დაიბადა გურჯაანში. ბავშვობიდან ხატავს, თავიდან ეს უბრალოდ ჰობი ეგონა, მაგრამ რამდენიმე წელია ინტენსიურად ხატავს. როგორც ამბობს, საკუთარი თავი იპოვა.
კუბიზმი განსაკუთრებით იზიდავს, თუმცა მხოლოდ ამ მიმართულებით არ მუშაობს. უყვარს სხვადასხვა ტექნიკისა და სტილის მოსინჯვა, რაც თითოეულ ნამუშევარს განსხვავებულ ხასიათს აძლევს. „სამომავლოდ კი ვგეგმავ გამოფენებში აქტიურ მონაწილეობას და ჩემი ნამუშევრების წარდგენას ფართო აუდიტორიისთვის“. – მხატვრისა და ვიზაჟისტის, სოფიო მიტიჩაშვილის პერსონა.
– დავამთავრე გურჯაანი N1 საჯარო სკოლა. ბავშვობა სითბოსთან, მეგობრებთან და უამრავ ლამაზ მოგონებასთან ასოცირდება. სკოლაში ხატვასთან ერთად ძალიან მიყვარდა პროექტების გაფორმება. როცა რაიმე ღონისძიება ან დავალება იყო, ხშირად დიზაინის ნაწილი მე მებარებოდა. ახლა რომ ვიხსენებ, სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი განსაკუთრებული ურთიერთობა ფერებთან, ფორმებთან და შემოქმედებასთან.
– ხატვას მოგვიანებით ისევ დაუბრუნდით…
– ეს ეტაპობრივად მოხდა, თავიდან უბრალოდ ვხატავდი ორნამენტებს, pinterest-დან გადმომქონდა ასლები, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს უკვე უფრო სერიოზული ინტერესი იყო ჩემთვის. დავიწყე შეგნებულად ჩემს თავზე და გონებაში მუშაობა, ტექნიკის განვითარება და სხვადასხვა სტილის ცდა. ამ პროცესში განსაკუთრებით გამიტაცა აბსტრაქციამ და კუბიზმმა, სადაც ყველაზე თავისუფლად გამოვხატავდი საკუთარ თავს.
– გაქვთ გვერდი: სოფოსფერი•Sophospheri.
– „სოფოსფერი“ ჩემი სახელისა და ფერების სიყვარულის გაერთიანებაა. ჩემს ნამუშევრებში ფერს განსაკუთრებული როლი აქვს,ხშირად ის უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ფორმა ან სიუჟეტი. ამიტომ მინდოდა გვერდის სახელშიც ასახულიყო ის, რაც ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
– კუბიზმი განსაკუთრებით გიზიდავთ….
– კუბიზმი მიზიდავს, რადგან მასში წესრიგი და თავისუფლება ერთდროულად არსებობს. ერთი შეხედვით ყველაფერი გეომეტრიულია, მაგრამ ამავე დროს უსაზღვრო შესაძლებლობას გაძლევს, საკუთარი ხედვა გამოხატო. სწორედ ეს ბალანსი მხიბლავს ყველაზე მეტად.
– თქვენი ნამუშევრები ფილოსოფიურია, საინტერესო სათაურებით: „მარაოს მიღმა“, „ნიღაბი“, „ხედვათა გადაკვეთა“, „ანარეკლი“, „სულის აფეთქება“, „ხმაურიანი სიჩუმე“, „კოსმიური კავშირი“, „მრავალხმიანი მზერა“, „ჰარმონია ქაოსში“… ჯერ იდეა, სათაური ჩნდება და მერე ფორმას იღებს თუ პირიქით, ხატვის პროცესში ყალიბდება, რისი თქმაც გინდათ?
– უმეტეს შემთხვევაში სათაურს წინასწარ არ ვგეგმავ. ვცდილობ, ნამუშევარმა თავად მიკარნახოს. როდესაც დასრულებულ ტილოს ვუყურებ, ხშირად იმაზე მეტს ვხედავ, ვიდრე თავიდან მქონდა ჩაფიქრებული და სათაურიც სწორედ ამ აღმოჩენიდან იბადება.
– საინტერესო ამბავი.
– მახსოვს ერთი ნამუშევარი, რომელიც თავიდან საერთოდ სხვა იდეით დავიწყე. პროცესში იმდენჯერ შეიცვალა, რომ საბოლოოდ საწყის ჩანაფიქრს თითქმის აღარ ჰგავდა. საინტერესო ის იყო, რომ რაც უფრო ვშორდებოდი თავდაპირველ გეგმას, მით უფრო ახლოს მივდიოდი იმ შედეგთან, რომელიც მართლა მომწონდა.
– ხატვის პარალელურად ვიზაჟისტი ხართ…
– ორივე სფეროში შემოქმედებითი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია. მართალია, ამ ეტაპზე ვიზაჟის მიმართულებით მცირე პაუზა მაქვს, თუმცა ეს პროფესია ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და მომავალში აუცილებლად ვაპირებ აქტიურად დაბრუნებას.
ვფიქრობ, ორივე საქმე ერთმანეთს ავსებს, ერთშიც და მეორეშიც ფერებთან, ფორმებთან და ესთეტიკასთან მუშაობა გიწევს. უბრალოდ, სხვადასხვა პერიოდში ერთს უფრო მეტი დრო ეთმობა, მეორეს – ნაკლები. ახლა ჩემთვის მთავარი ხატვაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე ვიზაჟსაც იმავე ენერგიით დავუბრუნდები.
– ხატვა თქვენთვის არის…
– ხატვა ჩემთვის თვითგამოხატვის ყველაზე ბუნებრივი ფორმაა. ეს არის პროცესი, სადაც ფერებითა და ფორმებით ვამბობ იმას, რასაც სიტყვებით ხშირად ვერ ვხსნი. ხატვის დროს ვწყდები ყოველდღიურობას და უფრო შინაგან სამყაროს ვუსმენ – ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი.
– ოჯახი…
– ოჯახი მთავარი საყრდენი და ყველაზე დიდი სიმშვიდის წყაროა. განსაკუთრებით დიდი ადგილი აქვს ჩემს მეუღლესაც – ის ჩემი მხარდაჭერა და სტიმულია, ვინც ყოველთვის გვერდით მიდგას და მაძლიერებს. ეს ძალიან მეხმარება, რომ უფრო თავდაჯერებულად ვაკეთო ჩემი საქმე და შემოქმედებაში თავისუფლად ვიმუშაო.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ასევე ძალიან მიყვარს მუსიკის მოსმენა – ხშირად შთაგონებას აქედან ვიღებ.


თამარ შაიშმელაშვილი