”სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს უხილავი ბრძოლა მსხვილ მოთამაშეებს შორის – ბრძოლა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის”

სომხებისთვის “სიუნიქის გზა”, აზერბაიჯანელებისთვის კი “ზანგეზურის დერეფანი” – რას შეცვლის საქართველოსთვის აზია-ევროპის დამაკავშირებელი ახალი, ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფანი; როგორ იმოქმედებს ახალი სატრანზიტო გზა რეგიონში ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე და დაკარგავს თუ არა საქართველოზე გამავალი დერეფანი ტვირთნაკადს მისი ამოქმედების შემთხვევაში?

დღეს ამ თემაზე როგორც პოლიტიკოსები, ისე პოლიტოლოგები და ექსპერტები აქტიურად საუბრობენ.

მოსაზრებები და პროგნოზები განსხვავებულია, მით უფრო – იმ გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს სახეზე გვაქვს.

როგორც ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე “კვირასთან” საუბრისას აცხადებს, მას არ აქვს მოლოდინი, რომ “ზანგეზურის დერეფანი” იმ სიძლიერით ამუშავდება, როგორც დაგეგმილია.

საინტერესოა,  როგორ შეაფასებთ სომხეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას? 

სომხეთში ისეთივე რთული შიდა პოლიტიკური მდგომარეობაა, როგორც საქართველოში. ქვეყანაში არის სერიოზული დაპირისპირებები ეკლესიასა და ხელისუფლებას, ასევე, საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. ეს ყველაფერი არის საფრთხისშემცველი, რადგან ჩართულები არიან ძალოვანები. ცალკე ფრონტია რუსეთ-სომხეთი. სომხეთი ცდილობს პოლიტიკური სიტუაციების დარეგულირებას, რისთვისაც რეგიონში სჭირდება მოკავშირეები. თურქეთი მოკავშირედ ვერ ეყოლება და ცდილობს მყარი კავშირების გაბმას საქართველოში.

სოციალურ ქსელებში ძალიან აქტუალური გახდა საქართველო-სომხეთის ურთიერთობების განხილვა სომეხი მეცნიერების და ექსპერტების მიერ. ის საზოგადოება აცნობიერებს, რომ საქართველოში აუცილებლად საჭიროა განსაკუთრებული ურთიერთობების შექმნა.

რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს – სომხეთი ცდილობს, „ტრამპის კორიდორის“ ამუშავების კონტექსტში, ჰქონდეს სამარქაფო ურთიერთობები ქვეყნებთან – იგივე ჩინეთი, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე ახლო პარტნიორია.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი რამ – სომხეთის დღის წესრიგიდან კონფრონტაციის რეჟიმი ამოღებულია – ვგულისხმობ სასაზღვრო დავას საქართველოსთან მიმართებით. სომხეთი ცდილობს, ბალანსის პოლიტიკა აწარმოოს რეგიონში. ჩვენთვის იდეალური ვარიანტია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ერთობლივი ეკონომიკური პროექტები შექმნან.

“ზანგეზურის დერეფნის” მშენებლობის პროექტზე ვისაუბროთ – რომელიც შუა დერეფნის ალტერნატივად მოიაზრება, რა ეფექტი ექნება საქართველოზე ამ დერეფნის ამოქმედებას?

ტვირთების გარკვეული რაოდენობა კი გავა ამ კორიდორზე, თუ ამუშავდება, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ისე ამუშავდება, როგორც დაგეგმილია. როგორც დასავლეთისთვის, ისე აზერბაიჯანისთვის ეს ნაკლებად დამაჯერებელია.

რუსეთი ძალიან ააქტიურებს სავაჭრო მოცემულობას ჩრდილოეთიდნ სამხრეთის მიმართულებით. ეს მუშაობს, მაგრამ გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შემდგომ ინდოეთამდე. ინდოეთმა ამ გზის ამუშავებაზე დიდი რესურსი დახარჯა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა მუშაობს, ის გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რუსეთს კი უნდოდა, ტვირთების გადაზიდვა ყოფილიყო დივერსიფიცირებული და, ამისთვის, გეგმავდა, გადაეჭრა ზანგეზურის კორიდორი. რუსეთს ეს არ გამოუვიდა – მისთვის ეს კორიდორი მიუღებელია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეფექტურად ვერ იმუშაოს.

სომხეთში ისეც დგას რუსული ჯარი, რომელსაც გიუმრის ბაზაზე გამალებით შეაქვს სამხედრო საშუალებები, რომელთაც შეუძლია, დააზიანოს მოწინააღმდეგეთა საფრენი საშუალებები. რუსეთი ემზადება კონფრონტაციისთვის სომხეთის ტერიტორიაზე, თუ ის მისი ინტერესები არ იქნება გატარებული.

უნდა ითქვას, რომ, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ამ დერეფნისკენ მიმავალი სარკინიგზო გზების მშენებლობა უკვე დამთავრებულია, დარჩენილია დეტალები. ასევე, მალე დამთავრდება საავტომობილო გზის მშენებლობა. ფაშინიანის განცხადებით, ისინი ზანგეზურის დერეფანში მშენებლობას 2026 წელს დაამთავრებენ.

დერეფანს შეეძლება 15 მლნ ტონა ტვირთის გატარება წლიურად. მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს არის კრიტიკული რაოდენობის ტვირთი. კრიზისის პერიოდში, როდესაც რუსეთს რკინიგზაზე სანქციები დაუწესეს და ჩინური ტვირთები რუსეთის გზით ვეღარ გადიოდა, მაშინ ჩინეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 110 მლნ ტონა ტვირთი იყო დაგროვებული. საშუალოდ, 90-100 მლნ ტონა ტვირთის გადატანას გეგმავს ჩინეთი წლიურად. შუა დერეფნის მეშვეობით. მათ შორის იქნება ზანგეზურის დერეფანიც.

ხშირად გამოითქმის ქართულ საზოგადოებაში ეჭვი იმის თაობაზე, რომ „ჩვენ რა გვეშველება“. ჯერ ერთი, ეს 15 მლნ ტონა ტვირთი ან იქნება ან არა, ამ ყველაფერს ამუშავება და დალაგება უნდა. მე არ მგონია, რომ ამან ხელი შეუშალოს საქართველოს ტრანზიტულ ფუნქციას. ჩვენ იმაზე უნდა ვიდარდოთ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ გაატაროს ამ რაოდენობის ან მეტი ტვირთი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სატარიფო პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი, როგორიც მომხმარებლისთვის იქნება მიმზიდველი. სხვა აქტორების აქტიურობაზე კი არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული ეჭვი, არამედ უფრო წონიანი უნდა გავხადოთ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების გატარება. უნდა ვიმუშაოთ კონკურენციის კონტექსტში.

ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებობს, რომელიც მან ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას გაუჭირვებს. რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება ამ კორიდორის ისეთ მუშაობას, რომელიც მის ინტერესებს შელახავს.

თქვენი აზრით, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს მომდევნო ერთ-ორ წელში ქართულ-სომხურ ურთიერთობებში?

ფაშინიანის ხელისუფლების პირობებში, საქართველოსთან დაახლოების პროცესი გაგრძელდება. თუმცა, მომავალი არჩევნების შედეგებზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ამ არჩევნების ერევანს ეშინია, რადგან დღეს ფაშინიანის რეიტინგი დაბალია.

რა გავლენას მოახდენს სომხეთის დასავლური კურსი საქართველოზე აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობის კონტექსტში?

ვითარება ძალიან ცვალებადია, ამიტომ, პროგნოზების გაკეთება რთულია. დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებაში არ არის ისეთი მშვიდი ვითარება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მან ისრაელს, თურქეთს ანგარიში უნდა გაუწიოს. ასევე, უნდა ახსოვდეს, როგორ უყურებს რუსეთი, აკვირდება დიდი ბრიტანეთი. ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უწევს სიტუაციის დალაგება.

დღეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარეობს უხილავი ბრძოლა მსხვილ მოთამაშეებს შორის, რასაც ემატება აშშ და ევროკავშირის რიგი ქვეყნები. ემატება რუსეთი, ჩინეთი და აღარაფერს ვამბობ სამხრეთ ქვეყნებზე. მიმდინარეობს ბრძოლა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის.

როგორც ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს,  იმ რთულ პირობებში, რომელშიც ხელისუფლება იმყოფება დასავლეთის მხრიდან ხელოვნური იზოლაციის გამო, მეზობელ ქვეყნებთან მაღალი დონის ურთიერთობები შენარჩუნებულია და ვითარდება.

მისივე განმარტებით, ნიშანდობლივია სომხური მხარის პოზიცია, რომ საქართველოსთან სატრანსპორტო თანამშრომლობისთვის არანაირი დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს.

დღეს სომხეთის მკვეთრად დასავლური საგარეო კურსი და რუსეთისგან დისტანცირება რამდენად ცვლის სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების ლოგიკას?

სომხეთის პროდასავლური კურსი კონკრეტული გარემოებებით არის გამოწვეული. რუსეთი რომ მას ყარაბაღის შენარჩუნებაში დახმარებოდა, სომხეთი დასავლეთისკენ არც გაიხედავდა. სომხეთის პროდასავლურმა კურსმა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არ მგონია, ფუნდამენტური ზეგავლენა იქონიოს ან ამ ურთიერთობების ლოგიკა სერიოზულად შეცვალოს, თვალსაწიერ მომავალში მაინც. თუმცა, თუკი დასავლეთი მოინდომებს, სომხეთი გამოიყენოს საქართველოში სიტუაციის ასარევად ხელისუფლების შეცვლის მიზნით, მაშინ ორმხრივი ურთიერთობები შესაძლოა, გართულდეს.

სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის დე ფაქტო დატოვებამ და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებამ საქართველოსთან თანამშრომლობაზე რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს?

სომხეთის მიერ ОДКБ-ს დატოვება საქართველოსთან თანამშრომლობაზე გავლენას ვერ მოახდენს, პირიქით – შესაძლოა, ამან ახალ რეგიონულ თანამშრომლობას ჩაუყაროს საფუძველი, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხით.

სომხეთის ევროინტეგრაციის გაღრმავებით არ მგონია, თბილისის და ერევნის თანამშრომლობას ამ ეტაპზე ზიანი მიადგეს, რადგანაც სომხეთის ევროინტეგრაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და მასზე ზეგავლენა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება – მოახდინოს, მათ შორის, უკრაინაში ომის შედეგებმა და ევროპის და რეგიონის უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ. ეს პროცესი შეიძლება, შენელდეს ან დაჩქარდეს. არ მგონია, რომ სომხეთი საქართველოსთან ურთიერთობებს ევროინტეგრაციას შესწირავს. ისე, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ეს მათი მხრიდან ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნებოდა.

რა გავლენას მოახდენს სომხეთის დასავლური კურსი საქართველოზე აზერბაიჯანსა და თურქეთთან ურთიერთობის კონტექსტში?

თუ საქართველოსა და დასავლეთს შორის ამჟამინდელი ცივი ურთიერთობა დათბა, ხოლო აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობები დასავლეთთან შენარჩუნდა იმ დონეზე, როგორიც ახლა არის, მაშინ ვფიქრობ, სომხეთის დასავლური კურსი მხოლოდ დადებით ზეგავლენას იქონიებს ამ ქვეყნებთან ურთიერთობებზე.

როგორ შეიძლება, საქართველომ და სომხეთმა გააძლიერონ რეგიონული სატრანზიტო როლი და რამდენად უკავშირდება ეს ფართო სატრანსპორტო პროექტებს?

ეს საკმაოდ ფართო თემაა. თუ „ტრამპის დერეფანი“ ამოქმედდა, ამას კი დრო სჭირდება, სომხეთი გახდება ახალი სატრანზიტო ქვეყანა რეგიონში, რასაც ექნება თავის ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები. საქართველოსთვის, რომლისთვისაც სომხური სატრანზიტო მარშრუტი კონკურენტად მიიჩნევა, შესაძლოა, გაიხსნას შესაძლებლობა, რომ კონკურენციის ნაცვლად „კომპლემენტარობის“ პრინციპი აამუშავოს და ფართო სატრანზიტო პროექტებში ადეკვატურად და მომგებიანად ჩაერთოს.

“ზანგეზურის დერეფნის” მშენებლობის პროექტსაც რომ შევეხოთ – თქვენი შეფასებით, ეფექტი ექნება საქართველოზე ამ დერეფნის ამოქმედებას?

“ზანგეზურის დერეფანი” ამოქმედდება მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ, ეს კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დერეფნის ბოლომდე გამართვას საკმაო დრო დასჭირდება. “ზანგეზურის დერეფანი” შესაძლოა, გახდეს შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი, თუ ამაზე დაინტერესებული მხარეები შეთანხმდებიან და შესაბამისი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კონიუნქტურა დადგა. თუმცა, არის ალტერნატიული რეალობაც, რომ ის შუა დერეფნის და იქ საქართველოს მარშრუტის კონკურენტი გახდეს. ამავე დროს, შესაძლებელია შედარებით ოპტიმისტური ვარიანტი, რომ “ზანგეზურის დერეფნით” ტვირთების ტრანსპორტირება გადანაწილდეს საქართველოს და სომხეთს შორის და ეს გახდეს სტიმული, რომ საქართველომ უფრო მეტად და სწრაფად განავითაროს სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, შემოიღოს უფრო მოქნილი და კონკურენტული ტარიფები და ა.შ. ცნობილი გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, „რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე საქართველოში სომხეთის პოლიტიკური ლიდერების გააქტიურებულ ვიზიტს აფასებს. როგორც ის აცხადებს, ეს შეხვედრები საყურადღებოა და მიუთითებს დიდ მნიშვნელობაზე როგორც პოლიტიკური, ისე – სავაჭრო ეკონომიკური კუთხით.

ამასთან, ექსპერტი განმარტავს, რომ რეგიონს აქვს ახალი პერსპექტივები – მეტი დინამიკა შეიძინოს ინტეგრაციამ – სამმხრივმა, ერთობლივმა ინტეგრაციამ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით.

რა მიმართულებით შეიძლება, საქართველომ და სომხეთმა გააძლიერონ თანამშრომლობა?

ჩვენ შეგვიძლია სომხეთთან ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობა. მაგალითად, სომხეთი მიიჩნევა ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკას. ამ მხრივაც, შეგვიძლია რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობა – მაგალითად, შესაძლოა, რომ ინდური ტვირთების ნაწილი საქართველოს გავლით შემოვიდეს.

“ზანგეზურის დერეფნის” მშენებლობის პროექტზეც რომ ვისაუბროთ, რომელიც შუა დერეფნის ალტერნატივად მოიაზრება.

“ზანგეზური” ვერაფრით იქნება შუა დერეფნის ალტერნატივა, რომელიც საქართველოზე გადის – შუა დერეფანზე გადის ენერგეტიკული მარშრუტები. ის არ არის მხოლოდ სახმელეთო, არამედ – საჰაეროც და სახმელეთოც.

ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა ანაკლიის პროექტი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ნაწილში იგივე სომხეთი იქნება დაინტერესებული – რადგან გულისხმობს მის უფრო აქტიურ ჩართვას შუა დერეფანში. ეს უკანასკნელი ძირითადად იყო საქართველო-თურქეთ-აზერბაიჯანის პროექტი.

რაც უფრო დიდი ინტეგრაცია იქნება რეგიონში საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, ეს უფრო მომგებიანი იქნება ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს დიდი პერსპექტივა. როგორც აღვნიშნე, ანაკლიის პროექტი არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომელსაც ექნება მრავალმხრივი ეფექტი.

საქართველოში ჩატარებულ შეხვედრებზე ხაზი ახალი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსაც გაესვა – უფრო პერსპექტიულად რა ინვესტიციების მიმართულებებს ხედავთ?

ორმხრივი ურთიერთობა არის სხვა და მრავალმხრივი – კიდევ უკეთესი. ამიერკავკასია უკვე ერთიან ბაზრად განიხილება. ბალტიისპირეთის ქვეყნები რომ განვიხილოთ – ტურისტი მოგზაურობს არა ერთ, არამედ სამივე ქვეყანაში. ამიტომ არის სომხეთიც დაინტერესებული. სივრცე გაიხსნება და სამივე მხარე იქნება მოგებული. ეს არის პერსპექტივა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები