დავით ბრაგვაძე: რუსეთი “დაჭრილი მხეცის” მდგომარეობაში ვარდება

ბალკანური სკანდალი და ბულგარეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების რუს ჯაშუშებთან ერთად მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით განხილვადი საკითხი გახდა. რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის საფარველქვეშ მოქმედი ჯაშუშის გამოაშკარავებამ ბევრი საკითხი წინ წამოსწია, ბევრს კი კიდევ ერთხელ ახადა ფარდა.
რუსი ჯაშუშის გამოაშკარავებას წინ უძღოდა ბულგარეთში მოქმედი მოძრაობა “რუსოფილის” ხელმძღვანელის, ბულგარეთის მოქალაქის ნიკოლაი მალინოვის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება, რომელიც სექტემბერში ორგანიზაციის რამდენიმე წევრთან ერთად დააკავეს, ასევე, ჩეხეთსა და პოლონეთში რუსი დიპლომატების გაძევება და რუსი ჯაშუშების გამოვლენა.
საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობს რუსეთის ფედერაცია, რატომ მისცა რუსეთის მთავრობამ მავნე მეთოდების გამოყენებას სისტემური სახე და ხომ არ გადის მისი ეს გეგმები საგარეო პოლიტიკის ხაზზე, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოს სწვდება? ადარდებს თუ არა საერთოდ რუსეთს საერთაშორისო სანქციები და ხომ არ არის მისი ეს “პატარ-პატარა” ნაბიჯები ნატო-ს დანაწევრებისკენ მიმართული?
ამ და სხვა საკითხებზე “ახალ თაობას” “საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის” (GISP) დამფუძნებელი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი დავით ბრაგვაძე ესაუბრა.
– ცოტა ხნის წინ ბულგარეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი ჯაშუშობაში ამხილეს, ჩატარდა სერიოზული გამოძიება და ბულგარეთის მთავრობამ ქვეყნიდან ამ დიპლომატის გაძევება მოითხოვა. რატომ აქტიურობს რუსეთი ამ კუთხით ბალკანეთზე?
– რუსეთს ბალკანეთის მიმართ ისტორიული ინტერესები აქვს და ამ მიმართულებით რამდენიმე ქვეყნის გამოყოფა შეიძლება – მათ შორის ნამდვილად არის ბულგარეთი. ასევე, რუსეთი ბულგარეთს დიდი მართლმადიდებლური სამყაროს ფარგლებში აქცევს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი აქტიური ღონისძიებების გატარებას ცდილობს, რომ ბალკანეთის ქვეყნებზე და მათ შორის ბულგარეთზე გავლენები შეინარჩუნოს. რუსეთი ღრმა უპატივცემულობას იჩენს ბულგარეთის სუვერენიტეტის, დიპლომატიური პროცესებისა და საზოგადოების მიმართ.
ბულგარეთში რამდენიმე ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაცია არსებობს, რომლებზეც სერიოზული ეჭვია, რომ პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. ასევე, არსებობს რამდენიმე ტელევიზია, რომლებიც რუსული ნარატივების გავრცელებას აქტიურად ეწევიან. ეს ყველაფერი ამ ქვეყნის მიმართ რუსეთის განსაკუთრებულ ინტერესზე მიანიშნებს.
ბულგარეთის საზოგადოებაშიც არის რუსების მიმართ გარკვეული სენტიმენტები. როგორც “მხსნელებს”, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ისე უყურებს. ეს არ არის დიდი ნაწილი, თუმცა ერთი პერიოდი მათი წილი უფრო სოლიდური იყო – მათ ახსოვთ რუსეთის ის დამსახურება, რომლის შედეგადაც ბულგარეთი მუსლიმანური სამყაროს გავლენებისგან გათავისუფლდა. აქედან გამომდინარე, რუსეთი, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ხშირად ცდილობს, ამ სენტიმენტებს ჩაეჭიდოს.
ასევე, ბულგარეთი არის ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს დამატებითი მოტივაცია შეიძლება იყოს რუსეთისთვის, რომ მან მისთვის არასასურველ ბლოკებში გარკვეული განხეთქილება გააჩინოს. კრემლი ამ ქვეყანას უდგება, როგორც ვასალს და ცდილობს მოახდინოს შიდა პროცესებზე გავლენა, მაგრამ ფაქტია, რომ ბულგარეთი “მე-16 საბჭოთა რესპუბლიკა” არ არის და არ სურს, რუსეთის კარნახს დაემორჩილოს. ბულგარეთი დღეს არის პროგრესული ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა და არ სურს საბჭოთა კავშირში დაბრუნება.
– ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში უამრავი ფაქტია, როცა ფარული და აკრძალული საქმიანობის გამოვლენის გამო რუსი დიპლომატების გაძევება ან რუსი ჯაშუშების გამოვლენა ხდება, როგორც ეს მოხდა ბოლოს თუნდაც ჩეხეთსა და პოლონეთში. იზრდება თუ არა რუსეთის მთავრობის მავნე მეთოდების გამოყენება თავისი საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რა არის ამის მიზეზი?
– რუსეთს რომ ამბიცია აქვს, დაუბრუნდეს “სუპერძალის მდგომარეობას” მსოფლიოს არენაზე, ეს შეინიშნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების სათავეში ვლადიმერ პუტინი მოვიდა. ამის შემდეგ რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს სხვადასხვა მეთოდს, რომელსაც დღეს ჰიბრიდულ მეთოდებსაც ეძახიან. იყენებს როგორც ჰიბრიდულ მეთოდებს, ისე გაცილებით უხეშ მეთოდებსაც, ჯაშუშურ ქსელებს, სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას – ამას მხოლოდ ბალკანეთში არ აკეთებს.
ჩეხეთის მაგალითი ავიღოთ თუნდაც, სადაც ჯაშუშური ქსელი გამოვლინდა, რომელიც რუსეთზე მუშაობდა. ასევე, სკრიპალების საქმის მერე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რამდენიმე დიპლომატი გააძევეს, მათ შორის ჩეხეთიდან ჯაშუშობის ბრალდებით – სამი დიპლომატი.
ამ ბოლო პერიოდში იმავე ბრალდებით ბულგარეთიდან საელჩოს პირველი მდივანი გააძევეს, რომელიც დიპლომატიის საფარქვეშ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა.
რუსეთი გეოგრაფიულ სპეციფიკასაც ითვალისწინებს და სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. მიზანი ერთია – გავლენა ჰქონდეს რაც შეიძლება ფართო გეოგრაფიაზე და ამისთვის მაქსიმალურად იყენებს იმ რესურსებს, რომლებიც გააჩნია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის უხეში სამხედრო ძალა, ზოგან არის ნავთობის დიპლომატია, ჯაშუშური ქსელები და ზოგან საზოგადოებრივი ორგანიზაციები – გააჩნია, რომელი უფრო ეფექტიანი მეთოდია კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში.
– გამოდის, რომ რუსეთის ხელისუფლება ასე მარტივად და თავხედურად იქცევა პარტნიორი სახელმწიფოების ტერიტორიაზეც კი? გვახსოვს სერგეი სკრიპალის საქმე და მკაცრი სანქციები, რომლებიც რუსეთს დაედო, მაგრამ ეს სანქციები რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს?
– ეს სანქციები რუსეთს პრობლემებს, ცხადია, უქმნის – მათ შორის სოლიდურ ეკონომიკურ პრობლემებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს რუსეთისთვის არის ერთ-ერთი სერიოზული გამაღიზიანებელი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, ის “დაჭრილი მხეცის” მდგომარეობაში ვარდება და ხშირად ცდილობს, ამის საპასუხოდ კიდევ უფრო აგრესიული ღონისძიებები გაატაროს. თუმცა, ბევრის შეფასებით, ეს უკვე რესურსების ზღვარზე მყოფი ქვეყნის საქციელია, რომელსაც სხვა გზა აღარ დარჩენია, გარდა იმისა, რომ ამ მეთოდებით შეინარჩუნოს ან, თუ შესაძლებელია, სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი გავლენები გააძლიეროს.
– ბულგარეთში რუსული ორგანიზაცია “რუსოფილის” ხელმძღვანელ ნიკოლაი მალინოვისა და სხვა წევრების წინააღმდეგ გამოძიების შედეგად გამოვლინდა კავშირები რუსულ დაზვერვასთან. ეს “რუსოფილები” წლებია, აწარმოებენ რუსულ პროპაგანდისტულ კამპანიას, ჰყავთ ათასობით მიმდევარი. სწორედ ასეთი ქმედებებით ცდილობენ რუსები, რომ ბულგარეთი ან სხვა ქვეყნები ნატოს დააშორონ?
– ცხადია, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ რუსეთს ეს მიზანი ჰქონდეს – ნატოს თითოეულ წევრ ქვეყანაში რუსული სენტიმენტების გაძლიერება ნიშნავს ნატოსთვის დამატებით “თავის ტკივილს”. ბულგარეთი არ არის ნატოს ისეთი წევრი, რომელშიც თუნდაც სკეპტიკური განწყობები ნატოს მიმართ ძირეულ რყევებს გამოიწვევს, მაგრამ პრეცედენტის შექმნის თვალსაზრისით ეს მნიშვნელოვანი იქნება.
ჩვენ შეგვიძლია, გავიხსენოთ რამდენიმე შემთხვევა, მაგალითისთვის “ბრექსითი”, სადაც სერიოზული წვლილი შეიტანა რუსულმა რესურსებმა იმაში, რომ ბრიტანეთში ევროსკეპტიკური განწყობები გაღვივებულიყო. ასევე შეგვიძლია, კატალონიის რეფერენდუმი გავიხსენოთ, სადაც ვენესუელურ “ბოტებსა” და “ტროლებს” იყენებდნენ, რადგან ესპანურის მცოდნე ხალხი რუსეთში ბევრი არ არის, იმისთვის, რომ კატალონიის რეფერენდუმზე ის შედეგი მიეღოთ და ესპანეთში გარკვეული რყევები გამოეწვიათ.
დიდ ევროპულ სახელმწიფოებს სხვადასხვა საკითხზე კონსენსუსის მიღწევა უკვე უჭირთ, იმიტომ, რომ ის ისეთი ერთიანი აღარ არის, როგორიც 10 წლის წინ იყო. გარკვეული ფაქტორების, მათ შორის რუსეთის უხეში ჩარევის გამოც საზოგადოებრივი განწყობები და პოლიტიკური ელიტების დამოკიდებულება ცალკეული საკითხების მიმართ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი.
– რამდენად ძლიერია რუსული “რბილი ძალა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით თუნდაც ამ ფაქტებიდან გამომდინარე? ხედავთ რეალურ საფრთხეს და რაში?
– საფრთხე, ცხადია, რეალურია, იმიტომ, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს არ ემორჩილება.
რუსეთი არის რევიზიონისტული ძალა, რომელიც არსებული მსოფლიო წესრიგის გადახედვას და ახალ მსოფლიო წესრიგში საკუთარი როლის გაზრდას ცდილობს. აქედან გამომდინარე, საფრთხე რეალურია, იმიტომ, რომ აგრესიული ძალაა.
ჩვენ არ ვიცით, რუსეთი საკუთარი ინტერესების გასატარებლად რა ნაბიჯს გადადგამს. შეიძლება იყოს აბსოლუტურად ირაციონალური და მათ შორის რუსეთისთვის დამაზიანებელი ქმედებაც. ასეთ ქმედებებს მოსკოვი ხშირ შემთხვევაში არ ერიდება, იმისთვის, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეს დარტყმა მიაყენოს – აკეთებს ისეთ რამეს, რაც დარტყმას აყენებს თავად მასაც. მისთვის ისაა მნიშვნელოვანი და მთავარი, რომ მოწინააღმდეგეს დარტყმა მიაყენოს.
ამ გადმოსახედიდან სასურველი იქნებოდა, რომ ეს საფრთხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კიდევ უფრო ადეკვატურად იყოს შეფასებული. უკვე თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად საშიში და დამაზიანებელია რუსული რევიზიონიზმი თანამედროვე სამყაროსთვის. ამავე დროს, კარგია ის, რომ სახელმწიფოები სულ უფრო მეტ ერთობლივ ძალისხმევას იყენებენ უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

კონსტანტინე ამილახვარი

წყარო: https://akhalitaoba.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები