ვის ეძებენ რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო – მთავარი ფიგურანტი, დაკავებული პოლიციელის სიძეა

რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ბრალდებული მეექვსე პირი, რომელიც ამ დრომდე დაკავებული არ არის და მასზე სამართალდამცველებს ოფიციალური ძებნა აქვთ გამოცხადებული, ზურაბ ჯღარკავაა.

ჯღარკავას მოკლულთან, 35 წლის ზურაბ დადეშელთან დიდხნიანი დაპირისპირება ჰქონდა. დადეშელის პოვნაში დახმარება მან საკუთარ ცოლისძმას, დავით მიროტაძეს სთხოვა, რომელიც 2009 წლიდან პოლიციის თანამშრომელი გახლავთ და ამავე საქმეზე, გატაცების ბრალდებითაა დაკავებული.

თავის მხრივ, მიროტაძემ საქმეში ჩართო დიმიტრი დუღაშვილი, რომელიც შსს-ს ორგანოებში 2010 წლიდან მსახურობდა, წელს კი უწყებიდან გაათავისუფლეს. საქმეში ჩაერთო ასევე, მოქმედი პოლიციელი მიხეილ ღუბიაური.

გამოძიების ინფორმაციით, მათ დადეშელი თბილისის ტერიტორიაზე გაიტაცეს და ანგარიშსწორების მიზნით ზურაბ ჯღარკავას გადასცეს. ამ უკანასკნელმა კი, თანამზრახველთან – გიორგი ასათიანთან ერთად დადეშელი სასტიკი მეთოდებით მოკლა და ცხედარი მტკვარში გადააგდო.

ზურაბ ჯღარკავას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ოფიციალური ძებნა გამოცხადდა. ის ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

ასათიანი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციელებს და დადეშელის მეგობარს, გიორგი გეთაშვილს კი თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებათ ბრალად.

ზურაბ დადეშელის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში, მტკვარმა გამორიყა. წინასწარი ინფორმაციით, მას 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები