ნინო წილოსანი: ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დისკუსიის ჩახშობა გახდა
ქვეყნის გარედან თავსმოხვეული პოლარიზაციის და რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვიდრებისთვის, ჩვენი საზოგადოების გაყოფისა და ხელოვნურად დაპირისპირების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი ჯანსაღი დებატებისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დისკუსიის ჩახშობა გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
წილოსანის განცხადებით დებატების არსებობა ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის განსხვავებული პოზიციების ჯანსაღ ფორმატში მოსმენის შესაძლებლობა წაერთმიათ.
„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვრცელი განცხადება გააკეთა, სადაც დეტალურად განმარტა, ვინ იყო ამ ინიციატივის ავტორი, შემსრულებელი და რას ისახავდა მიზნად გეგმა, რომლის განხორციელებაც, უცხო ძალების მორჩილმა კონკრეტულმა სუბიექტებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხეს.
მედიასტანდარტად ლანძღვის შეურაცხყოფისა და სიცრუის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა, დისკუსიისა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მხილებისთვის სივრცის მოსპობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა. – დებატების მოსმენის დროს ხალხს აქვს შესაძლებლობა, ტყუილი და მართალი მარტივად გაარჩიოს, რაც გარე დავალებების შემსრულებელი რადიკალური ოპოზიციისთვის დამღუპველია, შესაბამისად, მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის ჯანსაღი დებატების ფორმატში განსხვავებული პოზიციების მოსმენისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა წაერთმიათ. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, რადგანაც, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მომავალში ნებისმიერი არჩევანი განსხვავებული პოზიციების შეფასებისა და ანალიზის შედეგად გააკეთოს“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.