იოსებ გოგაშვილი: შვილმკვდარი მამა ვარ და ჩემი ბიჭი საკუთარი ხელით დავასაფლავე, მაგრამ იმ ექიმებზე შური არ მიძიებია

0

„მეც შვილმკვდარი მამა ვარ და ჩემი პატარა ბიჭი საკუთარი ხელით დავასაფლავე, ექიმებმა მომიკლეს და ბაბუს გულზე დავკრძალე, მაგრამ იმ ექიმებზე შური არ მიძიებია“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
იოსებ გოგაშვილი ამავე ინტერვიუში მისი ოჯახის წევრების მიმართ სავარაუდო ტერაქტის მოწყობას ეხმაურება, რომელსაც, სუს-ის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი აპირებდა.
„თანასოფლელებისგან ვიცი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი და მისი თანმხლები პირები მაჩხაანში ჩემი სახლის ახლომახლოც გაჩერდნენ და იქაურობას ზვერავდნენ. როგორც ჩანს, ჩემი სახლიც ერთ-ერთი სამიზნე იყო და თუ ჩანაფიქრს სასაფლაოზე ვერ განახორციელებდნენ, ეცდებოდნენ, სახლში ამოვეწყვიტეთ“, – აცხადებს იოსებ გოგაშვილი.
გოგაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას იგი თავად არ ესწრებოდა.
მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკუთარი შვილი მაშინ დაღუპა, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილის პირად ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ირიცხებოდა და მამამ მის ქმედებას ხელი არ შეუშალა.


„ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისა და თემირლან მაჩალიკაშვილის თემას “ნაცმოძრაობა” ისე „მოაჯდა“ და ისე იყენებენ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, 2017 წელსაც ახმედ ჩატაევი თბილისში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა. არ დაგავიწყდეთ, რომ “ნაცმოძრაობა” ტერაქტებს ხელოვნურად დგამდა, რისი მაგალითიც ცნობილია ხურჩის ტერაქტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩვენსავე მოქალაქეებს მოუწყო. იგი ყველანაირ პროვოკაციასა და არეულობაზე წავა, ოღონდაც ხელისუფლებაში დაბრუნდეს და პოლიტიკურ ოპონენტებზე შური იძიოს. ჩემი ღრმა რწმენით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა კარგად იცოდა, რომ მისი შვილი ჩატაევსა და მის დაჯგუფებასთან იყო კავშირში. პანკისში ჩატარებული სპეოპერაციის დროს მალხაზ მაჩალიკაშვილის სახლიდან დიდი ოდენობით თანხა ამოვიღეთ, რომელიც. დიდი ალბათობით, ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. როგორც მახსოვს, ეს იყო 23 ათასი ლარი. ამ თანხის წარმომავლობას მალხაზ მაჩალიკაშვილი ვერანაირად ასაბუთებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ უცხოეთიდან ნათესავებმა გადმოურიცხეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი თავიდანვე იმასაც აცხადებდა, რომ ჩატაევთან არავითარი შეხება ჰქონდა, თუმცა მისი მეუღლე და ჩატაევის მეუღლე ბიძაშვილები არიან და ოჯახებით ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. საკუთარი შვილი სწორედ მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაღუპა, როცა იგი ჩატაევის დაჯგუფების წევრებს გააცნო. მას თავისი შვილისთვის ყველანაირად ხელი უნდა შეეშალა ტერორისტებთან ურთიერთობაში და დღეს თემირლანი ცოცხალი იქნებოდა. თემირლან მაჩალიკაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ ემისრებმა და რეკრუტირებმა გადაიბირეს, თანაც იდეოლოგიურად ისე მოწამლეს, რომ შაჰიდობისთვის იყო მზად. ამას ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიც ადასტურებს. როცა თემირლანი მეგობარ გოგონას სწერდა, რომ თბილისში, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“ თავის აფეთქებას აპირებდა. ჩვენ მტკიცებულებად ამოვიღეთ თემირლან მაჩალიკაშვილისა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ადამიანების მიერ დახურულ ჯგუფში ერთმანეთისთვის გაგზავნილი ფოტოები, რომლებზეც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სიკვდილით დასჯილი მძევლები იყვნენ აღბეჭდილი. დიახ, ისინი ამ ფოტოებს ერთმანეთს აჩვენებდნენ და ამაყობდნენ, რომ მათმა ძმებმა ადამიანებს თავები დააჭრეს. მოკლედ, „ისლამური სახელმწიფოს“ სრულფასოვანი წევრები იყვნენ“, – აცხადებს იოსებ გოგაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მას რამდენიმე წლის წინ ექიმების დაუდევრობით შვილი მოუკლეს, მაგრამ, როგორც გოგაშვილი აცხადებს, მას ექიმების მიმართ შურისძიება აზრადაც არ მოსვლია.

კომენტარები

კომენტარი