ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სოციალური მედიის პლატფორმები ბავშვებისა და მოზარდებისთვის შესაძლოა, სერიოზული ზიანის მომტანი იყოს და დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს ზრდიდეს.
„ისევე, როგორც ბავშვებს მანქანის გასაღებს არ ვაძლევთ მანამ, სანამ მართვის მოწმობას არ აიღებენ, ან ალკოჰოლის ყიდვის უფლებას არ ვაძლევთ მანამ, სანამ საკმარისად დიდები არ გახდებიან, ასევე უნდა დავადგინოთ ასაკი, რომლის შემდეგაც ბავშვებს კანონიერად შეეძლებათ სოციალური მედიის გამოყენება“, – თქვა ლაიენმა.
მისივე თქმით, ზოგიერთი პლატფორმა მომხმარებლის ყურადღების შესანარჩუნებლად იყენებს მექანიზმებს, როგორიცაა უსასრულო სქროლვა და პერსონალიზებული ალგორითმები, რაც განსაკუთრებით არასრულწლოვანებზე ახდენს გავლენას.
“ბავშვები მშობლებმა უნდა აღზარდონ და არა მტაცებლურმა ალგორითმებმა. ევროკავშირში უკვე არსებობს კონსენსუსი, რომ ბავშვებისთვის სოციალურ მედიასთან დაკავშირების ასაკი უნდა იყოს განსაზღვრული. სტატუს კვო, სადაც ჩვენ დიდ ციფრულ კორპორაციებს ჩვენს შვილებზე შეუზღუდავი წვდომის საშუალებას ვაძლევთ, კიდევ ერთ თაობას მხოლოდ უზარმაზარ ზიანს, დამოკიდებულებას და ტანჯვას მოუტანს.
ევროპაში ახალგაზრდები დღეში ოთხიდან რვა საათამდე ატარებენ ეკრანის წინ. დღეში ექვსი საათი 20 წლიან სიცოცხლეს ნიშნავს. ამასობაში, მთელ ევროპაში არასრულწლოვნების 60%-ზე მეტი ონლაინ რეჟიმში ემოციურ და ფსიქოსოციალურ პრობლემებს განიცდის, მშობლები კი დღე და ღამე აწყდებიან შედეგებს: ძილის უკმარისობას, დეპრესიას, შფოთვას, ონლაინ ზეწოლას და მავნე კონტენტის ზემოქმედებას”,- განაცხადა მან.
ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი განიხილავს დამატებით ზომებს ბავშვების ონლაინ სივრცეში დასაცავად, მათ შორის სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ისეთი ციფრული გარემოს შექმნა, რომელიც ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უკეთ დაიცავს.