“მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც მაშინვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში; ძირითადი ზიანი, რომელიც ქალაქს მიადგა, უკვე გაწმენდილია და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება” – პაპუაშვილი
“მასშტაბური სტიქია მოხდა თელავში. როგორც შედეგებმა და კვლევებმა აჩვენა, რამდენიმე საათში თელავში ნალექის ნორმის 85 პროცენტი მოვიდა, რაც თავისთავად აჩვენებს, რა მასშტაბის სტიქიასთან გვქონდა საქმე. ასეთი მასშტაბის სტიქია თელავში ბოლოს 55 წლის წინ მოხდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, თელავში ღვარცოფდამცავმა ნაგებობებმა შეაკავეს ხეების, მორებისა და ღორღის დიდი ნაწილი.
“თუმცა, სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ ღვარცოფმა გვერდი აუარა სამ ჯებირს, რომელიც ქალაქს იცავდა და დარჩენილი მასა ქალაქამდე ჩამოვიდა. სტიქიისა და მიყენებული ზიანის მასშტაბი საკმაოდ დიდია, თუმცა, მეორე მხრივ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც მაშინვე ჩაერთო სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. ძირითადი ზიანი, რომელიც ქალაქს მიადგა – გზებზე ჩამოტანილი ქვა-ღორღი – უკვე გაწმენდილია და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.