ვინ არის სერგეი გავრილოვი და რა ქმედებები აქვს ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ
ვინ არის მსოფლიოში საეკლესიო საკითხებით მანიპულირების ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი, რომელიც დღეს “მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეას” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა. რა საფრთხეს წარმოადგენს რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტი და მიუთითებს თუ არა მიმდინარე მოვლენები ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე.
რუსეთის დუმის დეპუტატისა და საქართველოს გზები 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მაშინ გადაიკვეთა, როცა გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა და სამხედრო მოქმედებებში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. რუსული მედიის ინფორმაციით, ის ხშირად ჩადის ცხელ წერტილებში, საომარი მოქმედებების დროსაც კი და სწორედ ამიტომ, აფხაზეთი მისთვის “სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე საინტერესო ადგილს” წარმოადგენდა.
ამასთან, “კვირას” ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, გავრილოვის ინიციატივით, დე ფაქტო აფხაზეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა ფინანსური დახმარების სახით, რამდენიმე მილიარდი რუსული რუბლი მიიღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ გავრილოვს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი აქვს დარღვეული. ეს კი სსკ-ის 322.2-ე მუხლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ კანონოთ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3-5 წლამდე.
როგორც ცნობილია, გავრილოვი საეკლესიო საკითხებით მანიპულირების ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგია. ის ჯერ კიდევ 2015 წელს რუს ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობდა, რომ საქართველოში რუსეთმა თავისი სტრატეგია საეკლესიო საკითხებზე უნდა ააგოს და რომ რუსეთმა სწორედ საეკლესიო საკითხების მანიპულირებით უნდა გაზარდოს საკუთარი გავლენა საქართველოში. ის ასევე კმაყოფილებას გამოთქვამდა იმაზეც, რომ საქართველოს პარლამენტში ბევრი მეგობარი ჰყავს რუსეთს.
მას არცთუ ისე მეგობრულად დახვდნენ საქართველოში. უკვე მეორე დღეა, როგორც ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრები, ისე ასამბლეაც მოსახლეობისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. დღეს საქართველოს პარლამენტში მომხდარმა ფაქტმა კი ქართული საზოგადოების ისედაც ნეგატიური დამოკიდებულება რუსი დეპუტატის ქვეყანაში ვიზიტის გამო, უფრო მეტად გაამწვავა და მანამდე კეთილგანწყობილი მთავრობაც კი შეაშფოთა.
მართლდება თუ არა რუსეთის საკითხებზე მომუშავე ამერიკელი ექსპერტისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწის – მაიკლ კარპენტერის ვარაუდი?! კარპენტერმა გუშინ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ “საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე აცნობიერებს რუსეთთან ღია პოლიტიკის შედეგებს” და ისინი ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ ოკუპირებულია არა 20%, არამედ 100%.
მარიამ ლაცაბიძე