რატომ არის “ნაცმოძრაობისთვის” გიორგი გახარია ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე

გაზეთ „ვერსიაში“ ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის ინტერვიუ დაიბეჭდა, რომელიც შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მთავარ ფაქტორებზე საუბრობს. ანალიტიკოსმა განსაკუთრებით გამოჰყო ზუგდიდის არჩევნები, სადაც, მისი განცხადებით, გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიუძღვის. ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ახლა “ნაციონალური მოძრაობის” მთელი პოლიტტექნოლოგიური რესურსი გიორგი გახარიას დისკრედიტაციაზე მუშაობს, რადგან სწორედ მასში ხედავენ მთავარ საფრთხეს.
„ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში სიტუაციის მაქსიმალური ესკალაციის მიმართულებით აქტიურად მუშაობდა, შესაბამისად, ამ გამარჯვებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის შსს-სა და გიორგი გახარიას, რომელმაც დროულად გაანეიტრალა შესაძლო არეულობის შექმნის მცდელობები, რამაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მოუტანა. რა თქმა უნდა, მას, როგორც ყველა პოლიტიკოსს, აქვს თავისი მოწყვლადი წერტილებიც, მაგრამ რაოდენობრივად და თვისობრივადაც მისი ძლიერი მხარეები მოწყვლად მხარეებს აშკარად ჭარბობს.
“ნაცმოძრაობისა“ და მასთან ღიად თუ ფარულად აფილირებული მედიასაშუალებების სტრატეგია და ტაქტიკა პოლიტექნოლოგიური მეთოდებით მოსახლეობაში ისეთი განცდის შექმნაა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სახელმწიფო ინსტიტუტები და მათ შორის პოლიცია დასუსტდა და ჩამოიშალა, რაც, რა თქმა უნდა, შორს არის სინამდვილისგან. პრობლემები, შესაძლოა, ყველა უწყებაში იყოს და ნებისმიერი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებში შეიძლება ხარვეზების აღმოჩენა. მთავარია, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად მუშაობა მიდის და საჭიროა, მოსახლეობას ეს კარგად დაანახონ. აი, ამ კუთხით ნამდვილად არის გარკვეული პრობლემები. შსს იმიტომაც არის გადაქცეული დარტყმის მთავარ სამიზნედ, რომ მას ხელმძღვანელობს გახარია, რომლის პოლიტიკურ დისკრედიტაციაზეც მუშაობს დღეს “ნაცმოძრაობის” მთელი პოლიტტექნოლოგიური რესურსი, რადგანაც მასში მათთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ხედავენ”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

წყარო: “ვერსია”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები