ვახტანგ ძაბირაძე: პიარისთვის 1000-ზე მეტი კაცი ჰყავთ დასაქმებული, რომლებიც არაფერს აკეთებენ

2018 წლის მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლების პიარსამსახურში 1037 ადამიანი დასაქმდა, – ამ მონაცემებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” თავის კვლევაში, 194 უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, ამ სამსახურებში 2017 წელს 996 თანამშრომელი მუშაობდა, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ხელფასი, პრემია, ბონუსი და დანამატი 2 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, ხოლო 2017 წელს 194 უწყების პიარ-თანამშრომელთა ანაზღაურებამ საერთო ჯამში 18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი 20 047 896 ლარი.

რამდენად სწორად ახერხებენ ხელისუფლების პიარსამსახურები ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციას, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

პოლიტოლოგის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ამ ხელისუფლების უსუსტესი ადგილი პიარია.

“ამ სამსახურისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ამხელა ხარჯი ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ უფრო მოულოდნელია თანამშრომელთა რაოდენობა. ეს კატასტროფაა, მით უფრო, რომ მუდმივად ლაპარაკობენ რეფორმების გატარებაზე, ქამრების შემოჭერასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე და ამ დროს პიარისთვის 1000-ზე მეტი კაცი ჰყავთ დასაქმებული, რომლებიც არაფერს აკეთებენ. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ამ ხელისუფლების უსუსტესი ადგილი პიარია. ვერა და ვერ მოახერხეს, რომ გაკეთებული საქმეების, გეგმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობამდე ისე მიეტანათ, მათ რეიტინგზე დადებითად ასახულიყო”, – განმარტა ძაბირაძემ.

მისივე განცხადებით, პიარი ყველაზე სუსტი რგოლია და დასაქმების ბიუროდ, კერძო ინტერესების ადგილად იქცა.

“ოცნების” 7 -წლიანი მმართველობის განმავლობაში არ მახსენდება რომელიმე რეფორმა წარმატებულად გაეპიარებინოთ. არადა, თუნდაც ჯანდაცვის რეფორმა მართლაც კარგად გატარდა და დიდი სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ისე ვერ მიაწოდეს მოსახლეობას, რომ კითხვები არ გაჩენილიყო. ეს სამსახური ყველაზე სუსტი რგოლია და თუ ამ სისუსტეში ამდენი კაცია ჩართული და ამდენი თანხა იხარჯება, ეს ხალხის დაცინვაა. ფაქტია, დასაქმების ბიუროდ და კერძო ინტერესების ადგილად იქცა”, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები