სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში: ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ფაქტობრივად მთლიან მუნიციპალიტეტს გუშინვე; გაზმომარაგება მხოლოდ 70 აბონენტს ჰქონდა შეზღუდული

“პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტიქიის პირველივე საათებიდან ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში – საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო. სწორედ ამ კოორდინაციამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან ეფექტურად ვმართეთ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში, პლატონ კალმახელიძემ განუცხადა.

როგორც კალმახელიძემ განმარტა, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზარალის ზუსტი რაოდენობა დაითვლება.

„პირველ რიგში, მოვახდინეთ ის, რომ მოვახერხეთ უსაფრთხოება ადგილობრივი მოსახლეობის და გუშინვე ძირითადი ინფრასტრუქტურა გავხსენით, გავხსენით ის ეპიცენტრი კავკასიონის ქუჩასა და სეხნიაშვილის ქუჩაზე არსებული ხევი, რის გარშემო განვითარდა ძირითადი მოვლენები სტიქიის დროს.

რაც შეეხება ევაკუაციას, ევაკუაცია ძირითადად განხორციელდა კომერციული ობიექტებიდან, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან იმიტომ, რომ საშიშროება იქმნებოდა აღნიშნულ მონაკვეთში მდინარის გადმოსვლის.

ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ფაქტობრივად მთლიან მუნიციპალიტეტს გუშინვე. ერთადერთი მრავალბინიანი კორპუსი კავკასიონის #43-ში უსაფრთხოებიდან გამომდინარე გუშინ გამორთული. როგორც კი დასრულდება სამუშაოები მაშინვე აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება.

გაზმომარაგება მხოლოდ და მხოლოდ 70 აბონენტს ჰქონდა შეზღუდული. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 10 აბონენტს არ მიეწოდება გაზი“, – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები