რას ყვება საზარელი მკვლელობისთვის გასამართლებული იაგო ნებიერიძის დედა -ექსკლუზიური ინტერვიუ ნუნუ გრიგალაშვილთან

2018 წლის 25 ოქტომბერს სრულიად საქართველო შემზარავმა ინფორმაციამ მოიცვა. გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდინარე ლიახვის პირას 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. მომხდარიდან მეორე დღეს გოგონას მკვლელობის ბრალდებით 34 წლის გორელი იაგო ნებიერიძე დააკავეს. სასამართლომ ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ახლა ის რუსთავის ციხეში, განმარტოებით საკანში იხდის სასჯელს, თუმცა თავს უდანაშაულოდ, მეტიც მსხვერპლად მიიჩნევს. 

“რეგიონული კვირა” იაგოს დედას, ნუნუ გრიგალაშვილს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ მოიპოვა. სასტიკი მკვლელობისთვის გასამართლებულის დედამ პირველად სწორედ “რეგიონულ კვირასთან” ისაუბრა დეტალებზე.

ნუნუ გრიგალაშვილს, მტკიცებულებების მიუხედავად, დღემდე არ სჯერა, რომ მისი შვილი მსგავს სისასტიკეს ჩაიდენდა, თუმცა ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. 

მოგვიყევით თქვენი შვილის შესახებ? როგორი ბავშვობა ჰქონდა მას?
– ჩვეულებრივი, ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, ბეჯითად სწავლობდა. აგრესიულად არ გაგვიზრდია. ციხეშიც, პირველად, თავისი უტვინობით მოხვდა, წერილი დაწერა, რის გამოც დააკავეს. თაღლითობის მუხლი მიუსაჯეს. მეორედ, ტელეფონის წართმევაზე ჩასვეს, სულ 12 წელი გამოუვიდა პატიმრობა.
რა წერილს გულისხმობთ? საუბარია 2004 წელს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის გაუჩინარებაზე?
– დიახ. იცით როგორ იყო? წერილი ჰქონდა დაწერილი, სადაც წერდა დაკარგული ბავშვის მშობლებს, თუ გინდა გაიგოთ თქვენი შვილი სად არის, 20 000$ უნდა მომცეთო. თქვენს სადარბაზოსთან ვდგავარ და ჩამომიგდეთ ასანთის კოლოფითო და თავისი ნამდვილი სახელი და გვარი ეწერა ბოლოში, თუმცა მერე მიუწერია, რომ გორელი არ ვარ, ჩამოსული ვარო. ეს წერილი ბოშა ბავშვისთვის გაუტანებია. მან სინამდვილეში არაფერი იცოდა დაკარგული 11 წლის ბავშვის შესახებ, უბრალოდ, გაიგო ეს ამბავი და ფული მოსთხოვა ოჯახს. საოლქო სასამართლოში მისი საქმე რომ მიმდინარეობდა, მოსამართლემ უთხრა, 26 წლის სასამართლო სტაჟი მაქვს და პრაქტიკაში ასეთი რამ არ მინახავს, რატომ მიაწერე წერილს შენი სახელი და გვარიო და ამ წერილის გულისთვის მიუსაჯეს თაღლითობის მუხლი.
რამდენიმე თვის წინ გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე,  ინტენსიურად მუშაობდნენ  საგამოძიებო ორგანოები და გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ თქვენმა შვილმა მიუთითა, რომ 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დაკრძალული. რას ფიქრობთ ამაზე, თუ მას არ ჩაუდენია ეს მკვლელობა, საიდან ჰქონდა ინფორმაცია ბერძნიშვილის საფლავის ადგილმდებარეობის შესახებ?
– როგორც მე ვიცი, ციხეში გაუგია ჩემს შვილს ბერძნიშვილის ამბავზე რაღაც და მაგის საფუძველზე უთხრა პოლიციას, რომ შეიძლება აქ იყოს სამარხიო. კი, მუშაობდნენ პოლიციელები რამდენიმე დღეს, მაგრამ ვერაფერს მიაკვლიეს. უპოვიათ ძვლები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ცხოველს ეკუთვნოდა..
შეგიძლიათ, გაიხსენოთ 25 ოქტომბრის საღამო, როდესაც შემზარავი ამბავი მოხდა?
– საღამოს შვიდის წუთები იყო, როდესაც სახლში დავბრუნდი. იაგო სახლში დამხვდა. სამუშაოდან ხან ადრე მოდიან, ხან – გვიან. იმ საღამოს, ჩვეულებრივი იყო, არც აღელვებული ყოფილა, არც ნერვიულობდა. საჭმელი შევთავაზე, უარი მითხრა, მხოლოდ რძე დალია, რადგან ახველებდა. ადრე დაწვა. ზოგადად, ადრე იძინებდა ხოლმე, 8 საათი იქნებოდა, რომ უკვე ეძინა. მე გვიან ვიძინებ და სულ ამას მსაყვედურობდა, ადრე დაიძინეო. სახლის საქმეებს რომ მოვრჩი, ღამის 11 საათი იქნებოდა, ტელევიზიიდან გავიგე გოგონას მკვლელობის შესახებ და ძალიან გავნერვიულდი.
თქვენი შვილის ტანსაცმელზე სისხლის კვალი ხომ არ შეგიმჩნევიათ?
– არა, გენაცვალე, არანაირი სისხლის კვალი. როცა დააკავეს, მაშინ წაიღეს ის ტანსაცმელი და პოლიციამაც ვერ აღმოაჩინა სისხლის კვალი, თუმცა, როგორც გავიგე, სამუშაოზე დატოვებულ ტანისამოსზე ექსპერტიზას დაუდგენია, რომ დაღუპული ბავშვის სისხლის წვეთები იყო. სხვა მეტი არაფერი ვიცი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თქვენი შვილის მობილური ტელეფონიდან ვიდეოჩანაწერი ამოიღეს, სადაც 9 წლის ნანიკოს მკვლელობის დეტალებია აღბეჭდილი…
– მე ამ ვიდეოზე არაფერი ვიცი, არც მინახავს. ჩემი შვილი არ უარყოფს, რომ შემთხვევის ადგილზე იყო, მაგრამ ამბობს, მოტყუებით მიმიყვანესო.
რას ნიშნავს “მოტყუებით მიმიყვანეს”? ანუ, იაგოს გარდა, შემთხვევის ადგილზე სხვაც იყო კიდევ?
– ასე გამოდის, მაგრამ მე არაფერს მიყვება. ჩემთვის რომ რამე ეთქვა, მე თვითონ მივყვებოდი ამ საქმეს. რაც დაკავებულია, სულ ორჯერ ვნახე და ორივეჯერ მითხრა, როგორც ის ბავშვია მსხვერპლი, მეც ეგეთი მსხვერპლი ვარო. სხვა მეტი არაფერი უთქვამს. მთხოვა, ამ თემაზე აღარ გვესაუბრა. მეც აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ვხედავთ, რომ ჩემი შვილი სამუდამო პატიმრობაშია.
რომელ კოლონიაში იხდის თქვენი შვილი სასჯელს და რა პირობებში?
– რუსთავის ციხეში ზის, განმარტოებით კამერაში. 21 კაცი ყოფილა, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. როცა ვნახე, არაფერი უთქვამს მის მიმართ ცუდ ან არაადამიანურ მოპყრობაზე. სულ ჩემი ბრალია, მე დავატანე ძალა, გადი სამუშაოდ-მეთქი. რაც გამოვიდა, მთელი 8 თვე სულ სახლში იყო, გარეთაც არ გადიოდა. იჯდა და პურის გულებისგან სხვადასხვა ფიგურებს აკეთებდა, როგორც პლასტელინს, ისე ამუშავებდა და ფიგურებს ქმნიდა.
თქვენი შვილის პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
– ადრე ჰყავდა შეყვარებული, დაახლოებით 10 წლის წინ და გათხოვდა ის გოგო. მეგობრებიც არ ჰყავდა. აბა, სად უნდა მოესწრო ვინმეს გაცნობა? სულ ციხეში იჯდა.
თქვენ გჯერათ, რომ თქვენი შვილი ასეთ სისასტიკეს ჩაიდენდა​?
– არ ვიცი, ჩემი შვილი არასდროს გამოირჩეოდა უზრდელობით, არ ვიცი. არ ყოფილა რთული ხასიათის ადამიანი. ციხიდან მოტივირებული გამოვიდა, უნდოდა პირადი ცხოვრების მოწყობა, ამიტომ არ მჯერა, რომ მას შეეძლო ასეთი რამის გაკეთება.
– დღეს როგორია ხალხის დამოკიდებულება თქვენს მიმართ?
– ვცდილობ ხშირად არ გავიდე ქალაქში. ქუჩაში რომ გავდივარ, თავჩაღუნული დავდივარ. ხალხის მხრიდან აგრესია არ წამოსულა, მაგრამ ვცდილობ, ზედმეტად არავის მოვხვდე თვალში. სამსახურებიდან წამოვედი და ახლა მხოლოდ ერთგან ვმუშაობ.
– და ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგეკითხებით, გჯერათ, რომ თქვენი შვილი დამნაშავეა?
– მე და იაგომ ბოლო შეხვედრისას ვუთხარით ერთმანეთს, რომ ეს ძალიან მძიმე თემა იყო და აღარ გვესაუბრა ამაზე. თქვენც ნუღა დამიკავშირდებით, გენაცვალე.

ნუნუ გრიგალაშვილმა ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა. მანამდეც არაერთხელ გვითხრა, არ მინდა ჩემი შვილის ბრალეულობაზე საუბარიო, თუმცა ძნელია გაექცე რეალობასა და ფაქტებს, როდესაც ის საზარელ მკვლელობას ეხება.

2019 წლის 27 მაისი – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ გახმაურებული საქმის საბოლოო გადაწყეტილება გამოაცხადა. სასამართლომ გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში. ​

გორში მცხოვრები 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. რამდენიმე საათში, ბავშვის ცხედარი წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის პირას ნახეს. ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის პარკი ჰქონდა ჩამოცმული.

სამართალდამცველებმა 34 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მოგვიანებით მას ბრალი 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები