“გვსურს, გამოვეხმაუროთ ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან” – შსს განცხადებას ავრცელებს
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, თითქოს, გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
“კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გადაცემაში ნახსენები პოლიციის თანამშრომელი, შოთა მარუაშვილი გორში მომხდარი ინციდენტის დროს და არც შემდეგ შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადაცემაში ნახსენები კიდევ ერთი სამართალდამცველი, ბესიკ ქვრივიშვილი ადგილზე გამოცხადდა მომხდარის შემდგომ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიასაშუალებებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ინფორმაციის გავრცელებამდე გადაამოწმონ ფაქტობრივი გარემოებები შესაბამის უწყებაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.