“რუსეთის მიზანი ერთია – გავლენა ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო გეოგრაფიაზე და ამისთვის მაქსიმალურად იყენებს იმ რესურსებს, რომლებიც გააჩნია”

0

“რუსეთი გეოგრაფიულ სპეციფიკასაც ითვალისწინებს და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მიზანი ერთია – გავლენა ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო გეოგრაფიაზე და ამისთვის მაქსიმალურად იყენებს იმ რესურსებს, რომლებიც გააჩნია”,-ამის შესახებ “საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის” (GISP) დამფუძნებელმა, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტმა, დავით ბრაგვაძე “ახალ თაობასთან” ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთს ამბიცია აქვს, რომ დაუბრუნდეს “სუპერძალის მდგომარეობას” მსოფლიოს არენაზე.
– ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში უამრავი ფაქტია, როცა ფარული და აკრძალული საქმიანობის გამოვლენის გამო რუსი დიპლომატების გაძევება ან რუსი ჯაშუშების გამოვლენა ხდება, როგორც ეს მოხდა ბოლოს თუნდაც ჩეხეთსა და პოლონეთში. იზრდება თუ არა რუსეთის მთავრობის მავნე მეთოდების გამოყენება თავისი საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რა არის ამის მიზეზი?
– რუსეთს რომ ამბიცია აქვს, დაუბრუნდეს “სუპერძალის მდგომარეობას” მსოფლიოს არენაზე, ეს შეინიშნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა. ამის შემდეგ რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რომელსაც დღეს ჰიბრიდულ მეთოდებსაც ეძახიან. იყენებს როგორც ჰიბრიდულ მეთოდებს, ისე გაცილებით უხეშ მეთოდებსაც, ჯაშუშურ ქსელებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას – ამას მხოლოდ ბალკანეთში არ აკეთებს.
ჩეხეთის მაგალითი ავიღოთ თუნდაც, სადაც ჯაშუშური ქსელი გამოვლინდა, რომელიც რუსეთზე მუშაობდა. ასევე, სკრიპალების საქმის მერე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რამდენიმე დიპლომატი გააძევეს, მათ შორის ჩეხეთიდან ჯაშუშობის ბრალდებით – სამი დიპლომატი.
ამ ბოლო პერიოდში იმავე ბრალდებით ბულგარეთიდან საელჩოს პირველი მდივანი გააძევეს, რომელიც დიპლომატიის საფარქვეშ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა.
რუსეთი გეოგრაფიულ სპეციფიკასაც ითვალისწინებს და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მიზანი ერთია – გავლენა ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო გეოგრაფიაზე და ამისთვის მაქსიმალურად იყენებს იმ რესურსებს, რომლებიც გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის უხეში სამხედრო ძალა, ზოგან არის ნავთობის დიპლომატია, ჯაშუშური ქსელები და ზოგან საზოგადოებრივი ორგანიზაციები – გააჩნია, რომელი უფრო ეფექტიანი მეთოდია კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში.
– გამოდის, რომ რუსეთის ხელისუფლება ასე მარტივად და თავხედურად იქცევა პარტნიორი სახელმწიფოების ტერიტორიაზეც კი? გვახსოვს სერგეი სკრიპალის საქმე და მკაცრი სანქციები, რომლებიც რუსეთს დაედო, მაგრამ ეს სანქციები რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს?
– ეს სანქციები რუსეთს პრობლემებს, ცხადია, უქმნის – მათ შორის სოლიდურ ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს რუსეთისთვის არის ერთ-ერთი სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ის “დაჭრილი მხეცის” მდგომარეობაში ვარდება და ხშირად ცდილობს, ამის საპასუხოდ კიდევ უფრო აგრესიული ღონისძიებები გაატაროს. თუმცა, ბევრის შეფასებით, ეს უკვე რესურსების ზღვარზე მყოფი ქვეყნის საქციელია, რომელსაც სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ ამ მეთოდებით შეინარჩუნოს ან, თუ შესაძლებელია, სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი გავლენები გააძლიეროს.
– ბულგარეთში რუსული ორგანიზაცია “რუსოფილის” ხელმძღვანელ ნიკოლაი მალინოვისა და სხვა წევრების წინააღმდეგ გამოძიების შედეგად გამოვლინდა კავშირები რუსულ დაზვერვასთან. ეს “რუსოფილები” წლებია, აწარმოებენ რუსულ პროპაგანდისტულ კამპანიას, ჰყავთ ათასობით მიმდევარი. სწორედ ასეთი ქმედებებით ცდილობენ რუსები, რომ ბულგარეთი ან სხვა ქვეყნები ნატოს დააშორონ?
– ცხადია, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ რუსეთს ეს მიზანი ჰქონდეს – ნატოს თითოეულ წევრ ქვეყანაში რუსული სენტიმენტების გაძლიერება ნიშნავს ნატოსთვის დამატებით “თავის ტკივილს”. ბულგარეთი არ არის ნატოს ისეთი წევრი, რომელშიც თუნდაც სკეპტიკური განწყობები ნატოს მიმართ ძირეულ რყევებს გამოიწვევს, მაგრამ პრეცედენტის შექმნის თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი იქნება.
ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ რამდენიმე შემთხვევა, მაგალითისთვის “ბრექსითი”, სადაც სერიოზული წვლილი შეიტანა რუსულმა რესურსებმა იმაში, რომ ბრიტანეთში ევროსკეპტიკური განწყობები გაღვივებულიყო. ასევე შეგვიძლია, კატალონიის რეფერენდუმი გავიხსენოთ, სადაც ვენესუელურ “ბოტებსა” და “ტროლებს” იყენებდნენ, რადგან ესპანურის მცოდნე ხალხი რუსეთში ბევრი არ არის, იმისთვის, რომ კატალონიის რეფერენდუმზე ის შედეგი მიეღოთ და ესპანეთში გარკვეული რყევები გამოეწვიათ.
დიდ ევროპულ სახელმწიფოებს სხვადასხვა საკითხზე კონსენსუსის მიღწევა უკვე უჭირთ, იმიტომ, რომ ის ისეთი ერთიანი აღარ არის, როგორიც 10 წლის წინ იყო. გარკვეული ფაქტორების, მათ შორის რუსეთის უხეში ჩარევის გამოც საზოგადოებრივი განწყობები და პოლიტიკური ელიტების დამოკიდებულება ცალკეული საკითხების მიმართ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
– რამდენად ძლიერია რუსული “რბილი ძალა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით თუნდაც ამ ფაქტებიდან გამომდინარე? ხედავთ რეალურ საფრთხეს და რაში?
– საფრთხე, ცხადია, რეალურია, იმიტომ, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ ემორჩილება.
რუსეთი არის რევიზიონისტული ძალა, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგის გადახედვას და ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარი როლის გაზრდას ცდილობს. აქედან გამომდინარე, საფრთხე რეალურია, იმიტომ, რომ აგრესიული ძალაა.
ჩვენ არ ვიცით, რუსეთი საკუთარი ინტერესების გასატარებლად რა ნაბიჯს გადადგამს. შეიძლება იყოს აბსოლუტურად ირაციონალური და მათ შორის რუსეთისთვის დამაზიანებელი ქმედებაც. ასეთ ქმედებებს მოსკოვი ხშირ შემთხვევაში არ ერიდება, იმისთვის, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს დარტყმა მიაყენოს – აკეთებს ისეთ რამეს, რაც დარტყმას აყენებს თავად მასაც. მისთვის ისაა მნიშვნელოვანი და მთავარი, რომ მოწინააღმდეგეს დარტყმა მიაყენოს.
ამ გადმოსახედიდან სასურველი იქნებოდა, რომ ეს საფრთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო ადეკვატურად იყოს შეფასებული. უკვე თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად საშიში და დამაზიანებელია რუსული რევიზიონიზმი თანამედროვე სამყაროსთვის. ამავე დროს, კარგია ის, რომ სახელმწიფოები სულ უფრო მეტ ერთობლივ ძალისხმევას იყენებენ უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

კონსტანტინე ამილახვარი

წყარო: https://akhalitaoba.ge

კომენტარები

კომენტარი