ნათია ჯანაშია თანამდებობრივი გავლენის ბოროტად გამოყენებაში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ადანაშაულებს – ბაჩანა ჯინჭარაძე
“ნათია ჯანაშიას მხრიდან სახელმწიფო უწყებების მიმართ უარგუმენტო ბრალდებების წაყენება ორკესტრირებული კამპანიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ ამჯერად დარტყმა დამოუკიდებელ საკონსტიტუციო ორგანოს მიაყენა და ორიოდე დღის წინ უმოქმედობასა და კორუფციულ გარიგებაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა დაადანაშაულა“, – აცხადებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე და ბრიტანულ-ქართული აკადემიის ყოფილი დირექტორისა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისადმი (სუს-ი) მიმართვის ამონარიდს ავრცელებს.
„ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე აპირებენ, მიმართონ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შესაძლო უმოქმედობისა და უფლებამოსილების არასათანადოდ გამოყენების ფაქტებზე. კერძოდ, შესასწავლია, ხომ არ არიდებს თავს ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების შესრულებას, ხომ არ იყენებს იგი საკუთარ თანამდებობრივ გავლენას ბოროტად და ხომ არ აფარებს ხელს მძიმე დანაშაულებში შესაძლო ფიგურანტ პირებს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან საუბარია არა მხოლოდ კერძო დავაზე, არამედ საფინანსო სექტორის, საბანკო ზედამხედველობის, კორპორაციული მმართველობისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების შესაძლო დაზიანებაზე. შესაბამისად, აუცილებელია დადგინდეს, რატომ არ რეაგირებს ეროვნული ბანკი იმ გარემოებებზე, რომლებიც უკავშირდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილ ქართულ ფინანსურ ჯგუფებს, მათ მმართველ პირებს და მათ მიმართ არსებული მძიმე ბრალდებების სისტემურ დაფარვას“, – წერს ნათია ჯანაშია საკუთარ მედია-რესურსზე.
ჯინჭარაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნათია თურნავა მძიმე ძალადობრივ დანაშაულში არაერთხელ დადანაშაულებული ოჯახური წყვილის სამიზნე და შეტევის ობიექტი გახდა. უკვე 2 წელია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას ჯანაშია და ცეცხლაძე აწარმოებენ, რისთვისაც დამოუკიდებელ საკონსტიტუციო ორგანოზე ზეწოლის მოხდენისა და ზეგავლენის მოპოვების დანაშაულებრივ გზებს იყენებენ.
აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აწარმოებს, თუმცა მონიტორინგის სამსახურის კვლევა ნათია ჯანაშიას მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული დავის დასაწყისიდან 2 წლიან პერიოდს მოიცავს. დავა ნათია ჯანაშიამ ინვესტორის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიმართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს, რომელიც 2019-2024 წლებში “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მენეჯმენტში ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის დავით ცეცხლაძის ყოფნის 5 წლიან პერიოდში, 4 მილიონ დოლარზე მეტი რესურსის მიტაცება-გაფლანგვას უკავშირდება.