სასტუმროს, სადაც სერგეი გავრილოვი იმყოფება, აქციის მონაწილეებმა კვერცხები დაუშინეს
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც საქართველოს პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ გადაინაცვლეს.
სასტუმროში სერგეი გავრილოვი იმყოფება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მას მავთულხლართები უნდა გადასცენ.
„ჯგუფმა, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში ჩამოიყვანა, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს. გავრილოვის დაუყოვნებლივ დეპორტაცია უნდა მოხდეს. სადაც ეს ასამბლეა გაიმართება, ყველგან შევუქმნით პრობლემას. თუ გააპარეს, ისევ პარლამენტთან გადავინაცვლებთ. ჩვენ გავრილოვს ვეძებთ და შევეცდებით, „რედისონში“ გავარკვიოთ, სად არის ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი. თუ აქ აღმოჩნდება და არ გააპარეს, საჩუქრად მავთულხლართს გადავცემთ“, – აცხადებს დავით ქაცარავა.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა. სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება. მისი თქმით, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის ერთ-ერთი ქართველი ორგანიზატორი საპარლამენტო უმრაველოსობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი აღმოჩნდა. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ რისკზე უფრო მეტად უნდა ემუშავა.
მანამდე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარლამენტის შესასვლელთან. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობდნენ. მათ ამის საშუალება მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტთან შეხვედრას მოითხოვდნენ, ვინც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო.