახლა ამის თავი ჰქონდეს.

რაც შეეხება ზელენსკის 40-დღიან ულტიმატუმს ვერ გეტყვით, რას იზამს უკრაინა ამ 40 დღეში, ის თავისი გეგმის მიხედვით და ძალიან სისტემურად მუშაობს: 1. ამ დროში არ გამოვრიცხავ ბალისტიკური შესაძლებლობების გაზრდას უკრაინაში, ეს პერიოდი შეიძლება ბალისტიკის გამოყენებას დაემთხვეს რუსეთის წინააღმდეგ; 2. არ გამოვრიცხავ, რომ ამ 40 დღის განმავლობაში რაღაც გარკვეული გეგმები დაისახება უკრაინაში. უკრაინას არ ახასიათებს რაღაც გამწარებული პასუხები, მათ აქვთ თავისი გეგმა და სისტემურად მოქმედებენ, მაგრამ რადგანაც ითქვა, შესაძლოა ამ 40 დღეში ძალიან ბევრი ამოცანა დაესახა არა მარტო შეიარაღებულ ძალებს, არამედ სპეციალურ სამსახურებს და შესაბამისად, არ გამოვრიცხავ “აბლაბუდა -2”, “აბლაბუდა-3” ან რაღაც მსგავსი ოპერაციები ჩაატარონ რუსეთის ტერიტორიაზე. ყოველ შემთხვევაში, რადგანაც განცხადება გაკეთდა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი მზად არის შესაბამისი მოქმედებებისთვის.

თუ ყირიმი დაკარგა, რუსეთი, ფაქტობრივად, შავ ზღვას დაკარგავს. დარჩება აზოვის ზღვა და მცირე მონაკვეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ჩათვლით – აფხაზეთის მონაკვეთი. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთს მხოლოდ 200 კილომეტრი საზღვაო ზოლი ჰქონდა დარჩენილი. ამ ტერიტორიების დაკავებით საქართველოს 200, უკრაინას კი 1800 კმ-ზე მეტი წაართვა და 2000 კმ-მდე გაუხდა საზღვაო ზოლი, მაგრამ შეიძლება ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდეს და მხოლოდ ნოვოროსიისკი დარჩეს – თუ უკრაინამ ყირიმი ჩაიგდო ხელში, ეს სამხედრო თვალსაზრისით ნიშნავს, რომ რუსებს ნოვოროსიისკში ჩაკეტავენ. ამის გარდა, მთელი სამხედრო დაჯგუფება მოწყვეტილი იქნება ძირითად ძალებს, ხოლო ალყაში მოქცეული დაჯგუფება ვერაფრით დაეხმარება დანარჩენ ძალებს. ერთ ქვეით ბრიგადას დღეში 1000 ტონამდე სხვადასხვა მომარაგება სჭირდება, საბრძოლო მასალით დაწყებული, წყლით დამთავრებული. იქ მყოფ სამხედრო ძალებს ამას თუ ვეღარ მიაწვდიან, წარმოიდგინეთ, რა მოხდება. მძიმე ვითარება უნდა იყოს პუტინის კარზე და ყირიმის დაკარგვა იქნება დამატებითი ლურსმანი მის კუბოზე”,- განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები