ვაჟა-ფშაველას დაბადების დღე და „იას უთხარით ტურფასა“

14 ივლისს ვაჟა-ფშაველა დაიბადა. ვაჟა-ფშაველა თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს მიიჩნევდა, ამის მიუხედავად, დღემდე მის ბიოგრაფიაში დამკვიდრებულია სხვა თარიღი – 1861 წლის 14 ივლისი (ძველი სტილით). ამის საფუძველია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სოფელ ჩარგლის წმინდა გიორგის ეკლესიის 1861 წლის მეტრიკული წიგნი.
მწერალმა ამ საკითხს 1912 წლის N584 „სახალხო გაზეთში“ სპეციალური პუბლიკაცია უძღვნა: „მცირე შენიშვნა“.
„თუ ბიოგრაფია იწერება, უნდა დაიწეროს სიმართლით, ნამეტნავად სიყალბე უნდა შესწორდეს ჩემ სიცოცხლეშივე, რადგან იგი ჩემი სიკვდილის შემდეგაც იბარტყებს საკმაოდ. მე დავიბადე სოფ. ჩარგალში 1862 წ. 15 მაისს“…

იას უთხარით ტურფასა
(სიმღერა)
იას უთხარით ტურფასა
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებრალებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.

ფოტო: საქართველოს მწერალთა სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები