„სასწაული ანდებში“ – როგორ გადაარჩინეს მკვდრებმა ცოცხლები

ეს 1972  წელს მოხდა. ურუგვაელი მორაგბეების ახალგაზრდული გუნდი, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად, ჩილეში მიფრინავდა.  ეკიპაჟთან ერთად, ბორტზე 45 ადამიანი იმყოფებოდა. იმისთვის, რომ პატარა თვითმფრინავი ურუგვაიდან ჩილეში ჩაფრინდეს, ჯერ არგენტინის სამხრეთით ფრენაა საჭირო. მოკლედ, ჯერ ანდებს სამხრეთით უნდა შემოუფრინო, შემდეგ კი, ჩრდილოეთის მიმართულება აიღო, ვინაიდან პირდაპირ მთებზე გადაფრენა უსაფრთხო არ გახლავთ. თუმცა, პილოტმა პირდაპირ ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი, თვითმფრინავი მთის წვერს შეეჯახა და ნაწილებად დაიშალა. ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა 12 ადამიანი, ხოლო 5 უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა, თუმცა მეორე დღეს ისინიც დაღუპულები იპოვეს.

ტემპერატურა -30 გრადუსი იყო. სპორტული გუნდის კაპიტანი ნანდო პარადო, რომელიც გარდაცვლილებთან ერთად თოვლში ჩააწვინეს, ათობით საათის შემდეგ გამოფხიზლდა. ექიმების თქმით, მამაკაცი იმის გამო გადარჩა, რომ სხვებმა ის გარდაცვლილად ჩათვალეს და სიცივეში ამყოფეს. ასეთმა კრიოთერაპიამ ორგანიზმში ყველა პროცესი შეაჩერა, მათ შორის, ტვინში სისხლის ჩაქცევა, რომელიც თავის დარტყმის შედეგად განვითარდა და კომა გამოიწვია. სისხლჩაქცევა შეჩერდა, ხოლო ტვინმა აღდგენა მოახერხა.

თვითმფრინავით, ნანდოსთან ერთად, მისი დედა და უმცროსი და მიფრინავდნენ. დედა დაიღუპა, ხოლო და მძიმედ დაშავდა და გონს არ მოდიოდა. ნანდო დასთან მიღოღდა, ჩაეხუტა მას და ხელში მანამ ეჭირა,  სანამ არ გარდაიცვლებოდა – ოთხი ღამე და სამი დღე.

ადამიანები საკვების, თავშესაფრისა და თბილი ნივთების გარეშე, სრულიად ცარიელ ადგილას, 3600 მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდნენ. თითქოს, ერთი უბედურება საკმარისი არ იყო, ორი კვირის შემდეგ გადარჩენილებს  ზვავმა გადაუარა, რომელმაც კიდევ 8 მგზავრი იმსხვერპლა. სამი დღე-ღამის განმავლობაში, ცოცხლები, გარდაცვლილებთან ერთად, თოვლმა თვითმფრინავის ნანგრევებს შორის მოამწყვდია. ჭრილობებისა და ყინვის გამო, მომდევნო დღეებში კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.

45 მგზავრიდან მხოლოდ 16 გადარჩა. ავიაკატასტროფიდან 11 დღის შემდეგ გადარჩენილებმა რადიოს მეშვეობით შეიტყვეს, რომ მათი ძებნა შეწყდა და ყველანი გარდაცვლილებად გამოაცხადეს. საქმე ის იყო, რომ ეს თვითმფრინავი თეთრი ფერის გახლდათ და თოვლიან ზედაპირზე იკარგებოდა.

წყალი საკმაოდ ბევრი ჰქონდათ – თოვლს თვითმფრინავის ნაწილებზე ალღობდნენ და ბოთლებში ასხამდნენ, შემდეგ კი, ტანსაცმლის ქვეშ ინახავდნენ, რათა არ გაყინულიყო. საკვები საერთოდ არ ჰქონდათ.

იქიდან გამომდინარე, რომ დახმარების მოლოდინიც არ არსებობდა, ცოცხლებმა გადაწყვიტეს, გარდაცვლილები ეჭამათ. ეს ადვილი არავისთვის ყოფილა. გადარჩენილები კათოლიკეები იყვნენ. გარდა ამისა, დაღუპულების უმრავლესობა ვიღაცის ნათესავი და ახლობელი იყო. სავარაუდოდ, ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ პირველად მათთვის უცნობი და თანაც, ავიაკატასტროფაში დამნაშავე პილოტი ეჭამათ.

მიუხედავად გარდაცვლილების არსებობისა, საკვების ეს წყაროც ამოწურვადი იყო. ნანდო პარადომ, რობერტ კანესმა, ნუმა ტურატიმ და ანტონიო ვისინტინმა გადაწყვიტეს, დასავლეთით წასულიყვნენ, იქნებ, ჩილეს მწვანე ფერდობებამდე მიეღწიათ.

18 წლის კანესი დიდხანს ყოყმანობდა ბანაკიდან გასვლაზე და სხვებსაც სთავაზობდა, ზამთრის დასრულებას დალოდებოდნენ, მაგრამ მათ წასვლა უნდოდათ. მსვლელობა წარმატებით დაიწყო, ე.წ. ექსპედიციის წევრები შემთხვევით გადაეყარნენ თვითმფრინავის მოწყვეტილ კუდს, სადაც მგზავრების ბარგი იყო მოთავსებული. ჩემოდნებში იპოვეს შოკოლადი, სიგარეტი, სუფთა ტანსაცმელი… გარდა ამისა, იქ აღმოჩნდა დატენილი აკუმულატორები.

მეორე ღამეს ამინდი მკვეთრად გაუარესდა და ბანაკიდან გასულები კინაღამ გაიყინნენ. ცხადი გახდა, რომ ასე ადვილად მთებიდან ვერ გავიდოდნენ. გადაწყვიტეს, უკან დაბრუნებულიყვნენ და თვითმფრინავის კუდში მოპოვებული ნაჭრებისგან საძილე ტომრები შეეკერათ. აკუმულატორები არ გამოადგათ. თავდაპირველად, მათი გამოყენება საგანგაშო სიგნალის გადასაცემად სურდათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

მოგვიანებით, სამი მამაცი ადამიანი კლავ მწვანე ფერდობის მოსაძებნად წავიდა. მესამე დღეს ისინი მიხვდნენ, რომ ძალიან გრძელი გზის გავლა მოუწევდათ, ამიტომ პარადომ და კანესმა ვისინტინი უკან, ბანაკში გაგზავნეს, ადამიანის ხორცის ნარჩენები გამოართვეს და გზა განაგრძეს.

ძალიან მალე ხორცი გალღვა და ხრწნა დაიწყო. რობერტო დიზენტერიით დაავადდა და ნანდოს ის, თითქმის, მთელი გზა ზურგით მიჰყავდა. მეცხრე დღეს რობერტომ მდინარის მეორე ნაპირზე, რომლამდეც მათ გაჭირვებით მიაღწიეს, ცხენზე ამხედრებული კაცი დაინახა. დილით მხედარმაც დაინახა ისინი, მაგრამ თვალებს არ უჯერებდა. მას ვერ წარმოედგინა, რომ ასეთ ადგილზე ნახევრად გაყინული და საშინლად გამხდარი ორი ადამიანი შეიძლებოდა, ენახა.

მთის მდინარე საშინლად ხმაურობდა. ნანდოს და რობერტოს მხედრის ხმა არ ესმოდათ, თუმცა უცნობი გონიერი აღმოჩნდა. მან მეორე მხარეს ფურცლის ნაგლეჯი და ნაკვერჩხალი გადააგდო. ნანდომ ფურცელზე მათი ისტორია დაწერა და შველა ითხოვა. მხედარი მაშველების დასაძახებლად წავიდა, მაგრამ მანამდე ნანდოს და რობერტოს თავისი პური და ყველა გადაუგდო.

ავიაკატასტროფიდან 71  დღე გავიდა. მომდევნო დღეს მხედარი დახმარებასთან ერთად დაბრუნდა. რობერტო საავადმყოფოში გაგზავნეს, ხოლო ნანდო, მაშველებთან ერთად, ვერტმფრენით, ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან დაბრუნდა. ცუდი ამინდის გამო, იმ დღეს – 22 დეკემბერს – მხოლოდ მგზავრების ნახევრის გამოყვანა მოხერხდა, დანარჩენებს პროდუქტი და წყალი დაუტოვეს. მომდევნო დღეს ყველა წამოიყვანეს.

გადარჩენილებს დიდი ხნის რეაბილიტაცია დასჭირდათ. 28 დეკემბერს გადარჩენილებმა დიდი პრესკონფერენცია გამართეს. მას შემდეგ ისტორიამ შესაფერისი დასახელებაც მიიღო – „სასწაული ანდებში“. ნანდო პარადომ, მწერალ პირს პოლ რიდთან თანამშრომლობით, გამოსცა წიგნი, რომელიც ბესტსელერი გახდა. 1993 წელს ეკრანებზე გამოჩნდა ფილმი „ცოცხლები“, რომელიც ანდებში მომხდარ სასწაულზე ჰყვებოდა.

ნანდო პარადო

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები