ვახტანგ კაპანაძე: უკრაინასთან დასავლეთია, რომელიც მარტო არ ტოვებს რუსეთთან
“მოსკოვზე დარტყმები არის უკრაინელების სისტემური მოქმედება, ე.წ. პროექტი თუ პროგრამა, ლოჯისტიკის ლოკდაუნის შემადგენელი ნაწილი. ამით უკრაინელები მაქსიმალურად შლიან რუსების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მათ შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნავთობსაცავებზე დარტყმა, რათა საწვავის მნიშვნელოვანი მარაგი შეუმციროს რუსეთს”,-
ამის შესახებ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, უკრაინასთან დასავლეთია, რომელიც მარტო არ ტოვებს რუსეთთან.
“სად არის სახელგანთქმული უძლეველი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა? საუბარია ბირთვულ სახელმწიფოზე, რომელიც სცენარულ ვარიანტში მაინც დაცული უნდა იყოს მოწინააღმდეგის ასევე ბირთვული დარტყმებისაგან. დღეს კი რას ვხედავთ: მოსკოვის გარშემო, თუ არ ვცდები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის 5 სარტყელია. პაროდიაა კრემლის ქონგურებზე ტყვიამფრქვევიანი ჯარისკაცები, აღარაფერს ვამბობ საზენიტო დანადგარებზე, რომლებიც მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე დადგეს, მანამდე კი სხვადასხვა ტიპის რაკეტების და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მთელი რგოლი მოსკოვის გარშემო. საოცარია, რომ ასე ადვილად იბომბება მოსკოვი, თორემ ის, რომ ამხელა ტერიტორიაზე რუსები ყველაფერს ვერ განათავსებენ, ფაქტია. დაზიანებული და განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების აღდგენა მარტივად არ ხდება, ვინაიდან რთული სისტემაა, რომელიც მაღალტექნოლოგიებს მოითხოვს.
უკრაინელები მაქსიმალურად ცდილობენ დაარტყან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს. 100 დრონიდან 90-95 თუ ჩამოაგდეს, 5 დრონი ხომ მაინც მოხვდება მიზანს და ამის შედეგია ის, რომ მოსკოვის ცენტრიდან 15 თუ 11 კმ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შავ კვამლშია გახვეული. ფაქტია, უკრაინელებს შეუძლიათ დღეში 300-400 დრონი გაუშვან, ისინი ამას ახერხებენ… რაც შეეხება დიდი შვიდეულის ქვეყნების გადაწყვეტილებას დაეხმარონ უკრაინას, საუბარია არა მარტო რაკეტსაწინააღმდეგო, არამედ შორი მოქმედების დარტმით საშუალებებსა და წარმოებაზეც. ეს არა მხოლოდ დრონებია, არამედ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. ახლახან უკრაინამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შექმნა შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტა. ფრთოსან რაკეტასთან შედარებით, ბალისტიკური ძალიან რთული კონსტრუქციისაა, მაგრამ ეფექტიანი. მოსკოვზე დარტყმები არის უკრაინელების სისტემური მოქმედება, ე.წ. პროექტი თუ პროგრამა, ლოჯისტიკის ლოკდაუნის შემადგენელი ნაწილი. ამით უკრაინელები მაქსიმალურად შლიან რუსების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მათ შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნავთობსაცავებზე დარტყმა, რათა საწვავის მნიშვნელოვანი მარაგი შეუმციროს რუსეთს.
დარტყმების პროგრამაში ჩადებულია კასკადური ეფექტის კონცეფცია, ანუ ერთმა ზარალმა უნდა გამოიწვიოს მეორე, სტრატეგიული ობიექტის განადგურება, ლოჯისტიკური, საწვავით მომარაგების მოშლა, ასევე რუსეთის საწვავით ფულის მიღების შეზღუდვა, რაც მას ომის გასაგრძელებლად სჭირდება. ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია რუსებმა იგრძნონ, რომ ომი მიუბრუნდათ სახლში. და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პუტინი აიძულონ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინასთან დასავლეთია, რომელიც მარტო არ ტოვებს რუსეთთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სანამ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, ორივე მხარე ცდილობს “კოზირებით” მივიდნენ მაგიდასთან, ორივეს მყარი არგუმენტები ჰქონდეს. ამ შემთხვევაში გაცილებით მყარი არგუმენტები აქვს უკრაინას.
ამავე დროს, ამ დაპირისპირებაში უკრაინას მხარში უდგას 500-მილიონიანი ევროპა თავისი პოტენციალით (ამას დავუმატოთ 300-მილიონიანი ამერიკაც) და ვინ უდგას რუსეთს უკან? – ჩრდილოეთი კორეა, ირანს კი თავისი გასჭირვებია. ჩინეთი რუსეთის სიტუაციური მოკავშირეა და სულაც არ სჭირდება ძლიერი რუსეთი, დასუსტებული და მასზე ჩამოკიდებული აწყობს. ვერ გეტყვით, პუტინის თავში რა მოიხარშება. სლავების მთავარ სიწმინდეს, კიევ-პეჩორის ლავრას რომ დაარტყამ, რაზეა ლაპარაკი? მთელი რუსული სუბკულტურა თავისი შანსონით, ანეკდოტებით და ფილმებით დამთავრებული, აგებული იყო ოდესაზე და ახლა რუსეთი უმოწყალოდ ბომბავს ოდესას. ეს ბარბაროსობა რუსეთისთვის, პუტინის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია – მე თუ არა, არც არავინ – ასეთი პრინციპია. ამავე დროს რუსეთი ყირიმს კარგავს, ის ბლოკადაშია, ყირიმში მოსახლეობა შავ დღეშია. ტურისტული სეზონის ჩავარდნას ვინ ჩივის, ჭირს საწვავის, პროდუქტის, საკვების მიწოდება, აბსოლუტურად ყოველღამ დრონების წუილია.
რაც შეეხება კითხვას, “როგორც კი რუსეთი ჩიხში შედის, პუტინი მაშინვე ბირთვულ მუქარაზე გადადის. მართლა არის სტრატეგიული ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამომყენებელი?” – ეჭვი მეპარება. მეორე საკითხია, რამდენად ქმედითია ეს იარაღი, ვინაიდან ბირთვულ იარაღს ბევრი პროცედურის ჩატარება, შენახვისა და ტექნოლოგიური მოვლის წესები სჭირდება. არ ვიცი, ამას რუსები რამდენად რეგულარულად აკეთებენ, იმიტომ, რომ ბევრ შემთხვევაში რუსების ცდები და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სწავლებები წარმატებული არ აღმოჩნდა.
პროგრამა “მიდლ სტრაიკი” ანუ საშუალო სიღრმეზე დარტყმები კი მტკივნეულად მიდის, რადგან მომარაგება, მთელი ლოჯისტიკა, როტაცია და ა.შ განთავსებულია ამ ე.წ. შუალედურ რგოლში. დივიზიის იქნება, კორპუსის თუ საარმიო ზურგი, ეს ის სიღრმეა, სადაც ეფექტიანია აქტიურად გამოყენებული ამერიკული “ჰორნეტები” (ამერიკული დრონები, რომელიც ამერიკამ უკრაინას მიაწოდა), ის არცთუ ისე ძვირია და ჩახშობის შემთხვევაში დამოუკიდებლად შეუძლია სატელიტური კავშირის გარეშე გააგრძელოს მოქმედება, თვითონ აღმოაჩინოს და დააზიანოს მიზანი. უპილოტო სისტემების სარდლის, მეტსახელად “მადიარის” განმარტებით, ყირიმი უახლოეს მომავალში მთლიანად იქნება ბლოკირებული და ამ გზებზე მიწოდების სისტემების თუ სატვირთოების განადგურება ისეთივე ადვილია, როგორც “მინდორში გნოლებზე ნადირობა”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.