კვატიაში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ დიმიტრაძე სოფელ კვატიას ესტუმრნენ.
„მუნიციპალიტეტის ხელმძღანელმა პირებმა კვატია-ბარდნალის საავტომობილო გზის 0,25 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისა და ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებს შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ ასრულებს, პროექტის ღირებულება კი 798900 ლარს შეადგენს“, – აცხადებენ ხულოს მერიაში.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისათვის, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია გათვალისწინებული. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 7 კმ-მდე სიგრძის საავტომობილო გზაზე, დაიგება 29 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი, აშენდება ერთი ახალი ხიდი და 42 ხელოვნური ნაგებობა.