დავით სონღულაშვილმა სტამბოლში, პირველადი სურსათის დანაკარგების შემცირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – დავით სონღულაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფორუმის „ნულოვანი ნარჩენი“ ფარგლებში გამართული მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

„თურქეთის რესპუბლიკის პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა უაღრესად მნიშვნელოვანი მინისტერიალი, რომელიც ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკასა და ნარჩენების მდგრად მართვას მიეძღვნა. დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც კლიმატის ცვლილება წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარჩენების სწორ და ეფექტიან მართვას. ნარჩენების მდგრადი მართვა არის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამ საკითხებს დაეთმო მინისტერიალი. განხილული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა, რომლებიც წარმოადგენს გლობალური გამოწვევის დაძლევის პროცესის მნიშვნელოვან ელემენტს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფორუმი „ნულოვანი ნარჩენი“ თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის ხელმძღვანელობითა და პატრონაჟით გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა – იბრაჰიმ იუმაკლიმ გახსნა.

ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე განხილული იყო მოსავლის აღების შემდგომ ეტაპებზე სურსათის დანაკარგების შემცირების პრაქტიკული გზები, მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობები, თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა, ასევე, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების როლს მდგრადი და ეფექტიანი სასურსათო სისტემების ჩამოყალიბებაში.

მინისტერიალის გახსნის ღონისძიებას, დავით სონღულაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე – ზურაბ ეზუგბაია და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – არჩილ კალანდია დაესწრნენ,

ფორუმის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე დელეგაციის 1600 წარმომადგენელი, მათ შორის, პოლიტიკის შემმუშავებლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურები, კერძო სექტორი,აკადემიური წრეები და სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები